გულახდილი საუბრები

როდის არის მამაკაცი სირაქლემას პოზაში და გაურბიან, თუ არა ასეთებს ქალები

№33

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 23.08

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მრავალი ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. დროთა განმავლობაში იმსხვრევა სტერეოტიპები და იცვლება შეხედულებები, თუმცა, მაინც არ ხდება ისე, რომ ერთ დღეში გაქრეს წლობით დამკვიდრებული ტრადიციები, რომლებსაც ხშირად ჩვენ თავად ვუწოდებთ ტრადიციებს, რეალურად კი არცაა ტრადიცია. ქალები ბოლო დროს ამბობენ, კაცები სირაქლემას დაემსგავსნენო. იქნებ, საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამასთან დაკავშირებით ერთი ქალბატონის ამბავს შემოგთავაზებთ. :

ხათუნა (43 წლის): სულ რაღაც ორი თვით ვარ ჩამოსული საქართველოში, ძალიან მომენატრნენ შვილები და მშობლები. უკვე ხუთი წელია, რაც ემიგრანტის სტატუსი მაქვს. იტალიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. თავიდან მიჭირდა. არ არის მარტივი წასვლა და უცხო ადგილას დამკვიდრება. შვილებიც მენატრებოდა, სახლიც. მაგრამ ახლა უკვე მაქვს იმის უფლება, რომ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდე და ჩემიანები მოვინახულო. კიდევ კარგი, იქ გულისხმიერი ხალხი შემხვდა, ვეცოდებოდი და ყველაფერში ხელს მიწყობდნენ, კომპიუტერიც მიყიდეს, რომ შვილებს ინტერნეტით ყოველდღე შევხმიანებოდი. ასეთმა დამოკიდებულებამ დამარწმუნა, რომ ღმერთს მთლად გაწირული არ ვყავარ, არადა, ერთხანს თავის მოკვლაც კი მინდოდა. ალბათ, ვერ წარმოიდგენთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქალი მამაკაცის უსინდისობამ. რადგან სირაქლემას დამსგავსებულ კაცებზე ჩამოვარდა სიტყვა და ეს თემა საპოლემიკოდაც იქცა, მინდა, ჩემი ამბავი მოკლედ გიამბოთ და მიხვდებით, აქედან რას გავექეცი...

– ანუ, თქვენ რომ ემიგრაციაში წახვედით, მხოლოდ ეკონომიური ფაქტორით არ იყო გამოწვეული.

– არა. მომავალი ქმარი რომ გავიცანი, ინსტიტუტი უკვე დამთავრებული მქონდა და სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად ვმუშაობდი. ჩემს ოჯახს არ უჭირდა. ვერ ვიტყვი, ჩემი მომავალი ქმარი ჩემს ბინასა და ქონებას დახარბდა-მეთქი, მაგრამ მერე, როცა ცხოვრება გაჭირდა, ყველაფერზე ისე „დახუჭა“ თვალები, სად გავქცეულიყავი, აღარ ვიცოდი. უფროსი შვილი 9 წლის, მეორე კი 6 წლის იყო, როცა უსამსახუროდ დარჩა. ასე მითხრა: უნდა გამიგო და დამეხმარო, ცოტა ხანს შენ მოგიწევს ოჯახზე ზრუნვაო.

– ჰქონდა მცდელობები, რომ სამსახური ეშოვა თუ მალევე შეეგუა სიტუაციას?

– რა თქმა უნდა, შეეგუა. მისი უმუშევრობა დიდხანს გაგრძელდა. მისიანები მამშვიდებდნენ და მაიმედებდნენ: რას იზამ, ცოლქმრობა ეგაა, როცა ერთს უჭირს, მეორე კლდესავით უნდა დაუდგესო. ბოლოს ეს „კლდესავით დგომა“ ძალიან ყელში ამომივიდა. მთელი ტვირთი მე დამაწვა. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ თავიდან ჩუმად ვიყავი. სკოლაში ხომ ვმუშაობდი, კერძოდაც ვამზადებდი ბავშვებს, ზოგთან შინაც მივდიოდი, ზოგიც ჩემთან მოდიოდა. ქმარს სახლის საქმეში რომ მაინც წაეშველებინა ხელი ან მისი თანადგომა რამენაირად მეგრძნო, კიდევ ჰო, მაგრამ, არა… ჩაყო თავი ქვიშაში და არც აპირებდა „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლას. ერთ დღესაც ვეღარ გავუძელი, მის მიმართ აგრესია გამიჩნდა. ალბათ, იგრძნო ეს და ვითომ ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. ერთი ნაცნობი შეუჩნდა: მოდი, მანქანები ვიყიდოთ, ნაწილებად გავყიდოთ და ლუკმაპურის ფული მუდამ გვექნებაო. ესეც დაეთანხმა.

– როგორც ჩანს აწუხებდა, თქვენს კისერზე რომ იყო ოჯახის რჩენა.

– არაფერიც არ აწუხებდა. თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ თურმე, თავისი „საგულაო“ ფული უნდოდა. დაეთანხმა ნაცნობს და ამიტყდა, 5 000 დოლარი მიშოვე, ბიზნესში ჩემი წილი უნდა შევიტანოო. როგორი სულელი ვიყავი. ვიფიქრე, ახლა რომ უარი ვუთხრა, მერე იტყვის, საქმის გაკეთება მინდოდა და შენ გვერდში არ დამიდექიო. მხოლოდ ნახევარს მოვუყარე თავი, დანარჩენი პროცენტით ისესხა... ერთ თვეში მიხვდნენ, რომ „ბიზნესი“ ჩაუვარდათ. ჩაუვარდებოდათ, აბა, რა იქნებოდა. ყოველ საღამოს რესტორანში ისხდნენ. ჩვენს სახლში კი გახშირდა მევალეების მოვარდნა. ვაჟბატონი შინ არ ხვდებოდათ. სამაგიეროდ, მე ვიყავი შავ დღეში. ბოლოს, მოვკიდე ხელი ჩემს შვილებს და მშობლებთან წავედი. მერე ჩემი ქმრის მშობლებს მევალეები შვილის სიკვდილით დაემუქრნენ და იძულებულები გახდნენ, გაეყიდათ ბინა, თვითონ კი საცხოვრებლად სოფელში გადავიდნენ. ამან ვალები კი გაისტუმრა, მაგრამ სხვა ბინა ვეღარ იყიდა და დატუქსული ბავშვივით ჩემს მშობლებთან მომადგა - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფული ვიშოვო და ცხოვრება თავიდან დავიწყოო.

– ისევ დაუჯერეთ?

– მე კი არ დავუჯერე, მაგრამ აქეთ ჩემი შვილები შემეხვეწნენ, აპატიე მამასო, იქით ჩემი მშობლები მთხოვდნენ, ოჯახი არ დაანგრიოო.. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე. შემოვუშვი სახლში. მერე მამაჩემს სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა. მამაჩემის სიკვდილის მერე ჩემმა ქმარმა მთლად დაიკრიფა გულზე ხელები... არ მუშაობდა, ხშირად სვამდა და ისეთი აგრესიული იყო, სად წავსულიყავით, არ ვიცოდით. ერთხელ ვუთხარი, გავშორდეთ, დამანებე თავი-მეთქი. გადაირია – რას ჰქვია, თავი დაგანებო, მე ჩემს ოჯახში უნდა ვიყო, თუ გინდა, შენ წადიო. კინაღამ გადავირიე – ჩემი მშობლების ბინიდან სად მიშვებ-მეთქი. როგორც ვიცი, ეს ბინა მამაშენმა ჩვენს შვილს აჩუქა, მე კი მისი მამა ვარ, ესე იგი, ეს ბინა ჩემიც არისო. წარმოგიდგენიათ, როგორი უტიფარია? ვუყურებდი ამ ნამუსდაკარგულ კაცს და ლამის გული გამსკდომოდა, მიკვირდა, აქამდე როგორ ვერ შევიცანი ან რა დროს დაკარგა ღირსება-მეთქი. გადავწყვიტე, განცხადება შემეტანა გაყრაზე. სასამართლომ პირობითი სამთვიანი ვადის გარეშე გაგვყარა. ის კი მაინც არ წყნარდებოდა და ჩვენს სახლთან მოსული დებოშს ტეხდა ხოლმე. აღარ გავჩერდი თბილისში და წავედი იტალიაში. წარმოიდგინეთ, კმაყოფილი ვიყავი, რომ მოვშორდი თბილისსა და ოჯახს. ჩვენი განქორწინების მერე ერთხანს ნაქირავებში ცხოვრობდა, ბავშვებს კი ნახულობდა, მაგრამ მაშინვე ჩემზე იწყებდა ლაპარაკს და შვილებმა აღარ ისურვეს მასთან შეხვედრა. ადგა და სოფელში წავიდა, მაგრამ განა ხანში შესულ მშობლებს ეხმარებოდა, იქაც ყალთაბანდობდა, სვამდა. იძახდა, თოხი და ბარი რა ჩემი საქმეაო. მერე ერთ იქაურ ქალს დაახვია თავბრუ და ცოლად მოიყვანა, იმან ვაჟი გაუჩინა და არიან ახლა ერთად, თუმცა ეკონომიურად ძალიან უჭირთ.კიდევ კარგი, დროზე გავეცალე აქაურობას, თორემ ეს კაცი საბედისწერო ნაბიჯს გადამადგმევინებდა, შვილებსაც დააობლებდა და მეც სამუდამო ცოდვას ამკიდებდა. ასე რომ, სირაქლემასთან შედარება არაფერია იმასთან, რაც ჩვენი კაცების უმეტესობას სჭირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა