გულახდილი საუბრები

რატომ რჩება ქალი მოღალატე ქმართან, მაშინაც კი, როცა წასვლა უნდა

№17

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.05

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ქალს, რომელიც ქმრის ხშირ ღალატს წლებია, ითმენს და არ იმჩნევს, შეიძლება, ჰქონდეს როგორც ირაციონალური, ემოციური არგუმენტები, ისე რაციონალური.

• ემოციური არგუმენტები: „მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა – ის ჩემთვის განსაკუთრებულია. რაც არ უნდა გააკეთოს, გული მაინც ვერ გავიქვავე. ეს სიყვარული ლოგიკას არ ექვემდებარება.“

„ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება მის გარეშე – შეიძლება, ამას სილაჩრეც უწოდონ, მაგრამ მე მასზე მიბმული ვარ. შინაგანად თითქოს ჩემი ნაწილია.“

„ისიც ადამიანია, ყველა ვუშვებთ შეცდომებს“ – „ღალატს არ ვამართლებ, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ. იქნებ მასაც თავისი ფსიქოლოგიური ტრავმები აქვს.“

• ოჯახური არგუმენტები: „ბავშვებისთვის ვრჩებოდი“ – „მინდოდა, ჩემს შვილებს ჰქონოდათ სრული ოჯახი. მამა გვერდით ჰყოლოდათ, თუნდაც ზედაპირული.“

„ერთად გავლილი წლები“ – „25 წელი ვართ ერთად. ასე ადვილად ვერ ვჭრი ყველაფერს. იმდენი რაღაც გადაგვხდა...“

„ეკონომიკური დამოკიდებულება“ – „არც სამსახური მქონდა, არც სახლი. სად წავიდოდი ბავშვებთან ერთად?“

• ფსიქოლოგიური არგუმენტები:

„შეიძლება, მეც ვაშავებდი, არ ვუვლიდი საკუთარ თავს“ – „შეიძლება, ჩემი დადანაშაულება გამართლებულია. ცხოვრება ისე დაგვაწვა მხრებზე, რომ ერთმანეთის სიყვარულს აღარ ვუთმობდით დროს.“

„ვიცოდი, მაგრამ თავს ვიტყუებდი“ – „გონებით ვხვდებოდი, რომ სხვა ჰყავდა, მაგრამ რაღაცნაირად არ მინდოდა, დამეჯერებინა. თითქოს ჩემი სამყაროს დაცემას ვუყურებდი.“

„მრცხვენოდა. რომ ყველა გაიგებდა – გარშემო მყოფებისთვის იდეალური ცოლ-ქმარი ვიყავით. არ მინდოდა, რეალობა ყველას დაენახა“.

ნანიკო (51 წლის): ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს. მაგრამ პასუხად სულ ერთსა და იმავეს მიბრუნებდა – ის ჩემი ადამიანია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის გარეშე ვერ წარმომედგინა ცხოვრება.

– ეს სიყვარული იყო თუ შიში?

– ალბათ, ორივე. ხან სიყვარულს ვეძახდი, ხან თავშეკავებულ შიშს მარტო დარჩენისგან. იცით, როგორი შეგრძნებაა? როცა გღალატობს და მაინც გინდა, რომ სახლში დაბრუნდეს. როცა არ ბრუნდება – ცუდად ხარ. როცა ბრუნდება – მაინც გტკივა.

– წასვლა არ გინდოდათ?

– მინდოდა... მაგრამ იმ მომენტში სად წავსულიყავი? არც სახლი მქონდა, არც სტაბილური სამსახური. მყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი. მასთან სახურავი, ოჯახი მაინც იყო... თუნდაც დანგრეული.

თავიდან ვტიროდი, ის ბოდიშს იხდიდა. მერე... მერე გავჩუმდი. თითქოს ხელი ჩავიქნიე იმაზე, რისი შენარჩუნებაც აღარ გამომდიოდა.

– როგორ ფიქრობთ, რატომ გღალატობდათ?

– მთელი ცხოვრება ყურადღებას ითხოვდა. ეჭვიანობდა, როცა ბავშვებს ვუთმობდი დროს. ერთ დღეს მითხრა: „ცოლი კი მყავხარ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ადრე.“ ალბათ, ეს იყო მიზეზი. იქნებ, მართალიც იყო. ახლა რომ ვუფიქრდები: კი, მიყვარდა. უბრალოდ, ეს სიყვარული აღარ მახარებდა. ერთ დღეს შევხედე სარკეში ჩემს თავს და მივხვდი: ღალატზე უარესი იყო საკუთარი თავის დაკარგვა. მაგრამ მაინც ვერსად წავედი. შიში მაქვს. დიდი იმედგაცრუება გამოვიარე.

– ისევ გღალატობთ?

– ალბათ. აღარ ვკითხულობ. უფრო ის შიში მაქვს, რომ ჩემს თავზე უარის თქმა მომიწევს, რომ ისევ ჩემს გრძნობებს დავთრგუნავ „ოჯახის“ სახელით. ყველა ქალს სჭირდება თანასწორი ურთიერთობა. სადაც ორივე ადამიანები ვიქნებით და არც მსხვერპლი, არც გმირი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა