რატომ ცხოვრობს ზოგიერთი მამაკაცი ორ ოჯახად და რატომ ჰგონია ზოგიერთ ქალს, რომ თუ ქმარს ღალატს აპატიებს, ყველაფერი კარგად იქნება
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 16.06, 2023 წელი

უცნაურია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ღალატს ჯერ კიდევ არასათანადოდ განიხილავენ. ცდილობენ, სხვადასხვანაირად შეფუთონ და მისი ზოგიერთი „ფორმა“ მეტ-ნაკლებად მისაღები გახადონ. უფრო სწორად, ნაკლებად მტკივნეული და „ადვილად“ საპატიებელი. „..მთავარია, საყვარელი არ ჰყავდეს და ქალთან თუ გაივლის, არა უშავს“, „მთავარია, მე არ გავიგო და არაფერი მოაკლოს ოჯახს, აბა, ისე რომელი კაცი არ დადის ქალებში“... აი, ასეთი საუბრები ინდულგენციაა მამაკაცისთვის, რომელსაც მერე გულწრფელად უკვირს და ვერ გაუგია, რა დააშავა.
სოფო (32 წლის): ბანალურად მოხდა ყველაფერი. როგორც სხვა ქალები იგებენ ხოლმე, მეც ზუსტად ისე „კეთილის მსურველების” წყალობით შევიტყვე, რომ ჩემს ქმარს მეორე ოჯახიც ჰყავდა...
– მეორე ოჯახი, ანუ როგორც ეძახიან ხოლმე, „ოფიციალური“ საყვარელი?
– დიახ და მეგონა, რომ ამას ვერ გადავიტანდი. მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. ეს რამდენიმე დღეა, რაც იმედი გამიჩნდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ამიერიდან ბევრი რამ შეიცვლება... ისეთი მძიმე პერიოდი გამოვიარე... სარკესთან ვიდექი და ვტიროდი. აქამდე ცხოვრება ისეთი სტაბილური და ჩემი ოჯახიც ისეთი მტკიცე მეჩვენებოდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, მუდამ ასე გაგრძელდებოდა. მაგრამ, ყველაფერი თავზე ჩამომემხო. გულშემოყრილი ტუჩებს „ვიჭამდი“. გამახსენდა, ბოლო ხანებში როგორ ეძებდა ჩემი ქმარი მიზეზს, რომ კარი გაეხურა და ღამე რომელიმე „მეგობართან” გაეთენებინა. სინამდვილეში კი, თურმე, იმ ქალთან დადიოდა. წარმოგიდგენიათ? ისიც, ფაქტობრივად, ცოლივით ჰყავდა. ჩემი ქმრისგან შვილსაც კი ელოდებოდა.
– თქვენ გყავთ შვილი?
– ორი მყავს მე. ჩემი ორი სიხარული. ეგენი მაძლებინებენ. ის საშინელი ორი თვე, სანამ მე სიმწრით ენას კბილი დავაჭირე და არც კი ვუთხარი, რომ მისი ღალატის შესახებ ვიცოდი, ჩემი ქმარი აქეთ-იქით დარბოდა ორ ოჯახს შორის. იმ პერიოდში რამდენჯერმე ვიფიქრე, ავიკრავ გუდა-ნაბადს და მშობლების სახლში დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ოჯახის დასანგრევად გამბედაობა არ მეყო, თანაც, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი მოღალატე ქმარი მაინც მიყვარდა.
– რანაირად იყავით ჩუმად ან რატომ?
– ყველაფერი რომ მეთქვა, წერტილიც უნდა დასმულიყო. მე არ ვიყავი მზად ამისთვის. გულგახეთქილი ველოდი, რას მოიმოქმედებდა. ერთ დილით კი მაგიდაზე მოკლე წერილი დამხვდა: „მივდივარ“. ძალიან განვიცადე, ფაქტობრივად, ავად გავხდი, ბავშვებს ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი, სულ ჩემს უბედურებაზე ვტიროდი, ვერ ვხვდებოდი, რატომ მომექცა ასე უსამართლოდ. ჩვენ ხომ სიყვარულით დავქორწინდით. ჩემს ქმარს პატარა ბიზნესი აქვს. არ გვიჭირდა და ამიტომ მუშაობა დამიშალა. შეცდომა იყო, სახლში რომ დავჯექი. მე სულელს თავი უბედნიერესი ქალი მეგონა. თურმე, არაფრად ვუღირდი. ჩემი ქმრის სახლიდან წასვლის შემდეგ „კეთილის მსურველებისგან“ იმ ქალის შესახებაც ყველაფერი გავიგე. იცოდა, ცოლი რომ ჰყავდა, მაგრამ მაინც არ დაიხია უკანო. არჩევანის წინაშე დააყენა: ან შენი ოჯახი, ან მე, თუ არა და, ვერასოდეს მნახავო. არ ვიცი, რით მოხიბლა ასე ძალიან, რომ ყველა და ყველაფერი დაავიწყა, მაგრამ ფაქტია, რომ მიგვატოვა. ბოლოს კი მივხვდი. რაც გათხოვილი ვარ, ტაფისა და ცოცხის გარდა ხელში არაფერი მჭერია, სულ წინსაფარი მეკეთა. ასეთ ქალთან ცხოვრება კი საინტერესო ნამდვილად არ არის. ჩემს თავს ვუთხარი – გეყო გლოვა. საკმარისია დიასახლისობანა, თავს მიხედე, სამსახური დაიწყე, ეს თმა ან შეიჭერი, ან დაივარცხნე, ახალი ტანსაცმელი იყიდე და საერთოდ, იცხოვრე საკუთარი თავისთვის-მეთქი! ჩემი მეგობრები დამეხმარნენ. ვაკანსია გამოჩნდა და მოკლედ, მუშაობა დავიწყე. გავხალისდი, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ჩემი ყოველდღიურობა გახდა. იმასაც კი ვახერხებ, რომ საღამოობით მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე.
– ყოფილის დაბრუნებას ცდილობთ?
– არა. პირიქით, ოფიციალურად ვეყრები. სასამართლოს შენობასთან, სადაც ჩვენი გაყრის პროცესი უნდა გამართულიყო, გალამაზებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი მივედი. ყოფილს კარშივე შევეჩეხე. ადვილად შესამჩნევი იყო, თვალები როგორ გაუფართოვდა: „სანამ კარგად არ დაგაკვირდი, ვერც კი გიცანიო!“ - მის ხმაში აღფრთოვანება აშკარად იგრძნობოდა. გამიხარდა. ჩემს მიზანს მივაღწიე. ნახევარი წელი გავიდა, რაც დავშორდით და ყოფილი ქმარი გასაქანს არ მაძლევს. მემუდარება, შემირიგდიო და პატიებას მთხოვს.
– აპირებთ აპატიოთ?
– არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, დავიბრუნებ თუ არა მოღალატე ქმარს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს თავმოყვარე ცოლმა – გულხელი არ უნდა დაიკრიფო, წინსაფარი უნდა მოიხსნა, საკუთარ თავში ქალი გააღვიძო და კაცი იძულებული გახადო, „დაგინახოს“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან