გულახდილი საუბრები

რატომ ფიქრობენ, რომ ეჭვი სიყვარულს აძლიერებს და რა როლი აქვს მას ურთიერთობაში

№6

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 16.02

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ხშირად მოისმენთ, რომ დიდ სიყვარულს, პატარ-პატარა ეჭვიანობა ყოველთვის ახლავს და ის, უბრალოდ, აუცილებელიც კი არის ურთიერთობის შესანარჩუნებლად; ვინც არ ეჭვიანობს, ესე იგი, არ უყვარს; ცოტა ეჭვი კარგია და ზღვარგადასული არ ვარგა... მაგრამ ვიცით, სად გადის ზღვარი? ეჭვი არ შეიძლება, იყოს პოზიტიური და სარგებლის მომტანი. რადგან მას არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან. ეჭვი სენია, რომელსაც ხშირად ძალიან მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

მაკა (39 წლის): მე და ჩემს მომავალ ქმარს პირველ კურსზე შეგვიყვარდა ერთმანეთი და სამი წლის შემდეგ დავქორწინდით. ეჭვიანობის ნიშნები მაშინ გამოავლინა, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად – გარეთ არ მიშვებდა. სიმართლეს მაშინ თვალი ავარიდე. თავს ვარწმუნებდი, რომ ჩემზე ნერვიულობდა, ეშინოდა, ქუჩაში რამე არ დამმართნოდა...

– ეს უკვე იყო ეჭვიანობის პირველი ნიშნები?

– დიახ. რადგან ბავშვი რომ გავაჩინე, ჰაერზე ვერ ვასეირნებდი – მასთან ერთადაც კი ამიკრძალა ეზოში ჩასვლა. ერთხელ მის უკითხავად წავიყვანე სასეირნოდ და საღამოს დედამისი რომ არ ჩამდგარიყო შუაში, ალბათ, მომკლავდა. იმ დღეს ჩვენს ურთიერთობაში პირველი ბზარი გაჩნდა. ოთხ კედელშუა გამომწყვდეულს თითქოს არაფერი მაკლდა, მაგრამ რად მინდოდა ახალი ტანსაცმელი. სად ჩავიცვა-მეთქი, ვეკითხებოდი. ან შინ იარე წესიერად ჩაცმულმა, ან როცა ერთად წავალთ სადმე, მაშინ გამოეწყვეო... ფაქტობრივად, ოქროს გალიაში ვიყავი. ჩემს მშობლებს უკვირდათ, რომ მათთან ასე იშვიათად მივდიოდი და მეგობრებთან კი საერთოდ გავწყვიტე ურთიერთობა.

– მშობლებთანაც არ გიშვებდათ?

– არა. არ მიშვებდა. დედამ რამდენჯერმე მითხრა: რატომ ხარ სულ შინ, ბავშვი ან მე დამიტოვე, ან დედამთილს და სამსახურზე იფიქრეო. ქმართან რომ ვთქვი, მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი, გადაირია. სჯობს, შინ იჯდე და ბავშვს მიხედოო. თავი ვერ შევიკავე და დედამთილის თანდასწრებით ხმამაღლა ვთქვი: ასე მგონია, მონა ვარ, სადილ-ვახშმის კეთებისა და ბავშვის მოვლის გარდა არაფერი უნდა ვაკეთო, საზოგადოებაში ჩემი ადგილი არ უნდა მქონდეს-მეთქი. ჩემმა ნათქვამმა უსაზღვროდ განარისხა ჩემი ქმარი და ხელითაც კი შემეხო. სილა გამაწნა – როგორ თუ შემეპასუხეო. ის ღამე თეთრად გავათენე. მეორე დღეს ყველა წავიდა სახლიდან. დედამთილმა კი ჩაურევლობა აირჩია, არადა ცუდი ქალი ნამდვილად არ იყო, ყოველთვის თბილადაც მეპყრობოდა, ბავშვის გაზრდაშიც მეხმარებოდა, მაგრამ როცა მე და ჩემს ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მდგომარეობის გამოსასწორებლად ვერაფერი გააკეთა. იმ დილას მივხვდი, რომ ქმართან ვეღარ ვიცხოვრებდი. ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა და მშობლებთან წასვლა გადავწყვიტე. კარი ვეღარ გავაღე – გარედან ვიყავი ჩაკეტილი. დედაჩემს დავურეკე, საღამოს შენ და მამა მოდით-მეთქი. მოვიდნენ. ჩემი ქმარი მიხვდა, რომ ჩემი მშობლები მე მოვიწვიე. ჩემებმა კატეგორიულად მოითხოვეს – ჩვენი შვილი შინ რატომ ზის, ნიჭიერი გოგოა და გვინდა, იმუშაოს, აკეთოს თავისი საყვარელი საქმეო. ისევ გაგიჟდა ჩემი ქმარი, ჩემს პირად საქმეში ერევით. ცოლ-შვილს არაფერს ვაკლებ. შვილები დედამ უნდა გაზარდოს. მეორე შვილიც გააჩინოს და ორივე სასკოლო რომ იქნება, მერე დაიწყოს მუშაობაო... ერთი სიტყვით, ისე ილაპარაკა, მამაჩემი მაშინვე დაეთანხმა, დედაც კი გაჩუმდა. ამის მერე მეორე ბავშვიც გავაჩინე. ჩემმა ქმარმა თავის მშობლებს ერთოთახიანი ბინა უყიდა და ისინი ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. ჩვენი ბინა კი კარგად გაარემონტა, ავეჯიც შეცვალა. დედამთილი მეუბნებოდა, ხომ ხედავ, რა მზრუნველი ქმარი გყავსო. როგორ ამეხსნა მათთვის, რომ ოქროს გალიაში ყოფნა აღარ მინდოდა.

– რატომ არ შორდებოდით?

– ბავშვების გამო. მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს. ერთ დღესაც კატეგორიულად გამოვუცხადე, მუშაობას ვიწყებ-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა და ჩემდა გასაოცრად დამთანხმდა. მეგობრები დაფაცურდნენ და სამსახური ძალიან მალე მიშოვეს. ძიძა დავიქირავე, რომელიც ბავშვებს მიხედავდა. მაგრამ სამსახურის დაწყების დღიდან დაიწყო ჩემი წამება. ჩემს ქმარს ტერორში ვყავდი. ამას აშკარად გამოხატავდა, ისე იქცეოდა, რომ თანამშრომლებისთვისაც ნათელი იყო, რა დღეშიც ვიყავი. ვატყობდი, რომ ბევრი თანამშრომელი თანამიგრძნობდა, ბევრიც ჭორაობდა ჩემზე. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მატულობდა ქმრის აგრესიულობა. ამას კი სიყვარულს ეძახდა. იეჭვიანა თანამშრომელ მამაკაცზე და ჩხუბისას ხელი მომტეხა. ეს იყო ბოლო წვეთი ჩემი მოთმინების ფიალაში. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ქმართან დაბრუნება აღარ მოვინდომე. მშობლებთან დავბრუნდი. იმ არაკაცმა კი სასამართლოში შეიტანა სარჩელი – ჩემს ცოლყოფილს დედობის უფლება უნდა ჩამოართვათ, რადგან ყოველი ფეხის გადადგმაზე მღალატობდა, ბავშვებსაც ყურადღებას აკლებდაო. ამაზე ყველა გადაირია, თვით მისი მშობლებიც კი. დიდი ორომტრიალისა და ნერვიულობის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბავშვები მე მომაკუთვნეს, მაგრამ კარგა ხანი დამჭირდა დასამშვიდებლად. ეჭვიანობას სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. ეს გრძნობა, მცირეც და დიდიც, მხოლოდ ავადმყოფობაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული