გულახდილი საუბრები

როდის არ უნდა ენდოს ქალი მამაკაცის სიტყვებს

№36

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 19.09

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ჩვენი რესპონდენტის ისტორია ბევრს კარგად ნაცნობ სიუჟეტს მოაგონებს. მას ეგონა, რომ მამაკაცის სიტყვებს ყოველთვის შეიძლება, ენდო. სჯეროდა, რომ დაპირებები, კომპლიმენტები და ფიცი სამუდამო სიყვარულზე, მათი ურთიერთობისთვის ყველაზე მყარი საფუძველი იქნებოდა. მაგრამ ცხოვრება ასეთ ქალებს, ხშირ შემთხვევაში, სულ სხვა სიურპრიზს უმზადებს.

ნატა (43 წლის): მან მითხრა, რომ ჩემი სიყვარული მისთვის ყველაფერი იყო და რომ არასდროს მიმატოვებდა. მეც დავიჯერე. გავბედე და ოჯახი დავანგრიე. ვიფიქრე, როცა ასეთი სიყვარული გეწვევა, მეტი აღარაფერია საჭირო და უკანმოუხედავად უნდა გაეკიდო-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ საშინელი შეცდომა დავუშვი.

– ქმარი გიყვარდათ, სხვა შეგიყვარდათ და ოჯახი დაანგრიეთ?

– დიახ. სწორედ ეს გავაკეთე, რასაც ძალიან ვნანობ. ჩემს ქმარს ვყვარებივარ, რასაც არასოდეს გამოხატავდა და არც უთქვამს, მიყვარხარო. ახლა კი ვიცი, სიტყვებს ხშირად ფასი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მათ ქმედებაც ახლავს. ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა, დამარწმუნა, რომ გვერდით მეყოლებოდა ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს დათმობდა. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, რამდენიმე თვეში აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ჩვეულებრივად მომატყუა. სხვასთან წავიდა და მე კი მარტო დამტოვა.

– ალბათ, რეალობა, რომლის წინაშეც აღმოჩნდით, ძალიან მტკივნეული იქნებოდა.

– ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ბოლოს ისე წავიდა, თითქოს არც არასდროს ვარსებობდი. არც ახსნა, არც ბოდიში… უბრალოდ, გაქრა. მე კი ყველაფერი დავკარგე – ოჯახი, სიმშვიდე, ნდობა... შვილები! ახლაც ვერ ვიკავებ ცრემლებს. იცით, რატომ ვყვები ამ ყველაფერს? სამწუხაროდ, მსგავსი ისტორიები არც ისე იშვიათია. ბევრი ქალი ადვილად ენდობა კაცის სიტყვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა ურთიერთობაში ემოციური დეფიციტია. მაგრამ, ქალებო, უნდა გვახსოვდეს: მხოლოდ სიტყვებს არანაირი აზრი არ აქვს. საჭიროა ქცევა, პასუხისმგებლობა და რეალური კავშირი. თუ ურთიერთობა მხოლოდ ლამაზ ფრაზებზე დგას, დიდხანს ვერ გაძლებს. როდესაც ადამიანი ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, როგორიცაა ოჯახის დანგრევა, აუცილებელია არა ემოციებზე, არამედ ფაქტებზე დაყრდნობა. სხვაგვარად, შედეგი ხშირად მძიმე და მტკივნეულია ისე, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა.

– ანუ სიტყვებს შეუძლიათ სიყვარული ჩაგინერგოთ?

– თავად განსაჯეთ. მე ქმარი მივატოვე ახალი სიყვარულის გამო. ვირწმუნე მისი სიტყვები, რაღაც განსაკუთრებული ბედნიერების იმედი ჩავისახე. რამდენიმე წელი ქარაფშუტულად ვიცხოვრე, მაგრამ საბოლოოდ მოტყუებული და წაგებული დავრჩი. ის „ერთგული კაცი“, რომელიც ყველაფერს მპირდებოდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. გაუჩინარდა ისე, თითქოს არც არასდროს არსებობდა. მე კი ოჯახი დავანგრიე, ჩემს შვილებსაც სტკივათ ამ გადაწყვეტილების გამო. ბოლოს კაცმა, რომელსაც თითქოს, ჩემზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, სამყაროში უკეთესი და უსაყვარლესი არავინ გააჩნდა, მთებსა და ზღვებს მპირდებოდა, სხვა ქალი აირჩია და დამტოვა. დავრჩი დანგრეული ოჯახით, გულდამსხვრეული და მოტყუებული... ერთ დიდ სიცარიელესთან, გავხდი კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია, მამაკაცს სიტყვის ძალით გაგინადგუროს ცხოვრება. მე ახლა მარტოობასთან და სინანულთან მიწევს გამკლავება.

– მეუღლესთან შერიგებაზე არ გიფიქრიათ?

– ჯერ არც ყოფილ ქმარს უნდა ჩემი დანახვა და არც შვილებს. მერე რა იქნება, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ვხვდები, რომ პატიებას არ ვიმსახურებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა