გულახდილი საუბრები

როდის არის ქალი ძალადობის მაპროვოცირებელი და რატომ აკონტროლებს ზოგიერთი ქმარი ცოლის ქცევას ფიზიკური ძალადობით

№14

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 15.04, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეა, სამწუხაროდ, საქართველოში მამაკაცების გარკვეული ნაწილის მხრიდან ქალების ქცევა ძალადობის გამოყენებით კონტროლდება. ქმრის მიერ ცოლის ცემას, გარკვეულ შემთხვევებში, დასაშვებადაც კი მიიჩნევენ. თანაც, არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც.

რატომ ძალადობენ მამაკაცები ცოლებზე, რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა აიცილოს ქალმა თავიდან ოჯახური ძალადობა.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, და ეს პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ცოლებზე ძალადობენ ის მამაკაცები, რომლებსაც ბავშვობაში ძალიან მკაცრი დედა ფიზიკურად სჯიდა, რის გამოც მუდმივ სტრესში იყვნენ. მამაკაცში ქალებზე აგრესია სწორედ ამ დროს გროვდება. ბიჭუნა პატარაა, დედას ვერაფერს დაუშავებს, მაგრამ შემდეგ ეს ცოლთან ურთიერთობაში აღმოცენდება ხოლმე.

მანანა (47 წლის): მე ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. მხოლოდ ხუთი წელია, რაც თავს ნორმალურ ადამიანად ვგრძნობ. იმის მერე, რაც ჩემი მოძალადე ქმრისგან გავთავისუფლდი. ზოგიერთებს რომ მოუსმინო, გამოდის, რომ თავად ქალები არიან ამ ძალადობის მიზეზი. წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება. ახლა მეც წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ ვითმენდი ამას წლების განმავლობაში. მაგრამ ხომ ვითმენდი.

– როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, ქალი თავად გახდეს ამის მაპროვოცირებელი?

– რაც შეეხება მამაკაცის მსხვერპლ ქალებს, ხშირად მსმენია, რომ ფსიქიკური თვალსაზრისით ეს ქალებიც არ არიან ჩვეულებრივი, სტანდარტული ქალები, თუმცა მე ვერაფრით დავეთანხმები.

– რატომ? ჩვეულებრივ ქალს, რომელსაც ჯანსაღი ფსიქიკა აქვს, არ აქვს მიდრეკილება მოირგოს მსხვერპლის როლი, შესაძლოა, ერთხელ დაუყვიროს კაცმა ან ერთხელ ასწიოს მასზე ხელი, მაგრამ ეს იქნება საბოლოო.

– ანუ, ჯანსაღი ფსიქიკის ქალი არ გაუჩერდება ასეთ მამაკაცს. გააგებინებს, რომ მასთან ასეთი მოქცევა არ შეიძლება. ხოლო ამ მსხვერპლის როლს არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ქალები ვირგებთ? მინდა გითხრათ, რომ ესეც, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან გამომდინარეა. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩვენი პრობლემების ძირითადი ნაწილი ბავშვობიდან, აღზრდიდან და მშობლებს შორის ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, როცა მასზე ძალადობენ?

– ვფიქრობ, როდესაც ქალი პირველივე მცდელობას შესაბამის რეაგირებას მისცემს, ეს ძალადობა პირველივე მცდელობაზე შეწყდება.

– მცდარად გგონიათ. მამაკაცი თუ თავისი ბუნებით მოძალადეა, კიდეც რომ მიხვდეს, თავის შინაგან აგრესიას ამ ქალზე ვერ განახორციელებს, არ ექნება ამის საშუალება, მაინც გააგრძელებს თავისას. ადამიანს კი აქვს გადარჩენის თანდაყოლილი ინსტინქტი, რომელიც ცუდისა და ნეგატიურის დავიწყებას აიძულებს. ხშირ შემთხვევაში ქალები მალევე ივიწყებენ ამ ყველაფერს და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ. იმ იმედით, რომ ყველაფერი მოგვარდება. ხვალ ასე აღარ იქნება. მეც ამ ილუზიებიში ვიყავი.

– ეს ხომ არ უბიძგებს მამაკაცს, რომ მომავალში კვლავ განახორციელოს ქალზე ძალადობა?

– რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცის დავიწყებას, გატარებას, არ შემჩნევას, „უი, გადაუვლის, არა უშავს“, უარესი შედეგი მოაქვს. პრობლემას რაც უფრო არ ვიმჩნევთ, უფრო იზრდება. ზოგადად, ცხოვრება ყველა ასპექტში ასე ყოფილა მოწყობილი, მით უმეტეს, მოძალადე მამაკაცების შემთხვევაში. ჩემი მშობლების ოჯახში ნორმად არ ითვლებოდა, რომ კაცმა ქალი უნდა სცემოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ქალმა უნდა მოითმინოს. მაგრამ არ ვიცოდი, მექნებოდა თუ არა მშობლების მხრიდან მხარდაჭერა, თუ ოჯახიდან წამოვიდოდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამღუპველი ყოფილა მოსაზრება – რა მოხდა მერე, მთავარია, ოჯახი შეინარჩუნოთ. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ქალი აბსოლუტურად დაუცველია. იცით, როდის მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა დამესრულებინა? როცა ვიგრძენი, რომ თავადაც მოძალადე ვხდებოდი, ოღონდ ჩემი შვილების მიმართ. ლოგიკურია, რომ დედა, რომელიც პასუხს ვერ სცემს ქმარს, რადგან ქმარი ფიზიკურად ძლიერია მასზე და ვერ გაუმკლავდება, შემდეგ თავის აგრესიასა და ტკივილს ბავშვზე გადმოანთხევს. ესეც ხომ კარგი ცხოვრების გამო არ ხდება? გაამწარა ქმარმა და მისდგა ბავშვს. საშინელებას ვლაპარაკობ, მაგრამ მენტალურად მართლა იცვლები.

– სად ხედავთ გამოსავალს, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

– ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ მინდა, ადამიანები ჩავაფიქრო და დავანახვო, რომ მათ მომავალს, მათი შვილების მომავალს მათი თითოეული ნაბიჯი განაპირობებს. დროთა განმავლობაში საზოგადოება ვითარდება, უფრო კაცთმოყვარე და გააზრებული ხდება. ძალადობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, ადრე ნორმად მიიჩნეოდა და არავინ დაიწყებდა ამის გაშუქებას. დღეს კი უკვე ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. საჭიროა, რომ შესაბამისი ფსიქოლოგიური განათლება და დახმარება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. მე რაც შემიძლია, ვცდილობ და ვხედავ, რომ შედეგები არის. საბოლოოდ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, მინდა, ერთი დასკვნა გავაკეთო, საჭიროა ყველამ ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ, გავაანალიზოთ, რა სჭირდებათ შვილებს და რა თქმა უნდა, თავად ჩვენთვის რაა უკეთესი, მუდმივ სტრესში ყოფნა, რომ ოჯახის დანგრევის გამო სხვებმა არ გაგვაკრიტიკონ და გაგვლანძღონ, თუ ვიფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე და ნაკლებად მივაქციოთ ყურადღება სხვების ნათქვამს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი