რატომ ვერ თავსდება ერთმანეთთან ბედნიერება და ეჭვიანობა
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.09

ლამაზი, მოვლილი ქალი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის – კარიერა, ოჯახი, ქმარი, შვილი, სოციალური სტატუსი... მაგრამ, როგორც თავად ამბობს, როდის იყო შინაგანად მშვიდი, მას უკვე აღარ ახსოვს. ეჭვიანობამ მისი ცხოვრება ტანჯვად გადააქცია. ბევრს „დამადასტურებელი ფაქტიც“ არ აქვს, მაგრამ ყოველდღე ცხოვრობს ღალატის წარმოდგენაში და ეს ამოუხსნელი ეჭვი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე თვითონ სიმართლე. ეს ისტორია ბევრი ქალისთვის ნაცნობია.
თინიკო (45 წლის): შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ყველაფერი პატარა დეტალებით დაიწყო. ჩემი ქმარი ადრე სულ სახლში მორბოდა. სამსახურის შემდეგ ერთად ვვახშმობდით, ვსეირნობდით, სტუმრად დავდიოდით… შვებულება და დასვენების დღეებიც არასოდეს გაგვიტარებია ცალ ცალკე. და აი, ერთ დღესაც უცებ გაჩნდა უცნაური დისტანცია ჩვენ შორის. დაიწყო აუხსნელი დაგვიანებები: ერთხელ – „შეხვედრა მქონდა, გამიგრძელდა“... მეორედ – „მეგობართან ვარ“, მესამედ კი ტელეფონს საერთოდ აღარ იღებდა...
– და ამ ყველაფერმა გააჩინა ეჭვი, რომ მის ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდა?
– თავიდან შევეცადე, ეჭვებს არ ავყოლოდი და არ დამეჯერებინა, მაგრამ როცა ღამით მარტო იძინებ, გონება ათას სცენარს გაათამაშებს. ტელეფონიც სულ ჯიბეში ჰქონდა, ერთი წამით არ იშორებდა... პაროლიც შეცვალა… ჩემთვის ეს უკვე საგანგაშო სიგნალი იყო.
– პირდაპირი ფაქტი არ გინახავთ?
– არა და ეს მაწვალებს! ვერ ვხედავ, ვერ ვამტკიცებ, მაგრამ გულით ვგრძნობ. ერთხელ პერანგზე უცხო სუნამო დავაფიქსირე. ვკითხე, ვისთან იყავი-მეთქი. მიპასუხა: რა სისულელეს მეკითხები, ოფისში ყველას ესხა სუნამოო. თან ისეთი სახე ჰქონდა – ძალიან შეურაცხყოფილი, თითქოს მეუბნებოდა, უნდა გრცხვენოდესო… ხანდახან მგონია, რომ მე ვიგონებ. ვზივარ, ვუსმენ მის საუბარს, ვითვლი რამდენჯერ ახსენა „მეგობარი“. გამაგიჟა ამ ფიქრებმა, მაგრამ ვერ ვჩერდები, ვერ ვმშვიდდები..
– როგორ აისახა ეს ოჯახში? თქვენს ურთიერთობას ვგულისხმობ.
– იცით, სახლიც უკვე ბრძოლის ველი გახდა. წვრილმანებზე ვჩხუბობთ, თითქმის ყველაფერზე. შვილი – 8 წლის გოგონა, უკვე გრძნობს დაძაბულობას. ერთხელ მითხრა: „დედა, მამას რატომ ეჩხუბები?“ ეს სიტყვები გულში ხანჯალივით ჩამრჩა. მინდა, ბედნიერი ოჯახი, მაგრამ ამ ეჭვებმა უკვე ორივე დაგვღალა.
– სპეციალისტს დახმარება ხომ არ სთხოვეთ?
– კი. ერთხელ მივედი ფსიქოლოგთან. მან მითხრა, რომ ჩემი პრობლემა თვითშეფასებაშია, არა მხოლოდ ქმრის ქცევაში. თითქოს მართალია, მაგრამ როცა ღამით ტირილით იღვიძებ, არ გინდა თეორიები და გინდა სიმართლე.
– მომავალზე რას ფიქრობთ?
– არ ვიცი. არც ამაში ვარ ჩამოყალიბებული. ზოგჯერ ვფიქრობ, ჯობია, წავიდე. მაგრამ ერთ საღამოს მეტყვის – „შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ჩემი ოჯახი“. მითხარით, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა დავუჯერო? სიტყვები კი არაჩვეულებრივია, მაგრამ ფაქტები?.. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, გავიგო სიმართლე და დავანგრიო ოჯახი თუ ასე დავრჩე – გაურკვევლობაში. ორივე გზა ჯოჯოხეთივით მეჩვენება. მართლა არ ვიცი, რა სჯობს. ვიცი, რომ ჩემი ამბავი ბევრ ქალს მოაგონებს საკუთარ თავს. რამდენ ოჯახშია „უხილავი ომი“ მხოლოდ იმიტომ, რომ ეჭვები ფონად დაჰყვება ურთიერთობას. რამდენი ქალი იძინებს ღამით კითხვით: „ნეტავ ახლა სად არის, ვისთან არის?..“ დიახ, როცა გიყვარს, ეჭვიანობა ბუნებრივია. მაგრამ როდესაც ის ხდება ცხოვრების მთავარი ამბავი, იწყებს პიროვნების განადგურებას. ჩემს შემთხვევაში ფაქტები არ არსებობს, მაგრამ ეჭვები იმდენად ძლიერია, რომ უკვე ჩემს რეალობად იქცა. მართლა ძალიან ვიტანჯები.
– გარედან თქვენი ცხოვრება იდეალურად ჩანს.
– აი, სწორედ ესაა ტრაგედია – ყველას ჰგონია, რომ მე ბედნიერი ცოლი ვარ. მაგრამ როცა ღამით საწოლში მარტო წვები და ქმარს ელოდები, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები. მე ვგრძნობ, რომ ის მატყუებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან