როდის აღიქვამს ზოგიერთი დედა რძალს კონკურენტად
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.12
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ოჯახური ჰარმონია ხშირად ბევრად მეტია, ვიდრე მშობლისა და შვილის ურთიერთობა. როდესაც შვილი თავისი ახალი პარტნიორის მიმართ სიყვარულს გამოხატავს, ბევრ დედას უჩნდება კონკურენტობის განცდა – ის მისთვის რძალია. ეს გრძნობა რთულია სიტყვებით აღწერო, თუმცა ყოფით ცხოვრებაში საკმაოდ მწვავე ფორმით ვლინდება და რეალობაში ძალიან გავრცელებულია. მნიშვნელობა არა აქვს რამდენი წლის არის დედა. ეს პრობლემა ახალგაზრდა დედამთილსაც შეიძლება, ჰქონდეს და შუახნის ასაკში მყოფსაც. მოდი, გავარკვიოთ, რა ემოციებს იწვევს რძლისა და შვილის სიყვარული.
ბელა კ. (53 წლის): თავდაპირველად, ყველაფერი ნორმალურად, მეგობრულად დაიწყო, მაგრამ მერე, არც ვიცი, რა დამემართა, ნელ-ნელა გაჩნდა აგრესია. როცა ხედავ, რომ შენი შვილი მთელ ყურადღებას სხვა ქალისკენ მიმართავს, თითქოს შენს გრძნობებს უგულვებელყოფს კიდეც, უცნაურ სიმწარეს გრძნობ. ვისაც ეს გრძნობა გამოცდილი აქვს, მხოლოდ ის გამიგებს. დიახ, ეს კონკურენციაა. თუმცა, დავიფიცებ, რომ არაა ბოროტება. პირიქით, სიყვარულოთ, უბრალოდ, ბუნებრივი, დედობრივი სიფრთხილითა და მფარველობით არის გამოწვეული.
– ალბათ, საკუთარ თავს ეუბნებოდით – ეს ხომ ჩვეულებრივი რეაქციაა?
– დიახ, მაგრამ ეს არ მშველოდა. შინაგანი ხმა მაინც მეუბნებოდა, რომ არასწორად ვიქცეოდი. ზოგჯერ ვეჩხუბებოდი კიდეც საკუთარ თავს: „რისი გეშინია, საკუთარი შვილის სიყვარული ხომ ჩემსა და მას შორის არასოდეს შეიცვლება“, მაგრამ გულში მაინც გრძნობ, რომ რაღაც იცვლება – მისთვის უკვე აღარ ხარ ერთადერთი.
– რატომ არის ეს ტრაგედია. როგორ უნდა იეჭვიანო შვილზე, რომელსაც უყვარს თავისი ცოლი და ბედნიერია.
– ეტყობა კარგად ვერ გიხსნით. ეს არის განცდა, რომ ახლა შვილის ემოციები სხვისთვის იხარჯება. აქ იწყება შინაგანი ბრძოლა – გრძნობ, რომ რძალი შენს შვილს სხვად გარდაქმნის, თითქოს შენთვის უცხოდ და ეს ბუნებრივად გწვავს.
– რამდენად ხშირად ხდება ასეთი სიტუაცია?
– მე ვიცნობ რამდენიმე დედას, ვისაც მსგავს გრძნობებზე უწევს რეაგირება. განსაკუთრებით რთულია, როცა რძალი ასაკით ძალიან პატარაა ან თანამედროვე აზროვნებისაა და დედა ხედავს განსხვავებულ მიდგომას, ჩაცმულობას, დამოკიდებულებას უამრავ საკითხთან… ეს ააქტიურებს კონკურენციის გრძნობას, მიუხედავად იმისა, რომ დედა ირწმუნება, რომ მხოლოდ შვილის ბედნიერება აინტერესებს.
– ანუ, ისინი ტყუიან?
– უფრო თავს იტყუებენ. მე ასე ვიტყოდი.
– რა იყო ყველაზე რთული მომენტი თქვენს ისტორიაში?
– ერთხელ შვილი და რძალი ერთად სადილობდნენ. ჩემი რძალი კოვზით აჭმევდა მას და ისე შესციცინებდა... მე რაღაც უცნაური განცდა გამიჩნდა. ეს არ იყო ბრაზი, არამედ შიში – თითქოს რაღაცას უკვე ვერ ვაკონტროლებდი. ვცადე, ხმა არ გამეცა. თავს ძალა დავატანე, მაგრამ შინაგანი მღელვარება ისეთი მწვავე იყო, სახეზე მაინც შემეტყო. რაღაც მომენტში შვილმა შემომხედა და მკითხა, „რატომ ხარ ასეთი დაძაბული?“ თან შემრცხვა, თან ვერაფერი მოვუხერხე გრძნობას, რომელიც შიგნიდან „გჭამს“ – რომ დედაშვილურ სიყვარულში სხვა ჩნდება და ერთმანეთს გაშორებს და შენ ამას ვერაფერს უხერხებ.
– როგორ გაართვით თავი ამ პრობლემას?
– ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე. სულ ვიმეორებდი, რომ ეს არ არის ბრძოლა ჩემი შვილისთვის. არც რძალი არის მტერი, არც შვილი – ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესია. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამ გრძნობას სჭირდება მართვა. თავად უნდა შევამცირო ჩარევა მათ ურთიერთობაში, უნდა მივაგნო სწორ პოზიციას რძალთან და სიმშვიდე და კეთილგანწყობა შევინარჩუნო... და რაც მთავარია, უფრო მეტად დავკავდე პირადი ცხოვრებით და ამაში ვიპოვო ბედნიერება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





