გულახდილი საუბრები

როდის ჩნდება წყვილის ურთიერთობაში ბზარი და ვინ უშლის ზოგჯერ ხელს მამაკაცს ოჯახში ურთიერთობის დალაგებაში

№7

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 24.02, 2023 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ბევრი იწერება ქალთა მიმართ ძალადობაზე. ლამის ყოველი სამი ქალიდან ერთი ქმრისგან დაჩაგვრაზე საუბრობს. როგორი საზოგადოება მივიღეთ და რა იქნება ხვალ, თუკი მსგავსი შემთხვევები გახშირდა და სათანადო რეაგირება არ იქნება? ბევრი მამაკაცი დღესაც ფიქრობს, რომ ცოლი ქმრის საკუთრებაა და ოჯახში ხელჩართული ჩხუბის დროს არავინ უნდა ჩაერიოს. რომ ქალმა თუ უღალატა, ქმარს უფლება აქვს მოკლას ან დაასახიჩროს ის. თუმცა, მხოლოდ ქალებზე არ ძალადობენ. ბევრი მამაკაცია ქალისგან დაჩაგრული და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ზოგჯერ მამაკაცებიც ტირიან.

არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც არ უყვართ კონფლიქტი და პრეტენზიულ ცოლებს ბევრ რამეს უთმობენ. თუმცა როცა მოთხოვნები საზღვარს სცდება და მოთმინების ფიალა ივსება, სიტუაცია მწვავდება, ოჯახი ბრძოლის ველს ემსგავსება. ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ არ შეიძლება, ყოველთვის მართალი იყოს და რომ ზოგჯერ მამაკაცსაც აქვს სათუთი ემოციები.

გიო (37 წლის): ალბათ, გიკვირთ, მამაკაცმა რომ ამ თემაზე დავიწყე საუბარი. ჩვენი ურთიერთობა ისე დაიწყო, როგორც იწყება ხოლმე ორი შეყვარებული ადამიანის ცხოვრება: აღტაცებით, სითბოთი და ერთმანეთზე ზრუნვით. ორივე ბედნიერი ვიყავით. მაგრამ გავიდა, სულ რაღაც, 7 თვე და დაიწყო უსიამოვნება. ჩვენს ურთიერთობაში ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა „საყვარელი“ სიდედრი გააქტიურდა. ჩემი მეუღლის დედა განებივრებული ქალბატონია, რასაც ქმრისგან მოითხოვდა, ყველაფერს იღებდა და მიაჩნია, რომ მუდამ მისი სიტყვა უნდა შესრულდეს. ერჩივნა, უფრო შეძლებული სიძე ჰყოლოდა, მაგრამ მე შევრჩი ხელში – „საშუალო“ გარეგნობით და „საშუალო“ შესაძლებლობებით. ამიტომ, მიზნად დაისახა, „დაბრმავებული“ შვილის „გამოფხიზლება“ და ჩემს ცოლს რჩევა-დარიგებას არ აკლებდა. ამბობდა, დედა ვარ და განვიცდი, ასეთმა უგერგილომ როგორ უნდა არჩინოს ოჯახიო. მალე ბავშვიც გაჩნდება და უფრო მეტი დაგჭირდებათ, შენი ქმარი და მისიანები კი რისი გამკეთებელი არიანო. შენნაირი გოგო შეუვიდათ ოჯახში რძლად და თავს უნდა გევლებოდნენო. ხმა ამოიღე და აგრძნობინე ქმრის ოჯახს, რომ დებილი არა ხარო.

– თქვენი მეუღლეც უსმენდა და უჯერებდა?

– თავიდან არა, მერე ამოიღო ხმა. ჯერ მე წამომიყენა პრეტენზიები, მერე კი – დედაჩემს და მამაჩემს. ხელმოკლედ ნამდვილად არ ვცხოვრობთ, უბრალოდ, ჩემი ოჯახის წევრებს სხვა ღირებულებები გვაქვს. სამკაულებსა და ჩაცმა-დახურვაზე არ ვართ გაგიჟებული. ჩვენთვის განათლება და წიგნიერება უფრო მნიშვნელოვანია. როცა ჩემმა ცოლმა თავისი პრეტენზიები გააჟღერა, არავის არაფერი უთქვამს. ვცდილობდი, ორსული ცოლის კაპრიზები შემესრულებინა, თუმცა კარგად ვხვდებოდი, ვისგანაც იყო „დაქოქილი“. უსიამოვნებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ბავშვი გაჩნდა. ბავშვს დედაჩემის სახელი დავარქვით და სიდედრს ეს არ მოეწონა.

– მეუღლესაც უნდოდა დედათქვენის სახელი დაერქმია თუ თქვენ აიძულეთ?

– ვაიძულე ხმამაღლა ნათქვამია. დედაჩემს ლამაზი სახელი ჰქვია, მოდური და დავარქვით. ამხელა ამბავი თუ მოჰყვებოდა, ვერც წარმოვიდგენდი. დაიწყო იმით, რომ ჩემმა სიდედრმა უთხრა ჩემს ცოლს, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ხარ და ვერც კი ხვდებიო და დაიწყო... ერთხელ ბავშვს სიცხე მისცა და ისეთი ამბავი ატეხა, თქვენ მანდ პატრონი არ გყავთ და სასწრაფოდ ჩემთან გადმოდითო. ჩემმა ცოლმაც დაუჯერა. მერე დაიწყო, რაც დაიწყო... ბავშვის სანახავად მისულს ისეთი თავდასხმების მსხვერპლი ვხდებოდი, თავს ძლივს ვიკავებდი, ორივე მაგრად არ გამომელანძღა. არადა, ჩემი ცოლი საყვარელი, უენო გოგო იყო და აფთრად მიქცია.

– ყველაფერს მათ ნუ გადააბრალებთ...

– თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ ყურით მოთრეულ ბრალდებებზე ჩუმად როგორ ვყოფილიყავი. მაგალითად, შიმშილით კლავ ცოლ- შვილს, ყველაფერი აკლია თქვენთან, ამიტომ ბავშვი ჩვენთან გაიზრდებაო... არ უნდა გადავრეულიყავი? ჩემს შვილს არც კვება აკლია, არც კურორტზე დასვენება,, თქვენთან რატომ უნდა გაიზარდოს, როცა საკუთარი ოჯახი და სახლი აქვს-მეთქი. მაგრამ ორი ქალი აშკარად მჯაბნიდა. გულდამძიმებული წამოვედი. ჩემი ცოლის ხმის გაგონება არ მინდოდა. გამამტყუნებს, ვინმე? ერთი თვე რომ გავიდა, ცოლმა დამირეკა და ისევ საყვედურებით ამავსო, ესაა შენი ქმრობა და მამობა, ამდენ ხანს ერთხელაც არ მოგვიკითხეო. ჩემმა ხათრიანობამ დედა-შვილს ფრთები შეასხა, მათი გამჩერებელი არავინ იქნებოდა, პრინციპულად თუ არ დაველაპარაკებოდი. მოკლედ და გასაგებად ვუთხარი თუ ოჯახი გინდა, მოჰკიდე ბავშვს ხელი და დაბრუნდი, თუ არადა, გავშორდეთ-მეთქი. გავშორდეთო? ჩემგან ამას არ ელოდნენ, სიდედრი მთლად გადაირია, ჩემი სიძე ამის თქმას ვერ გაბედავდა, დედამისი რომ არ უბურღავდეს ტვინს, მაგას ჭკუა უნდა ასწავლო, ბავშვი აღარ დაანახვო, აგერ ნახე, თუ არ მოგიხოხდებაო, – მკაცრად უთხრა ჩემს ცოლს. რამდენიმე კვირის შემდეგ ცოლს შევეხმიანე და ვუთხარი: ეზოში გელოდები, ბავშვს ჩააცვი, გავასეირნებ და ჩემებსაც ვაჩვენებ, ძალიან ენატრებათ-მეთქი. უარი მითხრა. რა ვქნა, მეც ადამიანი ვარ. მოთმინების ძაფი გამიწყდა. განრისხებული ავუვარდი და კარზე ბრახუნი ავუტეხე სიდედრ-სიმამრს – ახლავე გამომიყვანეთ ჩემი შვილი-მეთქი. იმათ რა გააკეთეს? პოლიცია გამოიძახეს და „დებოშიორი“ სიძე განყოფილებაში გადამიყვანეს. იქ მოვუყევი ყველაფერი. არაფერი დამიმალავს. ხელწერილი მაინც დამაწერინეს. რომ მსგავს ქმედებას აღარ გავიმეორებდი. თუმცა, აშკარად თანამიგრძნობდნენ. მეგობრულად მირჩიეს, სასამართლოსთვის მიმემართა. სასამართლოს მერე ოფიციალურად მოგცემენ უფლებას, შვილი კვირაში ორჯერ ნახოო. ხოლო ზაფხულის ერთი თვეს, სულაც, ბავშვთან ერთად გაატარებო. ჭკუაში დამიჯდა და განცხადება შევიტანე. სასამართლო პროცესი, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმაურით წარიმართა. მიჩვეული ვიყავი ამ ორი ქალის ჩხუბს, მაგრამ სასამართლო პროცესზე სახელდახელოდ შეთხზულმა ბრალდებებმა ისე მათრიეს და მლანძღეს, მონსტრად წარმომაჩინეს. გარედან მართლა ასე ჩანს ყველაფერი. მაგრამ მე ჩემი შვილი მადარდებს. რომელიც მშვიდ ოჯახში, სითბოსა და სიყვარულში უნდა გაზრდილიყო. ვინ იცის, ეს გააფთრებული ქალები როგორ გააქეზებენ მამის წინააღმდეგ.

– ანუ, დაშორდით ერთმანეთს?

– სხვა გზა აღარ დამიტოვეს. საქვეყნოდ მადანაშაულებენ ცუდ ქმრობასა და მამობაში, ახალ-ახალ ბრალდებებს იგონებენ. ვინც კარგად მიცნობს, არავის სჯერა ჩემი მჩაგვრელობა და მოძალადეობა. თუმცა, ამას უკვე მნიშვნელობაც აღარ აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი