გულახდილი საუბრები

რატომ უცრუებენ მამაკაცები იმედს და უარს ათქმევინებენ სიყვარულზე ქალებს

№18

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.05, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ოჯახი უბრალოდ, ხელაღებით არ ინგრევა, წინაპირობა ყოველთვის არსებობს. მამაკაცი იშვიათად მიდის უცებ, ამ მომენტამდე შეიძლება, წლებიც კი გავიდეს. ურთიერთობა დასრულებულია, მაგრამ ერთხანს კიდევ ცხოვრობენ ერთად, ამ დროს მამაკაცი სხვა ქალთან ახალი ურთიერთობისთვის მზად არის. თუ პარტნიორები დაქორწინებული არ არიან და არ ჰყავთ საერთო შვილები, სიტუაცია მარტივია. ასეთ დროს მამაკაცს ახალი სიყვარულის საპოვნელად დიდი დრო არ სჭირდება. ის შეიძლება, უბრალოდ, გაქრეს. ვინც უფრო გაბედული და წესიერია, დამშვიდობებას ამჯობინებს. თუ ბავშვები ჰყავთ, საქმე უფრო რთულადაა და „ახალი ბუდის“ მოწყობა შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. თუმცა, მამაკაცები ქალებზე იშვიათად მანიპულირებენ განშორებით და თუ ის ამაზე ალაპარაკდა, ქალი ამას სერიოზულად უნდა მოეკიდოს. როგორც წესი, ამ დროს ურთიერთობის აღდგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცი ქალის ცრემლებს დაჰყვა და მეორე შანსი მისცა, მაინც არაფერი გამოვა. როცა მამაკაცისთვის ფსიქოლოგიურად ურთიერთობა დასრულებულია, მის აღსადგენად არ დაიხარჯება.

ქეთი (43 წლის): ასე მგონია, მამაკაცები მხოლოდ საკუთარ კომფორტსა და სექსზე ფიქრობენ. მათ გვერდით მყოფი ქალის გრძნობები კი არაფრად მიაჩნიათ. ამის დასტური ისიც არის, რომ ჩემმა ქმარმაც და შეყვარებულმაც ის ქალები მიატოვეს, რომელთა გულისთვისაც ჯერ მე მიმატოვეს. ჩემი ქმარი ისეთი მზრუნველი და მოსიყვარულე იყო, ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და მის სიყვარულში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მოულოდნელად, ქმარს აშკარა ცვლილებები შევატყვე. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა, ხან თათბირს იმიზეზებდა, ხან სხვა რამეს. არ მინდოდა იმის გაცნობიერება, რომ მღალატობდა... ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი იყო – რომ არ გინდა სიმართლე დაიჯერო, მაგრამ ზუსტად რომ იცი, ეჭვი უსაფუძვლო არ არის.

– ალბათ, ყველა მოღალატე კაცი ერთმანეთს ჰგავს.

– ვფიქრობ, რომ ასეა. დაბადების დღე მქონდა. დილით ისე წავიდა, მოლოცვა დაავიწყდა. ვიფიქრე, ალბათ, ჩემი გაღვიძება არ უნდოდა და საღამოს აუცილებლად მომილოცავს-მეთქი. მთელი დღე ისე გავიდა, ერთხელაც არ დაურეკავს. მაინც ვცადე „გამომეძვრინა“ და ესეც დაკავებულობას მივაწერე. მეგობრები მესტუმრნენ. ჩემი ქმარი მოიკითხეს, სადააო. ვიცრუე – სიურპრიზს მიმზადებს-მეთქი. მართლა სიურპრიზი იყო მისი საქციელი. სტუმრები წავიდნენ, ბავშვი დავაძინე და გვიანობამდე ველოდე. ღამის 2 საათზე მოვიდა. ნასვამი იყო, რაღაცას ღიღინებდა. გაუკვირდა, რატომ არ გძინავსო და საძინებლისკენ წავიდა. ჩემი დაბადების დღე არც კი გახსენებია. ისე მეწყინა, ვიტირე.

– ამ ფაქტმა გაგიჩინათ ეჭვები?

– მანამდეც იყო წინაპირობა და თავს არ ვუტყდებოდი. დილით გულწრფელ საუბარში გამოწვევა ვცადე. ვკითხე, ვინმე ხომ არ ჰყავდა. მიპასუხა, რომ რაღაცები მეჩვენება, უბრალოდ, სამსახურში ძალიან იღლება და სალაპარაკო კი იმიტომ არ გვაქვს, რომ მას ჩემი დაქალების ამბები არ აინტერესებს. ამით ჩვენი დიალოგი დამთავრდა და ასე გაუცხოებულებმა გავაგრძელეთ ცხოვრება. .

– დალაპარაკება სხვა დროს აღარ გიცდიათ?

– ვერიდებოდი. ცუდის მოლოდინი მქონდა. ერთხელ გამთენიისას მოვიდა. ფეხაკრეფით შემოვიდა ოთახში და საწოლთან ჩამომიჯდა. გაოცებულმა შევხედე. გამომიტყდა, რომ სხვა შეუყვარდა და ამის დამალვა აღარ შეეძლო. დეტალურად მომიყვა, როგორ დაიწყო და განვითარდა მათი ურთიერთობა. თითქოს ცოლს კი არა, ძალიან ახლო მეგობარს უყვებოდა. მივხვდი, იმ ქალით მოჯადოებული იყო. მაშინვე დავიწყე ჩემი ნივთების ჩალაგება, მაგრამ სახლიდან თვითონ წავიდა. ასე დავრჩით მარტო მე და ჩემი 8 წლის შვილი. მერე დეპრესიამ შემომიტია. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ ოჯახის დანგრევის საშუალება მივეცი და მის შესანარჩუნებლად არაფერი მოვიმოქმედე, არ ვიბრძოლე.

– ასეთ დროს ბრძოლას აზრი აქვს?

– ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახლობლებს დაჯერება უჭირდათ – შენმა ქმარმა ეს როგორ გააკეთაო. განუწყვეტლივ ვტიროდი. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე. მეგონა, მოვკვდებოდი. მაგრამ ამისგან, თურმე, არავინ კვდება. ერთ არაჩვეულებრივ დილას გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ თავისუფალი ვიყავი ამ ჯოჯოხეთური გრძნობისგან. ალბათ, დრო მართლაც ყველაფრის მკურნალია. მივხვდი, რომ ისევ გემრიელად შემეძლო ყავის დალევა, ისევ ვგრძნობდი საჭმლის გემოს. თითქოს ისევ ფრთები შევისხი. სამსახურშიც გავედი, ძველებური ხალისი დამიბრუნდა. მეგობრებსაც ვხვდებოდი. ფლირტზეც არ ვამბობდი უარს. ერთ დღეს კი კარზე ზარი გაისმა. გავაღე და ჩემი ყოფილი იდგა, ხელში სათამაშოს ყუთი ეკავა. ბავშვის სანახავად მოვედიო.

– მანამდე არ გამოჩენილა?

– არა. არც რეკავდა. ბავშვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დიდხანს ითამაშეს, ილაპარაკეს. მერე ჩვენთან ერთად ივახშმა. არაფერი უთქვამს, ისე წავიდა. ამის შემდეგ, ყოველ ოთხშაბათს მოდიოდა, ვითომ ბავშვის მოსანახულებლად. მერე პატიება მთხოვა. მითხრა, რომ ჩვენზე ძვირფასი არავინ ჰყავს, რომ გაუსაძლისია უჩვენოდ ცხოვრება და ოჯახში დაბრუნება უნდა.

– აპატიეთ?

– შეიძლება, ეს არ უნდა მექნა, მაგრამ შევურიგდი. საქმე ისაა, რომ სანამ ცალ-ცალკე ვიყავით, ჩემს სამსახურში ახალი თანამშრომელი მიიღეს. ენერგიული, ხალისიანი და სიმპათიური ბიჭი. დავმეგობრდით და ლანჩზეც ერთად ჩავდიოდით. ბევრს მეხუმრებოდა და მაცინებდა. ისე შემომეპარა რაღაც უცნაური, დიდი ხნის წინ მივიწყებული გრძნობა, რომ ვერც მივხვდი. როცა ეს გავაცნობიერე, შევეცადე, თავი შორს დამეჭირა მისგან, მაგრამ გასაქანს არ მაძლევდა. მოკლედ, შემეშინდა თავი არ დამეკარგა. მისი საყვარელი ვერ გავხდებოდი. ამიტომ ვამჯობინე, ქმარს შევრიგებოდი. ქმრის დაბრუნებიდან 3 დღეში იმ ბიჭმა სასიყვარულო მესიჯი მომწერა, ცოლს ვშორდები, შენ მიყვარხარო. არაფერი მიპასუხია და ესემესიც წავშალე, მაგრამ გული ამოვარდნაზე მაქვს, ცხოვრება თავზე დამემხო, აღარ ვიცი, ვის დავუჯერო, ვის მივენდო და სად წავიღო ეს ჩემი გამწარებული სიყვარული. არც ერთი მამაკაცის არ მჯერა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი