გულახდილი საუბრები

რატომ ვერ იცავს ზოგიერთი ქალი თავს ქმრის ძალადობისგან

№19

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 17.05

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

გენდერულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად წერენ, რომ საქართველოში ქალები ძალიან დაუცველები არიან. მეტიც, ბევრმა ისიც არ იცის, რა უფლებები აქვს ან ვის უნდა მიმართოს დასახმარებლად. შესაძლოა, ეს გადაჭარბებული გეჩვენოთ, მაგრამ რეალობა საკმაოდ მწვავეა. სტატისტიკა კი იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება, მოგეჩვენოთ.

სალომე (28 წლის): ადრე გავთხოვდი და უკვე სამი შვილის დედა ვარ. მიყვარდა და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, სკოლის დამთავრებისთანავე ოჯახი შევქმენი. რასაც ახლა ძალიან ვნანობ.

– ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო? არ იყო თქვენი სიყვარული მყარი?

– ყველაფერი ერთად. არც კარგად ვიცნობდი და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ ვიფიქრე მომავალზე. საშუალო განათლებით დავრჩი. ხელსაქმეც კი არ ვიცი, რომ საკუთარი ფული მქონდეს. მთლიანად ქმრის კმაყოფაზე ვარ, რომელსაც ურიგო შემოსავალი არ აქვს, მაგრამ სულ მაყვედრის. უსაქმურს მეძახის და აგდებულად მექცევა, შვილების თვალწინ მამცირებს. არადა, რომ მივყვებოდი, მპირდებოდა, პროფესიულში ჩაგაბარებინებ, რაც გაინტერესებს იმ საქმეს გასწავლი და არც მუშაობას დაგიშლიო. ახლა ვხვდები, ეს რატომ არ გააკეთა. ჩემი ფული რომ მქონდეს, ამდენს არ მოვითმენდი და ჩემზეც ასე ვერ იბატონებდა.

– სისტემატური სახე აქვს ქმრის მხრიდან თქვენზე ძალადობას?

– მუდმივად ამას აკეთებს. იმის გამო, რომ დიქტატორ ქმარს ენას ვერ ვუბრუნებ, ბავშვებთან გამოვხატავ მრისხანებას და მერე მათი შეშფოთებული სახეები მაწუხებს. მათ რა დააშავეს. უტვინო არსებას მეძახის, რომელიც ტვირთად აწევს და რომ არა ის, შიმშილით სული გამძვრებოდა. მეც ვითმენ, რადგან არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს.

– როგორ შეგიყვარდათ, თუ მანამდე არ ამჟღავნებდა?

– თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩემზე ორი წლით უფროსია. სკოლა რომ დაამთავრა, უმაღლეს სასწავლებელში იმის გამო არ ჩააბარა, რომ მე ყურადღება მომაკლდებოდა და ეშინოდა, ვინმეს ჩემი თავი არ წაერთმია. მეუბნებოდა, ამას ვერ გადავიტანო. ცოლად რომ შემირთო, უმაღლეს სასწავლებელში მერე ჩაირიცხა. ხუთი წელი უბედნიერესი ცოლ-ქმარი ვიყავით. მუშაობა რომ დაიწყო, მერე შეეცვალა ხასიათი. ალბათ, საყვარელი გაიჩინა, აბა, რა ვიფიქრო? სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. მის მეგობრებს თან ვყვები. ჩემს სადღეგრძელოს სვამენ, ჩვენი და ხარ, ოქროს ხელები გაქვს, შენ გამო აქ მოსვლა გვიხარიაო. ის კი ღიმილით იფერებს და მეორე დღეს, გამოფხიზლებული ისევ აუტანლად მექცევა.

– არ გიცდიათ დალაპარაკებოდით?

– როცა ვცდილობ, დაველაპარაკო, დამცინის. შენი თავი ამოწურეო. მიყვარდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რატომ მომეწონეო... ერთხელ ვუთხარი, ასე ცხოვრებას სჯობს, დავშორდეთ-მეთქი. წადი, ვინ გაკავებსო. ვუთხარი, იზრუნე იმაზე, რომ შენს შვილებს არაფერი მოაკლდეთ და დღესვე წავალ-მეთქი. გამლანძღა. შვილებით სპეკულირებ, მათ კისერზე ჩამოკიდებულს გინდა, ცხოვრება მოიწყო. ბავშვებს არსად ვუშვებ, ყველაფერი მათია, შენ მომშორდიო. რა ვქნა, შვილები დავტოვო? ერთხელ ვცადე და ბავშვებთან ერთად მეგობრის დაკეტილ სახლში გადავსახლდი. მოვარდა, ბავშვებს ხელი დაავლო. ატირდნენ, დედას გარეშე არ წამოვალთო. მერე გამოცრა, რაღა ძიძა ვიქირავო, წამოეთრიე და მოუარე ბავშვებსო.

– ფიზიკურადაც გეხებათ?

– არა. ამასაც რომ აკეთებდეს, ალბათ, უკვე მკვდარი ვიქნებოდი, მაგრამ ზოგჯერ მინატრია, ნეტავ მცემოს და მომკლას-მეთქი. არავის სჯერა, ასეთი არარაობა ქმარი რომ მყავს. ყველას ანგელოზად აჩვენებს თავს.

– მშობლებს თუ გაუმხილეთ სატკივარი?

– კი, დედასთან დავიჩივლე... ისევ მე გამამტყუნა. თავის დროზე დაგეჯერებინა ჩვენთვის, აჯობებდა. ახლა სამშვილიანი ქალი სად მიგიღოთ, ჩვენ ძლივს ვეტევითო. დედამთილსაც შევჩივლე და დამწუხრებულმა გადმომხედა: მამამისიც ასეთი იყო, სიცოცხლეს მიმწარებდა, მაგრამ ვითმენდი. ქალის ბედიც ეგ არის, უნდა მოითმინო. აბა, ოჯახს ხომ არ დაანგრევ და სამი შვილით ღია ცის ქვეშ ხომ არ გახვალ, ასაკში შევა და დაწყნარდებაო. რატომ, ხალხო, რა დავაშავე, მე ადამიანი არ ვარ? რატომ არ უნდა ვიცხოვრო მშვიდად?

– იქნებ რამე საქმე გესწავლათ, ეგებ აზრი შეეცვალოს და დაგაფასოთ...

– დამცინის, შენ მხოლოდ მზარეულად, მრეცხავად და დამლაგებლად ვარგიხარო. არადა, მასზე უკეთ ვიყავი მომზადებული. უმაღლესში ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – ქალს ქმრის მეტი უფროსი არ უნდა ჰყავდესო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მას მონა სჭირდებოდა, რომლითაც თავსაც მოიწონებდა და მიწასთანაც გაასწორებდა. 28 წლის ვარ, ახალგაზრდა ქმარი მყავს, რომელიც ჩემ გვერდით ცხოვრობს და უკვე სამი წელია, ჩემთან არ დაწოლილა. თავს მამადლის, შენთვის როგორ დავიხარჯებიო. არ ვიცი, ვის ვთხოვო დახმარება. ალბათ, მალე გავგიჟდები. თუ ჩემი ცხოვრება არ შეიცვალა, დედადაც აღარ ვივარგებ. მირჩიეთ რამე, გამაგებინეთ, ცოლი ვარ თუ მონა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული