გულახდილი საუბრები

რატომ უბრუნდებიან ცოლები ყოფილ ქმრებს მრავალწლიანი განშორების შემდეგ

№22

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 07.06

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

წყვილი ყოველთვის თავად წყვეტს, როგორი უნდა იყოს მათი ურთიერთობა. როცა რაღაც არ გამოდის, მიზეზები, უპირველესად, ამ ურთიერთობის სპეციფიკაში უნდა ეძებონ. თუმცა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია წყვილის პიროვნული თვისებები და ხასიათის ნიუანსები. არის შემთხვევები, როცა განშორების შემდეგ წყვილი რიგდება და ცხოვრებას ბედნიერად აგრძელებს. თუმცა ასეთი წყვილები გამონაკლისია.

დიანა (51 წლის): ჩემი ამბავი ცოტა განსხვავებული და უცნაურია – მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, თოთხმეტი წლის წინ დავშორდი ეჭვიანობის გამო. ისე მიყვარდა, რომ ვერ ვაპატიე. ვიცი, არიან ქალები, რომლებიც ერთს წაიჩხუბებენ და აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. მე მათიც მესმის. შეიძლება, ისინი უფრო სწორად იქცევიან, მაგრამ ჩემთვის ეს კატასტროფა იყო. როცა დავრწმუნდი, რომ საყვარელი ჰყავდა, გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წამოვედი კიდეც. მას შემდეგ მეც და ჩვენი ვაჟიც აღარ გავხსენებივართ. და უცებ... ახლახან ელექტრონულ ფოსტაზე მომწერა წერილი – იდიოტი ვარ, ასე რომ მოგექეციო.

– და ამ ერთი წერილით აპატიეთ?

– მართლა არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა. როდესაც დავშორდით, საცხოვრებლად ჩემი ძმის სახლში გადავედი და იქ მომივარდა, ძალით უნდოდა ჩემი და ბავშვის შინ დაბრუნება. ბიძაშვილი გვყავდა სტუმრად, ის ჩადგა შუაში. ამან ისე გააცოფა, რომ ხელითაც შემეხო. მაშინ ეს ამბავი არ გავახმაურე. ამის შემდეგ კიდევ ვიღაცას ეჩხუბა და იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. გავიგე, რომ კიდევ ერთი პირი ცოლ-შვილიც ჰყოლია. საყვარელმაც გაუჩინა შვილი. ის ქალი ყველანაირად ცდილობდა, ჩვენი ოჯახის ბოლომდე დანგრევას, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაბრუნების არანაირი მცდელობა არ მქონია. ყველგან უკუღმა ლაპარაკობდა: მე არ წამირთმევია ოჯახისთვის, რომ გავიცანი, ცოლს გაცილებული იყო. ის კი როცა მოუნდებოდა, სულ მირეკავდა და მეუბნებოდა – ჩემს ქმარს თავი დაანებე, თორემ არ გაგახარებო. უნდოდა, ჭკუიდან გადავეყვანე. მერე ეს ჩემს ყოფილსაც ვუთხარი.

– ეს, ალბათ, როცა შერიგდით იმის შემდეგ?

– დიახ. როცა ყველაფერი ვაპატიე და დაბრუნდა. გაბრაზდა. ჩემი თანდასწრებით დაურეკა – ყვიროდა, იგინებოდა, ეუბნებოდა, ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება ვინ მოგცა, ჩემს ოჯახს აღარ გაეკაროო. მოკლედ 14 წლის მერე აღვადგინეთ ოჯახი და ცოტა ხანი ბედნიერებიც ვიყავით, მაგრამ ორი წლის თავზე ეჭვიანობა დაიწყო. მეტყოდა ხოლმე, აქ ამასთან და ამასთან გნახეს, ხომ იცი, ჩემი თვალი ყველგან გიყურებს, არაფერი შეგეშალოსო. მეგონა, სულ თან დამყვებოდა, ამიტომაც ქუჩაში ვინმე თუ რამეს შემეკითხებოდა, შეშინებული პასუხგაუცემლად გავრბოდი. დამაავადმყოფა. ღამეები არ მეძინა. თვალს რომ ვხუჭავდი, მესიზმრებოდა, რომ ქმარი უკან მალულად დამდევდა. ლამის ჭკუიდან გადავედი.

– ფიქრობთ, რომ ვიღაც აქეზებდა?

– რას ვიფიქრებდი, თუ ისევ ის ქალი ხლართავდა ინტრიგებს და თავგზას ურევდა.

– რატომ შეურიგდით. გიყვარდათ?

– ეტყობა, რაღაც გრძნობა მქონდა. თან, შვილმაც მითხრა, მინდა, მამას ვიცნობდე და მასთან ერთად ვიცხოვროო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ბავშვი არ მოუკითხავს, მამაზე ცუდი არასდროს მითქვამს. ახლა, როცა მამა გამოჩნდა, ხომ ვერ ვეტყოდი, რაც სინამდვილეში ხდებოდა.

– რატომ ვერ ეტყოდით? შვილს ჰქონდა უფლება სიმართლე სცოდნოდა.

– ალბათ, მართალი ხართ. არ ვიცი, როგორ წავა ჩვენი ცხოვრება. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ვცდები-მეთქი. 14 წელია, ერთმანეთი არ გვინახავს. მართალია, ძალიან მიყვარდა, მაგრამ თითქმის წაიშალა ჩემს ცნობიერებაში. იმასაც კი ვერ ვხვდები, რატომ ვიქცევი ასე, გულის სიღრმეში მინავლებული სიყვარული გამოფხიზლდა და ვაპატიე, თუ შვილის გამო მივდივარ ასეთ დათმობაზე.

– მისი მეორე ოჯახი, ანუ ცოლ-შვილი, სად არის? აქვს ურთიერთობა?

– არ ვიცი. არ ვკითხულობ იმათ ამბავს და ალბათ, ესეც შეცდომაა და ისიც, რომ ასეთი აწეწილი ცხოვრების მქონე კაცს მაინც ვაპატიე და მასთან ვაგრძელებ ცხოვრებას, თან არაფრის იმედად. ჩემმა ძმამ მითხრა, რამე რომ გაგიჭირდეს, დასახმარებლად ჩვენკენ აღარ გამოიხედო. მაგ უსინდისო კაცისგან კარგს რას ელოდებიო. მე კი არც ვფიქრობ ამაზე. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, რომ ყველაფერი კარგად იქნება... იქნებ, გვაქვს კიდევ შანსი? სასწაულებიც ხომ ხდება ხანდახან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული