როდის აღიარებს და ნანობს დედამთილი რძალთან თავის უღირს საქციელს
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 10.11

დედამთილების რძლების მიმართ დამოკიდებულება არაერთხელ ყოფილა განხილვის თემა. ფაქტია, რომ ზოგიერთ დედას მესაკუთრული დამოკიდებულება აქვს საკუთარი შვილის მიმართ. ვერ იტანს მის ცხოვრებაში გაჩენილ სხვა ქალს, მეტოქედ აღიქვამს და უპირისპირდება. შედეგად ურთიერთობა ირევა, ჩიხში შედის და ორი ქალი შესაძლოა, ერთმანეთის მოსისხლე მტრებადაც იქცნენ . ამ ბრძოლაში გამარჯვებული არავინ არის. კარგია, თუ ორივე მხარე გააცნობიერებს ამას და იქამდე მოაგვარებს ურთიერთობას, სანამ მათ შორის ხიდები საბოლოოდ არ „დაიწვება“.
ლია (64 წლის): ჩემი ცხოვრება ცუდად წარიმართა და ამაში ბრალი თავად მიმიძღვის. ავადმყოფობამ დაბინდული გონება გამინათა – რძალს უღირსად მოვექეცი. ჩემი შვილი დედისერთაა. ბავშვობიდან ძალიან განებივრებული მყავდა. არაფერს ვაკეთებინებდი. ერთ დღეს რომ მითხრა, ჩემი საცოლე უნდა გაგაცნოო, ვუთხარი: რადგან საცოლედ თვლი, ბარემ მოიყვანე-მეთქი.
– რა იგრძენით იმ მომენტში?
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. მაშინ საკუთარ გრძნობებს არ ჩავძიებივარ. უფრო ინტერესი მქონდა, მალე გამეგო, ვინ იყო ჩემი შვილის რჩეული. მოკლედ, მოიყვანა სტუმრად და ძალიან მალე ეს გოგო ჩვენი რძალი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი ვიყავი შვილის დაქორწინებით და მაშინ რძალსაც არ ვერჩოდი, მაინც გამკრავდა ხოლმე გულში, ჩემს ბიჭს ამაზე უკეთესი გოგო უნდა შეერთო-მეთქი. აი, აქედან დაიწყო და ეს უკმაყოფილების ნაპერწკალი თანდათან აალდა და ყველაფერი ფერფლად აქცია.
– რძალმა ვერ მოგაწონათ თავი?
– საქმე მოწონება-არ მოწონებაში არ არის. ვერ ავიტანე, რომ ჩემი შვილი, ფაქტობრივად, აღარ მაქცევდა ყურადღებას. თანაც, ცოლი ჩემს განებივრებულ შვილს ხან რა საქმეს დაავალებდა, ხან – რას.
– ცოლს რომ ყურადღება სჭირდება, ეს რატომ უნდა ყოფილიყო თქვენთვის გამაღიზიანებელი?
– ასეა და მაგიტომაც ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის. რამდენჯერმე რძალმა ხუმრობით მითხრა, ნურასოდეს შემიშლით ხელს თქვენი შვილის მორჯულებაშიო. საშინლად შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ რძალი ჭკუას მარიგებდა. ბოლოს შვილიც გაბრაზდა და გამომლანძღა, ამან უფრო გამაცხარა და რძალს თავს დავესხი – შვილს მაშორებ-მეთქი. ჩემმა შვილმა ცოლის მხარე დაიჭირა. მაშინვე ხელი მოჰკიდა და თავის ოთახში შეიყვანა. სხვათა შორის, ჩემმა ქმარმა მითხრა: რძალთან პირში წყალი ჩავიგუბე, მაგრამ ახლა კი გეტყვი, შენ ტყუოდი, ცოლ-ქმარს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, იმ გოგოს არაფერი ეშლება, მაგრამ შენ გინდა, ისევ ძველებურად გაზულუქებული შვილი გყავდეს, ასეთი საქციელით კი მას დაკარგავო. ამან საერთოდ გადამრია – ამ თითის სიგრძე გოგომ საკუთარი ქმარ-შვილი როგორ დამიპირისპირა-მეთქი. მხოლოდ ამის გამო ვნერვიულობდი და არა იმიტომ, რომ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. რძალი უკვე მძულდა.
– წარმოუდგენელია. რძალი იმის გამო შეიძულეთ, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარდათ?
– ასე გამოვიდა. ორი ულამაზესი შვილი გაუჩნდათ. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დროდადრო ვიფეთქებდი ხოლმე. დიდხანს ითმინა ჩემმა რძალმა და ერთ დღესაც მშობლებთან გადაბარგდა. ჩემი შვილიც უკან გაეკიდა. დაცარიელდა სახლი. ყველგან ვლანძღავდი რძალს, ათას სისაძაგლეს ვაბრალებდი. თანდათან ჩამომცილდნენ მეზობლები, ნათესავები... არავის სურდა ამ ამბავში ჩარევა. რამდენჯერაც სცადეს ჩემი დარწმუნება, რომ რაღაც მეშლებოდა, იმდენჯერ ჩემი რისხვა დაატყდათ თავს – ყველას მტრად მივიჩნევდი. ჩემ გარშემო ყველაფერს ვანგრევდი და ვანადგურებდი.
ნერვიულობისგან ინსულტი დამემართა. სანამ საავადმყოფოში ვიწექი, თურმე, ჩემი რძალი სახლს და ჩემს მეუღლეს პატრონობდა, მიგზავნიდა საჭმელს და სუფთა ტანსაცმელს. სახლში რომ დავბრუნდი, ისევ განვაგრძე მისი ლანძღვა. ცალი მხარე პარალიზებული კი მქონდა, მაგრამ ენა ძველებურად მიჭრიდა – ბოღმას ვანთხევდი. ერთხელ ჩემს შვილს შევწუწუნე, შენ უნდა მოგვხედო-მეთქი. იცით, რა მითხრა? – დაგავიწყდა, როგორ გამზარდე? ჩემი თავის მოვლაც კი ცოლმა მასწავლაო. ჩემი რძალიც მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შევუთვალე, აქ მოსული არ დაგინახო-მეთქი. დამიჯდა საწოლთან და მითხრა: მე თქვენ არ მძულხართ, უფრო მებრალებითო. მოვაღე პირი... საშინელი რაღაცები ვუთხარი. იჯდა მშვიდად და მისმენდა. კარგა ხანს არ მოვრჩებოდი, ცუდად რომ არ გავმხდარიყავი. მშვიდად მომიტანა წამალი, მერე წნევა გამიზომა. მიუხედავად იმისა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, უსიტყვოდ ვემორჩილებოდი.
– ბოლოს მოინადირა თქვენი გული?
– ვაღიარებ – გონებადაბინდული დედა ვიყავი, უაზროდ გაბოროტებული. რძალმა ბოლომდე არ მაპატია. ჩვენთან აღარ დაბრუნებულა, მაგრამ მშვენივრად ახერხებს ქმარ-შვილსაც მიხედოს და დედამთილ-მამამთილსაც. მინდა, ჩემი ამბავი ჭკუის სასწავლებელი იყოს სხვა დედებისთვის. სანამ შვილების ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას დააპირებთ, დაფიქრდით, ამგვარ საქციელს მოითმენდით თქვენი დედამთილისგან? ჩვენ ძალიან ბევრს ვაშავებთ, შვილებს დათვურ სამსახურს ვუწევთ, თავი კი კარგ დედებად კი მოგვაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან