გულახდილი საუბრები

რატომ ვერ ააშენებ საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე და რისი გააზრება არ გვაწყენდა ქალებს

№18

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 13.05, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი, გაუგონ ერთმანეთს, – ასე მიაჩნიათ ფსიქოლოგებს. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენს ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემების დიდი ნაწილის მიზეზიც სწორედ ეს არის. კარგი იქნებოდა, ერთმანეთს თანადგომისა და გატანის მაგალითები ვაჩვენოთ, არ დავჩაგროთ, არ გავლანძღოთ და გული არ ვატკინოთ. შესაძლოა, რაღაც მომენტში თავი გამარჯვებულადაც იგრძნოთ, მაგრამ ეფექტი აუცილებლად ხანმოკლე იქნება, იმედგაცრუება კი – განსაკუთრებით მტკივნეული. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ადამიანები ძალიან იშვიათად ვუცხადებთ ერთმანეთს სოლიდარობას. ანუ, არ ვუდგავართ მხარში და შედეგსაც შესაბამისს ვიმკით.

თინათინი (31 წლის): სულ ის ისმის, რომ ადამიანებს სოლიდარობის განცდა გვაკლია, განსაკუთრებით ქალბატონებს არ გვაწყენდა, გვეგულშემატკივრა ერთმანეთისთვის. მგონი, განსაკუთრებული მიხვედრილობა არ სჭირდება იმის გაცნობიერებას, რომ სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააშენებ. დავიმახსოვროთ ეს მარტივი ჭეშმარიტება. ნეტავ, ჩემი ცხოვრების წიგნიდან რამდენიმე ფურცლის ამოხევა შემეძლოს, ბევრ რამეს შევცვლიდი, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი არაფერში მიმიძღვის. მე რომ ის კაცი გავიცანი, მითხრა, ცოლს გაცილებული ვარო. სხვა შემთხვევაში, მასთან ურთიერთობას არ დავიწყებდი. ფლირტის დონეზე კიდევ დასაშვებად მიმაჩნია.

– ცოლიან მამაკაცთან ფლირტი სერიოზული ურთიერთობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის?

– არ ვიცი. შეიძლება, არის. მე მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც ბევრჯერ უთქვამთ, ცოლიანი კაცი ჩემთვის მკვდარია, საერთოდ არაფერს წარმოადგენს და თავიც რომ მოიკლას, ყურადღებას არ მივაქცევ, ისინი სანდონი არ არიან. მათი ცოლების გვესმის, რადგან ცოლიანი კაცი აუცილებლად დაკომპლექსებული და იდიოტიაო. მრცხვენია, მაგრამ უნდა ვთქვა – არასოდეს ვუთანაგრძნობდი მოტყუებულ ცოლებს. კაცების მხარეს ვიყავი. ვფიქრობდი, ალბათ, აქვთ მიზეზი და ღალატობენ-მეთქი. სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, რომ ზოგიერთ კაცს ღალატისთვის მიზეზი საერთოდ არ სჭირდება. ბუნებით არის მოღალატე და ერთგული ვერც ერთ ქალთან ვერ იქნება. ცხოვრებამ უკვე კარგი გაკვეთილი ჩამიტარა. ახლა უკვე ვიცი – ქმარმა ცოლს უღალატა და ესე იგი, ეს ცოლის ბრალია, მას რაღაც დააკლოო – ეს წარმოუდგენელი შეცდომაც არის და უსამართლობაც. საერთოდაც, ვინ დაადგინა სრულყოფილების კრიტერიუმები. არსებობს კი სრულყოფილება? თავად ის მამაკაცი არის სრულყოფილი? ახლა უკვე ვიცი, როგორ იქცევა ღირსეული მამაკაცი. თუ მას ცოლთან ისეთი პრობლემები აქვს, რომ მასთან ერთჭერქვეშ აღარ ეცხოვრება, ჯერ დაამთავრებს მასთან ურთიერთობას, გაარკვევს, დაალაგებს სიტუაციას და მერე იწყებს ახალი პარტნიორის ძებნას.

– ეს ჭეშმარიტება თქვენ მერე გაიგეთ?

– დიახ. სულელი გოგო ვიყავი, რომელსაც თავისი „ოცნების მამაკაცის” ყველაფერი სჯეროდა. გაცნობისთანავე მომეწონა. მეგობარმა გამაფრთხილა, ცოლიც ჰყავს, შვილიც და შეეშვი, მერე გული გეტკინებაო. არ დავუჯერე. მეგონა, რომ მართლა შევუყვარდი. მარწმუნებდა, ცოლს უკვე კარგა ხანია გავშორდიო. მეც, ალბათ, მინდოდა, რომ დამეჯერებინა. ხომ იცით, ქალების სენი ეს არის – იჯერებენ იმას, რისიც თავად სჯერათ, ანუ, უნდათ, რომ სჯეროდეთ. რატომ ვიტყუებთ თავს ზოგჯერ შეგნებულად, გაუგებარია. ბევრი მიფიქრია ამაზე და ვერ მივხვდი. მე ამ მამაკაცისგან ყურადღება, სითბო, განებივრება, საჩუქრები, სიურპრიზები მინდოდა, ის, რაც ყველა ნორმალურ ქალს უნდა. ზოგიერთ ქალს, ოღონდ ქმარი ჰყავდეს და ყველაფერზე თანახმაა. არ მინდა, ისევ ცოლების წინააღმდეგ გამოვიდე, მაგრამ ისინი რომ საკუთარ ქმრებს ყველაფერზე თვალს არ უხუჭავდნენ, ასეთ სიტუაციამდე არ მივიდოდით.

– გინდათ, ქმრის მოღალატურ ბუნებაში ცოლი დაადანაშაულოთ?

– არა. უბრალოდ, ცოტა მაგრად უნდა დავუდგეთ კაცებს. მე დავიჯერე, რომ ცოლს უკვე გაშორებული იყო, მაგრამ იმან ხომ იცოდა, ქმარი აღმა-დაღმა რომ დადიოდა. რატომ ადრე არ მომძებნა და არ მკითხა: რა ხდებაო? არ მითხრა, როგორი „ძვირფასი” ქმარი ჰყავდა. უფრო ადრე ამეხილებოდა თვალები. მე აღარც კი ვცადე, დამეზუსტებინა, რა მოხდა სინამდვილეში მასა და მის ცოლს შორის. ვერსია მომიყვა და დავიჯერე. ეტყობა, ყველა მოღალატე მამაკაცს ერთი, კარგად დამუშავებული ვერსია აქვს: რომ ის ქალი არ უყვარდა, ისე ხვდებოდა. მერე იმან ძალით დაიორსულა თავი და ამანაც ვეღარ მიატოვა, სინდისმა და პასუხისმგებლობამ ცოლად შეართვევინა – ბავშვს რომ არაფერი მოჰკლებოდა. მაგრამ ახლა შეგხვდი და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება შენ გარეშე არაფერს ნიშნავს. ამიტომ გავშორდი მას. ბავშვს არაფერს მოვაკლებ, მაგრამ სულ შენთან მინდა ვიყო... მეტი რა მინდოდა. მანქანა მაჩუქა. დაბადების დღეზე სამოგზაუროდ წამიყვანა. მეც მომინდა, მისთვის რაღაც კარგი გამეკეთებინა და ვუთხარი, მინდა, შენი გოგონა გავიცნო, დავუმეგობრდე, რომ მერე ჩვენს შვილებთან იმეგობროს-მეთქი.

მისი მობილური საკმაოდ ხშირად რეკავდა და ყოველთვის მეუბნებოდა, ეს ჩემი ყოფილი ცოლი რეკავსო. ნახე, რა დღეშია და როგორ ცდილობს, დავუბრუნდეო, რას აღარ კადრულობს, ბავშვით სპეკულირებსო. ძალიან მეშლებოდა ნერვები იმ ქალზე: რა უთავმოყვარეო ვინმეა, ხომ ხედავს, რომ არ უყვარს-მეთქი.

– შვილი გაგაცნოთ?

– არა. სულ დებდა შესაფერისი დროისთვის. მეუბნებოდა, დედამისი მას ჩემ წინააღმდეგ განაწყობსო. ახლა რომ შენც დაემატო, სულ გაგიჟდება და შვილს წამართმევსო. შეიძლება, ეს ქალური ეგოიზმის გამოვლინება იყო, მაგრამ გადავწყვიტე, ყველაფერი მე თვითონ გამერკვია. მის ცოლს დავურეკე და რომ ვუთხარი, ვინც ვიყავი, ძალიან გაუკვირდა – რა გინდათ ჩემგანო და მეც ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი. ყოფილ ქმარს ბავშვით აშანტაჟებთ, სპეკულირებთ და ცდილობთ, დაიბრუნოთ-მეთქი. თქვენ ნორმალური თუ ხართ? რა სისულელეა, მოტყუებული ხართ, იქნებ აზრზე მოხვიდეთო. ძალიან ვიყავი გამწარებული. არც ერთი სიტყვა არ დავუჯერე. ეს საზიზღარი ქალი როგორ ცდილობს, დაგვაშოროს-მეთქი. შეხვედრა ვთხოვე. ჯერ უარზე იყო, არაფერი საქმე არ მაქვს ვიღაცის საყვარელთანო. მერე დამთანხმდა და შევხვდი. ძალიან ვინანე, ასე რომ ვმსჯელობდი მასზე, ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ძალიან ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა. კარგია, რომ ყველაფერი გაირკვა. მაგრამ ისეთი შვილი მყავს, არ ვნანობო. მაგისი არაფერი მჭირდება, საერთოდ ნუ მოვა, არ ვაიძულებ. ეგ ისეთი ადამიანია, ბედნიერებას ვერავის მოუტანსო. მივხვდი, ორივე ფეხით გავები იმ ნაძირალას მახეში. ერთხელ ჩუმად უკან გავყევი. დავინახე, როგორ შეხვდა ვიღაც გოგოს და როგორ კოცნიდა. მერე მანქანაში ჩაისვა. ახლა მარტო ვარ, სინანული მკლავს – რატომ ვიყავი ასეთი ბრმა, რატომ მეგონა, რომ მე ვუყვარდი და მიერთგულებდა. ქალები ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ, მაშინ მამაკაცები ვეღარ დაგვჩაგრავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი