რატომ ცხოვრობენ ქალები იძულებით არასასურველი ქმრების გვერდით
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.03, 2022 წელი

ჯერ კიდევ მრავლად არიან ქალები, რომლებიც წლების განმავლობაში აგრძელებენ ცხოვრებას მამაკაცთან, რომელიც არ უყვართ. უფრო მეტიც – სძულთ ის, მაგრამ რადგან მამაკაცი მათი ოფიციალური მეუღლეა, უძლებენ ყველაფერს: დამცირებას, უხეშ მოპყრობას, ეკონომიურ სიდუხჭირეს... რა არის ამის მიზეზი – საზოგადოებრივი აზრის გავლენა, რომ ოჯახის დანგრევა მძიმე ცოდვაა თუ ამ ქალების აღზრდაში დაშვებული მძიმე შეცდომები. ალბათ, ერთიც და მეორეც. მათთვის არავის უთქვამს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და იყოს ბედნიერი.
თეიკო (37 წლის): არ ვიცი, რატომ დაგთანხმდით ამ საუბარზე, მაგრამ რაც არის, არის. ბოლოს და ბოლოს, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც დღეს ვინმეს გააკვირვებს. მოვიდა დრო, როცა ყველას ისე შეუძლია იცხოვროს, როგორც თავად სურს. საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ჩვენი დედები და ბებიები იძულებით ცხოვრობდნენ საძულველი ქმრების გვერდით და უსიტყვოდ იტანჯებოდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება, შენი თავი ტანჯვისთვის გაწირო.
– ოჯახის დანგრევა უფრო გამართლებულად მიგაჩნიათ?
– რა თქმა უნდა, როცა ხედავ, რომ ურთიერთობა განწირულია, გამართლებულად მიმაჩნია. დასანგრევი უნდა დაინგრეს. ამ ურთიერთობით არავინ რჩება მოგებული. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და ვიცი. დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი კაცთან, რომელსაც ფორმალურად ერქვა ჩემი ქმარი. ტანჯვის მეტი მისგან არაფერი მახსოვს. დღემდე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რისთვის ვითმენდი. ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის თვალში ოჯახი მქონოდა? არ არის ეს მაზოხიზმი? ყველამ რაღაცას მიაღწია. მარტო მე ვრეცხავდი იატაკს და ტუალეტს სასტუმროში. თავის დროზე ნორმალური განათლების მიღებას გათხოვება ვამჯობინე და იმ სისულელის შედეგებს ახლა ვიმკი. რომ მესწავლა, რაღაც პროფესია მექნებოდა და ასეთ დღეში არ აღმოვჩნდებოდი. სამი წლის განმავლობაში დედამთილი გვარჩენდა. ამერიკაში მოხუცს უვლიდა და ფულს გვიგზავნიდა. ჩემი ქმარი „ბირჟაზე“ იდგა და „შესაფერის“ სამსახურს ელოდა. ფიზიკური შრომა როგორ ეკადრებოდა! მინისტრად კი არავინ დანიშნა. მე ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავდა მოსავლელი. ის მინიმუმი, რასაც ჩემი დედამთილი გვიგზავნიდა, საჭმელზე ძლივს გვყოფნიდა. თან სულ გვაყვედრიდა, ცოლიც და ქმარიც უსაქმურები ხართ, ლოგინში კოტრიალისა და ბავშვების კეთების მეტი არაფერი იცითო. ხომ არ ვეტყოდი, შენი შვილის შეხებაც გულს მირევს-მეთქი. ჩემმა ქმარმა ისე შემაძულა თავი თავისი საქციელით, რომ მასთან სექსის სურვილი საერთოდ დავკარგე. კაცთან სიახლოვე მაშინ გინდა, როცა კუჭი შიმშილით არ გიხმება და იმაზე არ ფიქრობ, ხვალ შვილებს რა აჭამო. ჩემი უვარგისი ქმრის შემხედვარე, მთელი კაცთა მოდგმა მძულდა. სულ ვჩხუბობდით.
– ჩხუბის მიზეზი მისი უმუშევრობა იყო?
– ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, დროა, მუშაობა დაიწყო-მეთქი, მაგრამ პასუხად მხოლოდ მაგინებდა და საშინელ აყალმაყალს ტეხდა. თუ ასე ძალიან გინდა, შენ წადი და იმუშავე, მე არ დაგიშლიო. ჩვენი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. რვა წლის განმავლობაში ჩემთვის ახალი არაფერი მიყიდია. მუშა ცხენი უფრო ვიყავი, ვიდრე ქალი. მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ გავაცნობიერე, როცა ერთ დღეს, შემთხვევით, ყოფილ თანაკლასელს შევხვდი. ისეთი მოვლილი იყო, ვერ ვიცანი. არ მინდოდა, მისთვის ჩემი მძიმე ცხოვრების შესახებ მომეყოლა, მაგრამ ისე თბილად და სიყვარულით მომიკითხა, უხერხულად ვიგრძენი თავი. ვიცოდი, რომ შეძლებული ქმარი არ ჰყავდა, ამიტომ გამიკვირდა, როცა ნათიას ტანსაცმელი და მანქანა ვნახე. ლამის ენა ჩამივარდა. სამკაულიც ძალიან ძვირფასი ეკეთა. სახეზეც ეტყობოდა, რომ უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. შენმა ქმარმა ფული იშოვა-მეთქი? გაიცინა. ქმარს ოთხი წელია დავშორდი და ჩემი გადაწყვეტლებით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმ იდიოტთან კიდევ დიდხანს გავძელი. გატყობ, არც შენ გაგიმართლა. ეს მეც გავიარე. მეც შენსავით ვმუშაობდი, მაგრამ დროზე მივხვდი, რომ ამით ვერაფერს მივაღწევდი, ან შენ რას ფიქრობ, დიდხანს აპირებ ცოცხითა და იატაკის ტილოთი სირბილს? შენს შვილებს როგორ მომავალს უმზადებ? დრო მოვა და შენ გამო შერცხვებათ. ჩემი შვილი საუკეთესო სკოლაში დამყავს და ზაფხულობით უცხოეთის კურორტებზეც ვასვენებ. მამამისის ხელში ამაზე ვერც იოცნებებდა. ცუდი სიზმარივით მახსენდებაო. რა სამსახური გაქვს ასეთი, რომ ასე ფუფუნებით ცხოვრობ. ჩემი არ იყოს არც შენ დაგიმთავრებია უმაღლესი და განა რას აკეთებ, რომ ამხელა შემოსავალი გაქვს-მეთქი. თუ გინდა, შენც მოგაწყობო. ვთხოვე, ყველაფერი გულახდილად ეთქვა. არც დაუმალია, რისი გაკეთება მომიწევდა. მანქანიდან მანქანაში და ხელიდან ხელში ნამდვილად ვერ გადავიდოდი. მითხრა, რომ მას განსაკუთრებული კლიენტები ჰყავდა – უცხოელი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. ყველა მამაკაცი მე ვერ შემწვდება, ძალიან ძვირად ღირებული ვარო. კი, მაგრამ, როგორ ახერხებ მათთან დაკავშირებას-მეთქი. არსებობს ადამიანი, რომელიც მაკავშირებს. ეგ შენი პრობლემა არ იქნება. დამირეკე. თუ თანახმა იქნებიო და მეც დავთანხმდი.
– ანუ, შენს გადაწყვეტილებაში მთავარი როლი დაქალმა შეასრულა?
– მე კმაყოფილი ვარ. ქმარსაც დავშორდი. კიდევ ვერ გავაკეთებდი ამას, მაგრამ მცემა. ჩემ მიტანილ საჭმელს გემრიელად მიირთმევდა, ისე, რომ საერთოდ არ კითხულობდა საიდან მომქონდა ფული. სანამ საფრთხობელასავით დავდიოდი, კმაყოფილი იყო. ის აღარ მოეწონა, რომ ქალს დავემსგავსე. ცემა ვეღარ ვაპატიე. ბინა ვიქირავე, მოვკიდე ჩემს შვილებს ხელი და წამოვედი. მე და ჩემს შვილებს მალე საკუთარი ბინაც გვექნება, თუმცა, მთელი ცხოვრება მამაკაცების მომსახურებას არ ვაპირებ. ინგლისურის მასწავლებელი ავიყვანე. რამე პროფესიას შევისწავლი და ნორმალურ სამსახურსაც ვიშოვი, მაგრამ ჯერ ბინა და მანქანა უნდა ვიყიდო. ჩემს კლიენტებს შორის შევარჩევ ისეთს, რომელთანაც მუდმივი ურთიერთობა მექნება. გათხოვება საერთოდ გამორიცხულია.
– თქვენი კლიენტების უმრავლესობას, ალბათ, ოჯახი აქვს.
– დიახ. აქვს, მაგრამ მე რა მესაქმება მათ ოჯახებთან? არასოდეს მოვიქცევი ისე, რომ ჩემს რომელიმე კლიენტს ჩემ გამო ცოლთან პრობლემები შეექმნას. რა თქმა უნდა, მე არ ვარ კმაყოფილი ჩემი ბედით. ეცადეთ, სწორად გამიგოთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დავიკავო და ჩემს შვილებს საკუთარი დედის არასდროს შერცხვეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან