რატომ ვერ მიჰყვება ზოგიერთი ქალი საყვარელ მამაკაცს ცოლად და რა არის რეალურად შინაბერობის მიზეზი
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 08.12, 2023 წელი

კაცები ვარაუდობენ, რომ ქალები შინაბერებად, ძირითადად, ცუდი ხასიათის გამო რჩებიან. ამასთან, ფიქრობენ, რომ მათი მარტოობის მიზეზი ის ცუდი კაცები არიან, რომლებმაც ერთხელ მათ იმედი გაუცრუეს. რეალურად ზოგიერთი ქალის არჩევანს – უარი თქვას ოჯახის შექმნაზე, გაცილებით ღრმა მიზეზი აქვს. თანაც, არაერთი, ანუ ცალსახად იმის თქმა, რომ ქალმა გათხოვებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ მას ცუდი ხასიათი აქვს, გულუბრყვილობაა.
ანანო (38 წლის): 29 წლის ვიყავი, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობა რომ დავიწყე. ამ კომპანიის უფროსი თითქმის ჩემი ასაკის იყო და მას მანამდეც ვიცნობდი. საქმიან ვახშამზე ვიყავი, ერთ-ერთი უცხოური კომპანიის ხელმძღვანელებს თარჯიმნობას ვუწევდი და ისიც იქ მოვიდა, ძალიან მომეწონა. როდესაც გავიგე, ასეთი ახალგაზრდა უკვე სერიოზული კომპანიის მფლობელი იყო, უფრო აღვფრთოვანდი. ვფიქრობდი, თუ ვაკანსია გამოჩნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიმიღოს-მეთქი. ძალიან მალე სწორედ ჩემი პროფილის ვაკანსია გამოაცხადეს. განაცხადი და სამოტივაციო წერილი გავუგზავნე. მალე გასაუბრებაზეც დამიძახეს. კანდიდატებს თავად არჩევდა. აღნიშნა, თქვენი თავდაჯერებულობა მომწონს და ღიმილით მითხრა, შეგიძლიათ, ხვალიდანვე შეუდგეთ საქმესო. მე კი უკვე მომწონდა.
– ერთი ნახვით შეგიყვარდათ?
– უნდა ვაღიარო, რომ ასე იყო. მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. არავინ მახსოვდა, მხოლოდ მის გვერდით მინდოდა ყოფნა. ის კი, რბილად რომ ვთქვათ, არ იმჩნევდა. მე კი ოცნების კოშკებს ვაგებდი, მასზე ფიქრში ღამეებს ვათენებდი. წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ დავქორწინდებოდით, წავიდოდით ეგზოტიკიურ ქვეყანაში და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ თაფლობის თვეს გავატარებდით. ერთ დღეს კი ყველაფერი თავზე დამემხო. იმ დღეს სამსახურში არ მოსულა და... უცებ ყიჟინა – თანამშრომლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ჩვენმა უფროსმა ცოლი შეირთოო. მეხის გავარდნას ჰგავდა ჩემთვის ეს ამბავი. ვერაფრით ვიჯერებდი. რანაირად მოხდა, ვინ, როგორ, როდის შეიყვარა, როგორ გამომეპარა-მეთქი? იმ საღამოს სიცოცხლე აღარ მინდოდა, საწამლავის დალევასაც კი ვაპირებდი. მერე თავს შევუძახე, უნდა იბრძოლო-მეთქი!
– გებრძოლათ, ანუ ცოლ-ქმრის დაშორება გადაწყვიტეთ?
– არა. ასეთი ნამდვილად არ ვარ, რომ ვიღაცის უბედურება ვისურვო. ისინი უჩემოდაც დაშორდნენ წელიწად-ნახევარში. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და ვნერვიულობდი. სხვა კაცისკენ არც გამიხედავს. სამსახურში რამდენჯერმე გადამიშალა გული. ძალიან ნერვიულობდა, რომ ცოლთან ვერ ააწყო ცხოვრება, ჩემი შვილი უჩემოდ უნდა გაიზარდოს და ყველაზე ძალიან ამის მეშინოდაო. ვამშვიდებდი, რომ შეეძლო შვილზე ეზრუნა, ახალი ოჯახიც შეექმნა, სხვა ბავშვებიც გეყოლებათ და ყველაფერი დალაგდება-მეთქი. რას აღარ ვაკეთებდი, მისი გული რომ დამეპყრო. სექსუალური ქალის იმიჯიც მოვირგე და ისიც ვიკადრე, საქმიან შეხვედრაზე მაგიდის ქვეშ შარვლის ტოტში ფეხი შემეცურებინა... არც შეიმჩნია, დაბნეულად შემომხედა, ისე მიიღო, თითქოს შემთხვევით მომიხვდა ფეხი. მოკლედ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ საბოლოოდ ყველაზე სულელი ქალი აღმოვჩნდი. მან უკვე მეორე ცოლიც შეირთო, შვილებიც ჰყავს და ბედნიერია. მე კი... ვიმედოვნებდი, რომ ჩემს ერთგულებას იმით მაინც უპასუხებდა, რომ თბილად მაინც მომეპყრობოდა, წამახალისებდა, სამსახურში დამაწინაურებდა. ის კი ისევ ვერ მამჩნევდა. მაინც არ ვიტეხდი გულს. ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც მიხვდებოდა, ჩემი სახით რა ერთგული მეგობარი ჰყავდა. მშვენივრად იცოდა, რომ მიყვარდა, მაგრამ მას არ ვუყვარდი. ერთ დღეს კორპორაციული ვახშამი გვქონდა. ერთად რომ ვიცეკვეთ, ვიგრძენი, რომ მისი ხელი უგრძნობლად მომხვეოდა წელზე და მტკივნეულად გამაჟრჟოლა. მერე ტუჩები ყურთან მომიტანა... ეს წამებში მოხდა, იმ მცირე დროში იმდენი რამ გავიფიქრე, მეგონა, მაკოცებდა და მეტყოდა, რომ შეცდა, ამდენ ხანს რომ არ გამენდო, რომ ჩემსავით ვერავინ უერთგულებდა და ეყვარებოდა... მაგრამ, ჩემი ფიქრები წამში დაიმსხვრა – მითხრა, რომ არასოდეს მოვწონდი, როგორც ქალი, მაგრამ თურმე ძალიან მაფასებდა როგორც მეგობარს. ვიგრძენი, სისხლი როგორ გამეყინა, მერე შევტორტმანდი, მაგრამ გონს მაინც მოვეგე. არადა, მინდოდა იატაკზე გავწოლილიყავი და მეღრიალა, ისე, როგორც ბავშვობაში ვღრიალებდი ხოლმე, როდესაც რაღაცას ვერ ვაღწევდი. გამეცინა, საიდან დაასკვენი, რომ ჩემთვის, როგორც კაცი, მნიშვნელოვანი ხარ-მეთქი? აბა, რატომ არ თხოვდებიო, მარტო ჩვენთან სამ კაცს მაინც მოსწონხარო. ჩაიცინა... სულელი ვიყავი, უნდა მეთქვა, რომ სწორედ მის გამო დავრჩი მარტოდმარტო. იქნებ ამას ელოდა?! ვერ მოვერიე სიამაყეს და ვარ ახლა მარტოსული და მარტოხელა.
– ფიქრობთ, რომ თუ ამ ყველაფერს ეტყოდით, რამე შეიცვლებოდა?
– ალბათ, არა. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მის მეტი ვერავინ შევიყვარე. ამ ხნის ქალი ისევ ოცნებებში დავფრინავ, არადა, ვიცი, ვერასოდეს დავსკუპდები იმ ტოტზე, რომელიც დიდი ხანია დაკავებულია. ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას, ნურასოდეს გახდებით სიყვარულის მონა!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან