გულახდილი საუბრები

რძლების გამო მე და ჩემი ქმარი ქუჩაში აღმოვჩნდით

№33

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.08

გულახდილი საუბრები
ოჯახის შესახებ
დაკოპირებულია

მთელი ცხოვრება მე და ჩემი მეუღლე თავჩაღუნული ვშრომობდით. კაბინეტებში არ ვმსხდარვართ, ფიზიკურად გვიწევდა შრომა, რომ შვილებისთვის მომავალი შეგვექმნა. სულ იმას ვცდილობდით, იმდენი გვექნა და გვეშოვა, ჩვენს შვილებს იმავე გზის გავლა არ დასჭირვებოდათ. ასეც მოხდა.

ბინაც ვიყიდეთ, ორივე შვილს უმაღლესი დავამთავრებინეთ, თან არც საჭმელი მოგვიკლია მათთვის და არც სასმელი. ორსართულიანი სახლი სიმწრით ავაშენეთ, წლები მოვუნდით. ზედა სართული უფროს შვილს მოვუწყვეთ, ქვედა – უმცროსს. ვფიქრობდით, ცოლებს რომ მოიყვანენ, თავისი სივრცე ექნებათ და ჩვენ, ცოლ-ქმარი, ერთ ოთახში შევიკუჭებით, მეტი რად გვინდაო. ასეც მოხდა. დაქორწინდნენ და რძლებს რომ თვალებში არ გამოვჩხეროდით, ჩვენ მართლა ცალკე ვიყავით. დილით ადრე ვდგებოდი, ვალაგებდი ორივე სართულს, ეზოს, რაც შემეძლო ვეხმარებოდი რძლებს, მაგრამ რად გინდა? ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, რომელიმეს რომ არ სწყენოდა, ჩხუბის დროს ვერცერთის მხარეს ვერ ვიჭერდი და საბოლოო ჯამში, მე გამოვიჭყლიტე. იმდენი ქნეს, სანამ სახლი არ გაყიდეს, ფული ორად გაყვეს და ცალ-ცალკე ბინები იყიდეს და დასახლდნენ. მე და ჩემს ქმარს არც შეგვეკითხნენ, ორი კაპიკი მოგვიგდეს, იმდენი, ბინის ყიდვა რომ ვერ შევძელით და დღესაც ქირით ვცხოვრობთ. სადაც დავიჩივლე, ყველამ მითხრა: რძლები კი არა, შენი შვილები არიან დამნაშავე, მაგრად ვერ დადგნენ და დედ-მამა ცოლებს გადააყოლესო. მართალიცაა. მაგრამ არ მინდა, ოჯახებში სიტუაცია დაეძაბოთ და ამიტომ ხმას არ ვიღებ. სანამ მე და ჩემს ქმარს მუშაობა შეგვეძლება, თავს გავიტანთ. რომ მოვხუცდებით, მერე აღარ ვიცი, რა გვეშველება. არც შვილების იმედი მაქვს, არც რძლების და არც შვილიშვილების. მხოლოდ მაშინ რეკავენ, თუ ფული სჭირდებათ, ისე ერთხელ არ მოგვიკითხავენ. ხშირად ვფიქრობ: სად დავუშვი შეცდომა, როგორ უნდა მემოქმედა, რომ ამ დღეში არ ჩავვარდნილიყავი, მაგრამ ვერ ვხვდები. ძმებს შორისაც დაპირისპირებაა. არადა, შესაშური ძმობა ჰქონდათ. რაც ცოლები მოიყვანეს, სულ მათ ჭკუაზე გადავიდნენ. არ ვიცი ასეთი რა გაუკეთეს. ნუთუ არ ფიქრობენ, რომ ისინიც დაბერდებიან და მათმა შვილებმა რომ იგივე გაუკეთონ, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, რა ჭკუაზე იქნებიან. არ ვიცი, ვეღარ ვხვდები რა ვქნა. ისიც მიფიქრია, საერთოდ აღარ მოვიკითხავ, იცხოვრონ, როგორც უნდათ-მეთქი, მაგრამ დედა ვარ, გული არ მითმენს და რომ არ მირეკავენ, თავად ვურეკავ და ვკითხულობ. არც კი ინტერესდებიან რას ვჭამთ, რას ვსვამთ, ან ბინის ქირას და კომუნალურებს როგორ ვიხდით. ერთხელ ჩემმა რძალმა ისიც კი მაკადრა: უკვე იმ ასაკში ხარ, რაღას მუშაობ, დაჯექი სახლში, ცოტა მადა მოთოკე და იკმარე პენსიაო. ის კი არ მითხრა: დედა, მაპატიე სხვის ბინაში რომ ხარ, ნუღარ წვალობ, დაჯექი მშვიდად სახლში და თუ რამე დაგჭირდა, შენ გვერდით მიგულეო. მოკლედ, სხვისთვის მიწვალია და გამიზრდია ჩემი შვილები, სულ ტყუილად გავიტანჯე სამშენებლო მასალების თრევით ბინის აშენების დროს და ჩემი ჯანმრთელობა და ნერვებიც ტყუილად შევწირე. ახლა რა დამრჩა? რომ მოვკვდე, სხვისი ბინიდან გასასვენებელი ვარ, ამისთვის ვიშრომე მთელი ცხოვრება? მართალია, ჩემი შვილების ბრალია, ახლა რა დღეშიც ვართ მე და ჩემი ქმარი, რომ არა მათი სუსტი ხასიათი, ცოლების ენებს არ აჰყვებოდნენ, არც სახლს გაყიდდნენ და ძმურად იცხოვრებდნენ, დააფასებდნენ იმას, რაც ჩვენ, მშობლებმა წლების განმავლობაში შევუქმენით. არც ის მინდა ვთქვა, ღმერთი ზემოდან იყურება-მეთქი. თან, გული მწყდება, თან, ვბრაზობ და თან, ყოველ ღამე ღმერთს მათ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვთხოვ.

მარინა, 69 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...