გულახდილი საუბრები

რატომ ვერ ხვდება ქალი, რომ რეალურად მანიპულატორ ქმართან ცხოვრობს

№11

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 27.03

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ შეფარული ძალადობა და მანიპულაცია ერთ-ერთი ყველაზე რთულად ამოსაცნობი ფორმაა. ის მსხვერპლს თანდათან ართმევს თავდაჯერებას და ხშირად წლების შემდეგაც კი უჭირს იმის გაცნობიერება, რომ ძალადობის გარემოში ცხოვრობს.

შესაბამისად, ოჯახში ძალადობა ყოველთვის ხმაურიანი არ არის. ხშირად ის არც ყვირილით იწყება და არც მუქარით გამოიხატება. ზოგჯერ ძალადობა იწყება ძალიან შეუმჩნევლად – პატარა შენიშვნებით, უხილავი ზეწოლით, ნელ-ნელა შეცვლილი რეალობით.

ასეთი ურთიერთობები გარედან ხშირად იდეალურადაც კი ჩანს. საზოგადოებაში ქმარი შეიძლება, ყურადღებიანი, მზრუნველი და მშვიდი ადამიანი იყოს, მეგობრების წრეში – კეთილგანწყობილი და ინტელექტითა და იუმორით ცნობილი, მაგრამ ოჯახში ურთიერთობა შესაძლოა, სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს.

მარიამი (43 წლის): თავიდან ყველაფერი ძალიან ლამაზად დაიწყო, ცოტათი ზღაპრულადაც კი. ჩემ მიმართ მუდმივად ყურადღებიანი, ძალიან მზრუნველი, კომპლიმენტებით მავსებდა, სულ მეუბნებოდა: განსაკუთრებული ხარ და შენნაირი ქალი ცხოვრებაში არ შემხვედრია, ჩემი ღვთის საჩუქარი ხარ და ვერ ვხვდები, რითი დაგიმსახურეო. ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. ძალიან მალე დაიწყო საუბარი ქორწინებაზე, ოჯახზე, მომავალზე. იმ დროს ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკულად მეჩვენებოდა.

– როდის შენიშნეთ და რა იყო ის პირველი ნიშნები, რომლებიც დღეს უკვე პრობლემურად გეჩვენებათ?

– თავიდან ეს კოშმარი ძალიან ნელ-ნელა, უბრალო კომენტარებით, „უწყინარი“ შენიშვნებით დაიწყო. მაგალითად, მეტყოდა: „ეს კაბა რაღაც, თითქოს არ გიხდება“ ან „შენ ისეთი ჭკვიანი მეგონე, რატომ თქვი ეგ?“ თან, ამას ისე ამბობდა, თითქოს, უბრალოდ, ჩემს დახმარებას ცდილობდა. მეც, სულელი, ვფიქრობდი, რომ გულწრფელი იყო. რეალურად ჩემი გულშემატკივარი მეგონა. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კომენტარები ყოველდღიურობად რომ იქცა, ძალიან დავიძაბე. საკუთარ თავში დავიწყე პრობლემის ძებნა.

– როდის მიხვდით, რომ ეს უბრალოდ შენიშვნები აღარ იყო?

– თუ ჩვენ შორის კამათი ხდებოდა, ბოლოს ყოველთვის მე ვიყავი დამნაშავე. ის ძალიან კარგად ახერხებდა სიტუაციის სათავისოდ შეტრიალებას. მაგალითად, თუ ვეუბნებოდი, რომ მისი სიტყვები მწყინდა, მიპასუხებდა: „შენ ზედმეტად მგრძნობიარე ხარ“, „წვრილმანებისგან ყოველთვის დრამას ქმნი. „საერთოდ ვერ იგებ ხუმრობას“... დროთა განმავლობაში ლამის დავრწმუნდი, რომ მართლა მე ვიყავი პრობლემა.

– იყო თუ არა მომენტი, როცა მიხვდით, რომ რეალობა თითქოს იცვლებოდა?

– დიახ, ეს ძალიან უცნაური გამოცდილებაა. ვერც გრძნობ, როგორ ნელ-ნელა გწამლავს. ხშირად მეუბნებოდა, რომ რაღაც არასწორად მახსოვდა. ამბობდა: „ეს ასე არ ყოფილა“, „შენ იგონებ“... ლამის ჭკუიდან შემშალა. საკუთარ მეხსიერებასაც კი აღარ ვენდობოდი.

– შეცვალა თუ არა ამ ურთიერთობამ თქვენი ცხოვრება?

– ძალიან. უფრო ჩუმი გავხდი. აღარ ვამბობდი იმას, რასაც ვფიქრობდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს კამათს გამოიწვევდა. ნელ-ნელა მეგობრებსაც დავშორდი, რადგან ჩემი ქმარი ხშირად მეუბნებოდა, რომ ისინი ცუდად მოქმედებდნენ ჩემზე. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ თითქმის აღარავინ დამრჩა, ვისთანაც გულწრფელად ვილაპარაკებდი. სრულიად ასოციალური გამხადა. ყველასგან იზოლირებული აღმოვჩნდი და ეს ჩემმა ქმარმა მოახერხა.

– რა იყო ის მომენტი, რომელმაც საბოლოოდ დაგაფიქრათ?

– ერთხელ შემთხვევით ჩემი მეგობარი შემხვდა და მითხრა: „ძალიან ვდარდობ შენზე. რა დაგემართა? საერთოდ აღარ ჰგავხარ საკუთარ თავს.“ ეს ფრაზა კი მეწყინა, მაგრამ ძალიან დამამახსოვრდა. მივხვდი, რომ მართლა აღარ ვიყავი ისეთი, როგორიც ადრე – თავდაჯერებული, თავისუფალი და გახსნილი.

– რა დაგეხმარათ სიტუაციის გაცნობიერებაში?

– ინტერნეტში წავიკითხე სტატიები მანიპულაციაზე, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და ძალიან ბევრი აღწერილი ქცევა ზუსტად ემთხვეოდა ჩემს რეალობას. პირველად მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ქმრის ქცევებში შემთხვევითი არ იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება. ასეთი ურთიერთობიდან წასვლა მხოლოდ ლოგიკური გადაწყვეტილება არ არის. ეს ემოციური პროცესია. დიდხანს ვფიქრობდი, იქნებ შევცვალო, იქნებ ყველაფერი გამოსწორდეს-მეთქი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება თანდათან ქრებოდა. მე ვქრებოდი, როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი. მერე ფსიქოლოგმაც ამიხსნა, რომ მანიპულაციური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირად სწორედ ასე ვითარდება – ნელა, შეუმჩნევლად და ეტაპობრივად. ერთ დღესაც პირდაპირ წამოვედი. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არ ელოდა და შოკი ჰქონდა. ახლა, როგორც ჩემი ფსიქოლოგი მირჩევს, ისე ვიქცევი და კარგად ვარ. თავიდან რიხზე იყო. მემუქრებოდა, მეუბნებოდა, რომ მის გარეშე დავიღუპებოდი. ახლა უკვე დარწმუნდა, რომ მისი გავლენის ზონაში აღარ ვარ, რომ ყოველდღიურად ძლიერი ვხდები და უკვე სხვანაირად იქცევა. მაღიარებს, მაგრამ მე მას არასოდეს დავუბრუნდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი