გულახდილი საუბრები

რატომ ვერ არჩევენ ქალები სიყვარულს ემოციური დამოკიდებულებისგან

№34

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 05.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ხშირად გვგონია, რომ ის, რასაც განვიცდით სიყვარულია, სინამდვილეში ემოციური დამოკიდებულებაა. ეს ის მახეა, რომელშიც შეუმჩნევლად ვვარდებით. ჩვენ ვრჩებით ურთიერთობაში, რომელიც აღარ გვავსებს არც ემოციურად, არც გონებრივად, არც ფიზიკურად... მაგრამ მაინც ვრჩებით. რატომ ვკარგავთ თავისუფლებას იქ, სადაც თავი უსაფრთხოდ გვეგონა?! როგორ ამოვიცნოთ ემოციური დამოკიდებულება და როგორ დავასრულოთ ის მშვიდად, ღირსეულად და სკანდალის გარეშე?!

რა არის სიყვარული და რა – ემოციური დამოკიდებულება?

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ხშირად ერთმანეთში ირევა, რეალურად ერთი სიღრმისეულად განსხვავდება მეორისგან: პირველში თავისუფლებაა, მეორეში კი – შიში.

სიყვარული – ჯანმრთელი კავშირია, რომელსაც თან სდევს ურთიერთპატივისცემა, ინდივიდუალობის შენარჩუნება და ზრდის სურვილია, როგორც საკუთარი, ასევე, პარტნიორის.

ემოციური დამოკიდებულება – ეს კი არის მდგომარეობა, როცა პარტნიორის გარეშე თითქოს არსებობა ვერ წარმოგიდგენია. ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს, თავად კი ნელ-ნელა იკარგები. მიტოვების, ღალატისა და კონფლიქტის მუდმივი შიში გაქვს – ეს ამ დამოკიდებულების თანმდევი ნაწილია.

ნია (37 წლის): საქმე ისაა, რომ მე თავად ვიყავი ემოციური დამოკიდებულების მსხვერპლი. ემოციური დამოკიდებულება ხშირად ინიღბება სიყვარულის სახელით. ადამიანი გრძნობს მარტო დარჩენის შიშს. ეს შიში კი ისეთი ძლიერია, რომ ფარავს ჩვენს რეალურ მოთხოვნილებებს. როგორ აგიხსნათ... ემოციური დამოკიდებულება იმით გამოირჩევა, რომ მის გარეშე თავს არაფრად გრძნობ. შენს ემოციურ ბალანსს მთლიანად ერთი ადამიანი განსაზღვრავს. ეს არ არის სიყვარული – ეს არის ემოციური დამოკიდებულება. მაგრამ ამას გვაინ ხვდები.

– როგორ მივხვდეთ, რომ ეს სიყვარული აღარ არის?

– როცა მუდმივად გიწევს კომპრომისებზე წასვლა საკუთარი საზღვრების ხარჯზე, როცა აღარ არსებობს თავისუფლება, როცა ურთიერთობა იკვებება არა სიამოვნებით, არამედ აუცილებლობით. ზღუდავს თავისუფლებას, ემოციური დამოკიდებულება ანადგურებს სიყვარულსაც.

– როგორ გგონიათ, რატომ ვრჩებით ასეთ ურთიერთობებში?

– როგორც უკვე გითხარით, პირველ რიგში, შიშის გამო. მიტოვების შიში, მარტოობის შიში, საზოგადოების მხრიდან შეფასებების შიში. ასევე, ხშირია საკუთარი თავის მიმართ დაბალი თვითშეფასება, რის გამოც გგონია, რომ მეტს არ იმსახურებ.

– როგორ შეიძლება ამ პროცესიდან გამოსვლა? თქვენს მაგალითზე რომ მოგვიყვეთ.

– ყველაფერი გაცნობიერებით იწყება. საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენით. აუცილებელია, რომ მივიღოთ ის ფაქტი, რომ ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა და სწორედ ამ ეტაპზე იწყება საკუთარ თავზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. დამოკიდებულება სიყვარული არ არის, იმიტაციაა. აცარიელებს ადამიანს, აკარგვინებს ინდივიდუალობას და დამოკიდებულს ხდის სხვის განწყობაზე. აუცილებელია ჯერ გააცნობიერო მდგომარეობა – დაფიქრდე, ჰგავს თუ არა ეს ურთიერთობა თანასწორობას, თავისუფლებასა და სიყვარულს. უნდა იცოდე, რომ სირცხვილის, შიშის, ბრაზის განცდა ნორმალურია. წასვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ერთ დღესაც მაინც უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. რაც უფრო გვიან გააკეთებ ამას, მით უფრო გაგიჭირდება. თერაპია უნდა ჩართო, თუ გინდა, რომ სწრაფად გამოხვიდე კრიზისული სიტუაციიდან.

– თერაპია, ანუ… რა გვიშველის..

– გეტყვით, უნდა იპოვო ის, რაც დაგაბრუნებს საკუთარ თავთან – საქმიანობა, მიზნები, ჰობი. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ემოციური დამოუკიდებლობა თავისუფლების საწყისია. ეს მტკივნეული გზაა. მაგრამ საკუთარი თავის სიყვარულთან მიყავხარ. ხოლო როცა საკუთარი თავი გიყვარს, აღარ ხარ ატუზული იმ კართან, რომელიც ერთხელ უკვე ცხვირწინ დაგიკეტეს. სიყვარული თავისუფლებაა და არა ტყვეობა.

– რა განასხვავებს ნამდვილ სიყვარულს ემოციური დამოკიდებულებისგან?

– სიყვარული - ეს თავისუფლებაა, ემოციური დამოკიდებულება კი – მარტო დარჩენის შიშია. სიყვარული გვაძლიერებს, ემოციური დამოკიდებულება კი გვამცირებს და საკუთარ თავს გვაკარგვინებს. ემოციური დამოკიდებულება ხშირად მოდის ბავშვობის ტრავმიდან. თუ ბავშვი ვერ იღებდი მუდმივ, სტაბილურ სიყვარულს, მას ზრდასრულობაში დაეძებ, როგორც გადარჩენის ინსტრუმენტს და არა, როგორც თანასწორ ურთიერთობას. მე ეს ახლა უკვე ზუსტად ვიცი. მიყვარს საკუთარი თავი და არც თავისუფლებას დავთმობ ადვილად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა