გულახდილი საუბრები

რატომ ვერ შეიყვარებს ქალი ვერავის, თუ მან არ იცის რა არის ნამდვილი სიყვარული

№48

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 10.12, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ამბობენ, საკუთარი თავი თუ არ გვიყვარს, სხვასაც ვერ შევიყვარებთო. მყარი ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორ ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანს შორის. როცა ნამდვილად გიყვარს, ცდილობ, საკუთარი პიროვნების განვითარებას. ეს არის რეალობა და როცა არ ვიცით, როგორ გვიყვარდეს საკუთარი თავი, პრობლემები გარდაუვალია.

მარიკა (38 წლის): რაც მეტად მიყვარს და რაც უფრო დიდხანს მიყვარს, მით უფრო ვიზრდები. ვისაც ჭეშმარიტად ყვარებია, დამეთენხმება, ნამდვილი სიყვარული თავად ავსებს ადამიანს. სიყვარული მოქმედებაა და ის მხოლოდ ბედნიერების წყაროა.

– მიჯაჭვულობაც ძალიან ჰგავს სიყვარულს, რადგან ადამიანი სხვაზე ხდება დამოკიდებული.

– დიახ და სინამდვილეში ეს სიყვარული კი არა ანტისიყვარულის ფორმაა. საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაა, რადგან ხშირად იწვევს აგრესიას. სხვათა შორის, ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი, ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული, მაშინაც კი, რაც უნდა ძლიერი, მზრუნველი და პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული ვიყოთ. თუმცა ვცდილობთ, არ შევიმჩნიოთ ეს. ჩაიხედეთ საკუთარ თავში მშვიდად და ყურადღებით და დაინახავთ, რომ გსურთ იშვიათად მაინც იყოთ ვინმეს ზრუნვის საგანი. მაგრამ იცით, რა არის მთავარი? ეს გრძნობა და სურვილი არ უნდა იყოს დომინანტური. იმ შემთხვევაში, თუ დომინანტურია და მართავს თქვენს ცხოვრებას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დამოკიდებულების მოთხოვნილება. სხვაზე დამოკიდებული ადამიანი იმდენად ცდილობს უყვარდეს სხვას, რომ თავად სიყვარულის ძალა აღარ რჩება.

– ანუ, მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ ნამდვილი სიყვარული?

– ვფიქრობ, რომ უფრო ასეა. დამოკიდებული ადამიანები იშვიათად არიან კომფორტულად. ძნელად იტანენ მარტოობას. ვერ აღიქვამენ თავს, როგორც პიროვნებას, ფაქტობრივად, ისინი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვა ადამიანებთან ურთიერთობის წყალობით ახდენენ. დამოკიდებულება მართლა ძალიან წააგავს სიყვარულს, მაგრამ ის მიმართულია, რომ აიღოს და არა იმისკენ, რომ გასცეს. საბოლოოდ ის კი არ ამყარებს, არამედ ანგრევს ურთიერთობას. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარს, იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, იყოს მოსიყვარულე. შეიძლება, გაიცნოს ძალიან მიმზიდველი ადამიანი და ჰქონდეს მასთან დაახლოების სურვილი, მაგრამ ხედავდეს, რომ ამან შესაძლოა, დაანგრიოს ოჯახი, ჩუმად იტყვის ან გაიფიქრებს: „მგონი, მზად ვარ მიყვარდე, მაგრამ თავს ამის უფლებას არ მივცემ“. სიყვარულის გრძნობა შეიძლება, იყოს ამოუწურავი, მაგრამ შესაძლებლობა, იყო მოსიყვარულე ამოწურვადია. ამიტომაც უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელზეც მოვახდენთ ჩვენი სიყვარულის უნარის კონცენტრირებას, ნამდვილი სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც გვავსებს, ნამდვილი სიყვარული პასუხისმგებლიანი, დაფიქრებული გადაწყვეტილებაა.

– სიყვარულზე მუშაობას სხვადასხვა ფორმა აქვს და მთავარი არის ყურადღება.

– ყურადღება, სრული კონცენტრირება სხვა ადამიანზე ყოველთვის სიყვარულის გამოვლინებაა. ასეთ დროს ადამიანი დროებით უარს ამბობს საკუთარ შეხედულებებსა და სურვილებზე. ქმრის მოსმენა, როგორ ჩაიარა მისმა დღემ სამუშაოზე, ხშირად მისი პრობლემების შიგნიდან გაგება, მცდელობა, იყო უცვლელად მომთმენი და ძალიან ყურადღებიანი, ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ მოსაწყენია, დამღლელია და ძალებსაც გვართმევს. ეს რთული სამუშაოა. ქორწინების მერე, სწორედ, ჩვენი მოვალეობის გრძნობა გვეხმარება, გავუძლოთ შეყვარებულობიდან ნამდვილ სიყვარულში გადასვლის ეტაპებს. თუმცა, მოსიყვარულე მეუღლეებმა ზოგჯერ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა ერთმანეთს, თუ უნდათ, რომ მათი ცოლქმრული ურთიერთობა გახდეს მათი სულიერი ზრდის ხელის შემწყობი ფაქტორი. ანუ, ეს პრობლემად არ უნდა აღვიქვათ. ნამდვილი სიყვარულის უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებად ითვლება ის, რომ მოსიყვარულე გული ყოველთვის დაინახავს საყვარელ ადამიანში სრულიად დამოუკიდებელ არსებას. თუ შეგვიძლია სიცოცხლე იმ აზრით, რომ სიყვარული ჩვენი მარადიული თანამგზავრია, მაშინ ის ჩვენი მოკავშირე ხდება: მუდამ მზად არის მოგვცეს კარგი რჩევა. როცა მრჩევლად სიყვარულია. თუ გამუდმებით აცნობიერებ დროის საზღვრებს, რომელიც გამოყოფილი გვაქვს სიცოცხლისა და სიყვარულისთვის, შეძლებ, იცხოვრო მაქსიმალური სისავსით. მაგრამ თუ ღიად არ გვსურს ჩავხედოთ სახეში ჩვენს მოკავშირეს – სიყვარულს, ვერ გვეყვარება მთელი სისავსით.

– არანორმალური, ყველაფრის მომცველი სიყვარულიც ხომ არსებობს?

– დიახ. ეს ის მომენტია, როცა გიყვარს. გიყვარს სულის შეხუთვამდე, გულის გაჩერებამდე, კივილამდე.... ღამე გეღვიძება და გგონია, რომ მთელი სამყარო გებრძვის, ბოროტი ძალები გაშორებენ. მერე მოუთმენლობითა და მონატრებით თუ ვნებით პირთამდე ავსებული ფიქრობ, რომ ეს ბედისწერაა. საკუთარ გულისცემას ენდობი და თეთრ კაბაში თუ თეთრი კაბის გარეშე ხდები მეუღლე... დიახ, ეს არის აღმაფრენის სანეტარო წუთები. გეცინება საკუთარ თავზე, როგორ ძლებდი მის გარეშე ამდენ ხანს. რა უინტერესო იყო ცხოვრება, შენი საყვარელი მამაკაცი გვერდით რომ არ გყავდა. ყოველ დილას ბედნიერი იღვიძებ, თვალის გახელამდე ხელს აფათურებ საწოლზე, პოულობ და გეღიმება. დარწმუნებული ხარ, ის, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში, შენია. თავს გამარჯვებულად გრძნობ. არავის უყვარს შენსავით და არავინაა შენსავით ბედნიერი...

– ეს არ არის მშვენიერი?

– არის. მაგრამ თუ ამას არ ახლავს ის, რაზედაც ვილაპარაკეთ, გადის დრო და რაღაცები იცვლება. ჯერ თავს აჯერებ, რომ ყველაფერი გეჩვენება, მერე პრობლემას საკუთარ თავში ეძებ, ის ხომ იდეალურია, მას შეცდომის დაშვება არ შეუძლია. მერე ღამღამობით სააბაზანოში იკეტები და ჩუმად ტირი. არ გაიგოს, არაფერი იგრძნოს, ცოდოა, თავს დამნაშავედ ხომ არ აგრძნობინებ? გტკივა. არავის უმხელ. გაივლის. ყველაფერი გამოსწორდება. შორიდან კი არც არაფერია გამოსასწორებელი. თქვენ იდეალური წყვილი ხართ. გულში იმეორებ სიტყვებს – რაღაც გვჭირს. თითქოს ყველაფერი შეიცვალა. იკარგება ის, რაც გიყვარდა. გულის ძლიერი ტკივილიდან სიცარიელის შეგრძნება გრჩება. ამიტომ შენს გრძნობასა და ურთიერთობაში თავიდანვე უნდა დაალაგო ყველაფერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი