გულახდილი საუბრები

როდის არის ქალისთვის სერიოზული საფრთხე ქმრის ყოფილი ცოლი

№25

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 28.06

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ეჭვიანობა ნამდვილად დაავადებაა, თუმცა ზოგჯერ ეჭვს ნამდვილად აქვს მაპროვოცირებელი მიზეზი. ანუ, „კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს“ - ასე ამბობენ ხალხში. როცა წყვილებიდან ერთი ეჭვიანობს, ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ მას ამისი საბაბი მისცეს - მაგრამ, არც იმას, რომ ეჭვიანობა დაავადებად შეეყარა. ურთიერთობები მარტივი არ არის და თუ გვინდა, ყველაფერი კარგად იყოს, უნდა გავისარჯოთ. ვიმუშაოთ ჩვენს ურთიერთობასა და სიყვარულის შენარჩუნებაზე.

მანჩო, 37 წლის: ეჭვიანი ნამდვილად არ ვარ. ისიც მესმის, რომ მამაკაცი თუ ერთგულია, მნიშვნელობა არა აქვს შენამდე რა ურთიერთობები ჰქონდა. მოულოდნელად გავყევი მამაკაცს, რომელსაც ჩემამდეც ჰქონდა ოჯახი. რა თქმა უნდა, ყოფილთან ყველაფერი დასრულებული იყო, სხვანაირად არც შევხვდებოდი.

- „მოულოდნელად გავყევი“ რას ნიშნავს?

- ისეთი ადამიანი ვარ, წინასწარ რომ გეგმავს ცხოვრებას. ეს ამბავი მხოლოდ ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა იციან, მაგრამ რატომღაც ძალიან მომინდა, თქვენც მოგითხროთ... მოკლედ, შევხვდი კაცს, შემიყვარდა და ძალიან მალე ცოლად გავყევი. არ დაუმალავს, რომ ჩემამდე ცოლი ჰყავდა. საერთოდ, საკმაოდ გულახდილი ურთიერთობა გვქონდა. ვენდობოდი, სანამ ერთ დღეს ტელეფონზე შეტყობინება არ მოუვიდა, მისი არყოფნით ვისარგებლე და შეტყობინება გავხსენი.

- თუ ენდობოდით, რატომ გახსენით შეტყობინება?

- არ ვიცი. ყოფილი იყო. სწერდა, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთო. ვერც კი გადმოვცემ, რა დამემართა. გამოვიდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ ჩემთან ცხოვრობდა, პარალელურად მის დაბრუნებას ცდილობდა? ეს ღალატი იყო… მე მჯეროდა, რომ ვუყვარდი. სხვა შემთხვევაში ამ სამი წლის განმავლობაში აუცილებლად წავიდოდა, რადგან სიბრალული მისთვის უცხოა და მეც, ბუნებრივია, ვერ გავჩერდებოდი კაცთან, რომლისთვისაც სულერთი ვიქნებოდი. ზედმეტად თავმოყვარე ვარ.

- მისი ყოფილი ცოლის ვინაობაც იცოდით?

- რა თქმა უნდა. ქუჩაშიც ბევრჯერ შემხვედრია. უნდა გამოვტყდე და, იშვიათი სილამაზისა და გემოვნების გოგოა. თვითონ ის ფაქტი, რომ ჩემამდე ცოლი ჰყავდა, არ მაღელვებდა, სხვა რამ უფრო მაწუხებდა. ვაცნობიერებდი, რომ საქმე ღირსეულ მეტოქესთან მქონდა და ამიტომ, საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ეს გოგო მის ცხოვრებაში ოდესმე ისევ გამოჩნდებოდა და მაშინ შესაძლოა, საყვარელი ადამიანი დამეკარგა. ჩემი ქმრის ერთგულებაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მისი ყოფილი ცოლის მაინც მეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე სულ ზრუნავდა, სამუშაო დღის შემდეგ მანქანით სამსახურთან მხვდებოდა და სახლში ერთად ვბრუნდებოდით, თუმცა იმ საღამოს ასე არ მოხდა. დამირეკა და მომიბოდიშა, დღეს თვითონ წამოდი, პატარა საქმე გამომიჩნდაო. ცოტა არ იყოს, მეწყინა, განა რა საქმე აქვს ასეთი-მეთქი.

მეორე დილას რატომღაც შეუძლოდ გავხდი. თავი ძალიან მტკიოდა და შუადღისას სიცხემაც ამიწია. ჩემი ქმარი სამსახურში წავიდა. იმდენად სუსტად ვიყავი, წასვლამდე ყავაც ვერ მოვუდუღე. არა უშავსო, დამამშვიდა, სამსახურში დავლევო. დღის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა, როგორ ხარ და საღამოს რა წამოგიღოო. როგორც კი საქმეს მოვრჩები, წამოვალო, დამპირდა... არ მოვიდა... როცა გამომეღვიძა, ღამის პირველი საათი იყო. ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა... დილით მოვიდა. ყველაფერი მომიტანა და მომიბოდიშა, უფროსის დაბადების დღე იყო და არ გამოდიოდა, რომ არ წავსულიყავიო. უსიამოვნო განცდა დამრჩა. ერთი დღის შემდეგ კი, ის შეტყობინება მოუვიდა.

- როგორ მოიქეცით?

- შეტყობინება წავიკითხე-მეთქი, ვუთხარი. სანამ ნივთებს ვაბარგებდი, ოთახიდან ოთახში დამდევდა და თავის მართლებას ცდილობდა, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა. სერიოზულად მქონდა წასვლა გადაწყვეტილი. მეხვეწა, ყველაფერს აგიხსნი, დარჩიო. ის არ არის, რაც შენ გგონიაო. არ მოვუსმინე, მაგრამ დავრჩი. პირველი ორი დღე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მისი დანახვაც არ მინდოდა. მესამე დღეს ცოტა დავმშვიდდი და სინანული ვიგრძენი. იქნებ მე ვერ გავიგე რამე სწორად-მეთქი, ვფიქრობდი... რამდენიმე დღე ურთიერთობა არ აღდგა… მერე, მივხვდი, რომ არანორმალურად მომენატრა. ეტყობა, თავადაც იგივეს გრძნობდა. მოვიდა და მიყვარხარო, მითხრა პირდაპირ. ჩავხედე თვალებში და გულწრფელი მზერა დავიჭირე. ბევრი მელაპარაკა, ყველაფერში გამომიტყდა. ისიც კი მითხრა, რომ ყოფილი ცოლი რამდენჯერმე ნახა. კინაღამ თავი ისევ დავკარგეო. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა ძალიან არ მომეწონა და უფრო მეტიც, გული მეტკინა. მაგრამ, ისეთი გულწრფელი ჩანდა, შეუძლებელი იყო, მისთვის გეყურებინა, მოგესმინა და მის ნათქვამში ეჭვი შეგეტანა. მივხვდი, რომ მარტო შენ მიყვარხარო - მითხრა ისე, რომ მზერა არ მოუშორებია. მეგონა, შენ სულ სხვანაირი ხარ, თბილი და საიმედოო...

- აღარ ეჭვიანობთ?

- ვცდილობ, ეს აღარ გავაკეთო. ანუ, აღარ ვიეჭვიანო. უნდა გავუფრთხილდე ამ სიყვარულსა და ჩემს ბედნიერებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული