გულახდილი საუბრები

რატომ ერევა შვილის პირად ცხოვრებაში ზოგიერთი ქალი უხეშად და როგორ ცდილობს მის დაშანტაჟებას

№38

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 29.09, 2023 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ქალები, რომლებმაც თავად ვერ ნახეს ბედნიერება პირად ცხოვრებაში და ცდილობენ, არც სხვას მისცენ ამის საშუალება. მათი კომპლექსები და თავისუფლების ვერ განცდის ტრავმა ხშირად მძიმე რეალობის წინაშე აყენებს მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც. უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ შვილი მათი საკუთრება არ არის. რომ მათი არჩევანი და პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. რომ შვილის სიყვარული არ ნიშნავს მის კონტროლს. მის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღებასა და არჩევანის თავად გაკეთებას.

გიორგი (32 წლის): დედაჩემის მეგობრები ამბობენ, ასაკით უფროსი ცოლი ერთგვარ მოდად იქცაო და ვიშვიშებენ. ჩემი მეუღლე ჩემზე 10 წლით უფროსია. ამის გამო ოჯახში ძალიან დიდი უსიამოვნება შემხვდა, როდესაც ვთქვი, მარიას ცოლად ვირთავ-მეთქი, იმისთანა ამბავი ატყდა, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი „პრადვინუტი“ დედაჩემისგან.

– „პრადვინუტში“ რას გულისხმობთ?

– რას და დედაჩემი საკმაოდ „გამოსული“ და თანამედროვე ქალია. ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის ამას ამტკიცებდა. ისეთ აზრებს „გადმოაფრქვევდა“ ხოლმე, მიხაროდა. არასოდეს არაფერი დაუშლია ან აუკრძალავს. ჩემს მეგობრებს „ეჯიგრებოდა“. თან არც ასაკშია. ვერც შეატყობ რომ 54 წლის არის. როგორ გახდა ასეთი არქაული ან რატომ, ვერ ვხვდები. ისე უნდოდა ამ ქორწინების ჩაშლა, რომ უკიდურესი ნაბიჯი გადადგა, საწამლავი დალია. ძლივს გადავარჩინეთ. მზად იყო, მომკვდარიყო და ასე გაეჩინა უზარმაზარი უფსკრული ჩემსა და იმ ქალს შორის, რომელიც უზომოდ მიყვარს.

– თავს იკლავდა?

– მცდელობა ჰქონდა. არ ვიცი, სპეციალურად დალია ისეთი პრეპარატი რომ არ მომკვდარიყო თუ, უბრალოდ, გაუმართლა, მაგრამ ფაქტია – კლინიკაში გვითხრეს, ძალიან გაუმართლაო. ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ ამის მერე ჩემს არჩევანზე უარს ვიტყოდი, მაგრამ მე მის შანტაჟს არ დავყევი. მე და ჩემმა შეყვარებულმა დედაჩემს საავადმყოფოში მივაკითხეთ, ვიცოდი, არ ესიამოვნებოდა, მაგრამ მაინც ვუთხარი: ეს ქალი უკვე ჩემი ცოლია და თუ თავის მოკვლას ისევ დააპირებ, აზრი არა აქვს-მეთქი..

– თქვენი რჩეული როგორ შეხვდა ამ ამბავს?

– ძალიან ინერვიულა. დედაჩემის ამბავი რომ გაიგო. შეშინდა – არ მინდა, დედაშენის მკვლელი მერქვასო. ამ სიტყვების გაგონებაზე კინაღამ გავგიჟდი, მივხვდი, რომ დედაჩემი ახლოს იყო მიზანთან, თუ შანტაჟზე წამოვეგებოდი, მისი გეგმა იმუშავებდა და ჩემს სიყვარულს დავკარგავდი. ამიტომაც ვუთხარი, წამოდი და ახლავე მოვაწეროთ ხელი-მეთქი. გამიძალიანდა, მაგრამ დავიყოლიე. მერე იქიდანვე წავედით დედაჩემთან. ვიფიქრე, თუ ცუდად გახდება, ბარემ საავადმყოფოშია და იქვე მიხედავენ-მეთქი.

– დედათქვენის ასაკის ქალბატონების რაღაც ნაწილი მართლა მიიჩნევს, რომ უფროსი ქალის ცოლად შერთვა თქვენი თაობის მოდაა.

– რა სისულელეა. როცა კაცი ქალზე ბევრად უფროსია, რა, ოჯახი არ ინგრევა?! თავდაჯერებული, შემდგარი ქალი კაცისთვის სიმშვიდის გარანტიაა. რას მახსნევინებთ. კაცები როცა პატარა გოგონებს ან ქარაფშუტა ქალებს ირთავენ, სპონტანურად ქმნიან ოჯახებს, რომელიც დიდხანს ვერ ძლებს და სანამ ძლებს, მათი სახლიდან მუდამ ჩხუბის და აყალმაყალის ხმა ისმის. ჩემი ცოლიც პირველად ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა, შვილიც გააჩინა, მშობლები ბევრს ცდილობდნენ, დახმარებოდნენ, ოჯახი შეენარჩუნებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

– განათხოვარი, ასაკით უფროსი, თანაც შვილიანი, ქართველი დედებისთვის თითქმის საშინელებასთან ასოცირდება.

– რატომ უნდა ვიფიქროთ სტერეოტიპულად? ყველა ადამიანი ერთნაირია? ჩემი ცოლი არაჩვეულებრივი ქალია. მერე რა, რომ გათხოვილი იყო და დიდი შვილიც ჰყავს, სულ არ მიქმნის პრობლემას. მის შვილთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ისევე, როგორც ჩემი ცოლის მშობლებთან, ძმასთან, ნათესავებთან ან მეგობრებთან.

– თქვენი მეგობრებისგან თუ გიგრძნიათ უხერხული დამოკიდებულება იმის გამო, რომ ასაკით უფროსი ქალი აირჩიეთ?

– ისინი, ვინც ამას მაგრძნობინებდა, ჩემი მეგობრები ვეღარ იქნებოდნენ. სხვათა შორის, ჩემს ორ მეგობარსაც თავისზე ასაკით უფროსი ცოლები ჰყავთ. რა თქმა უნდა, იმათაც შეეწინააღმდეგა ოჯახი. პირველად მე შევირთე და მერე ისინი დაქორწინდნენ. ამიტომ მათი დედები კარგა ხანს ვერ მიტანდნენ, ამბობდნენ, ჩვენი შვილები მაგან გადარიაო. ჩვენ კი უკვე სამი წელია, ერთად ვართ. შვილიც გვყავს. ბედნიერი ქმარი და მამა ვარ, არ მაინტერესებს ჩემს პირად ცხოვრებაზე ოჯახის და მით უფრო, საზოგადოების აზრი.

სამწუხაროდ, დედების დიდი ნაწილი, დედაჩემივით, არაჯანსაღად უდგება შვილების გადაწყვეტილებებს. შვილი სრულწლოვანი რომ ხდება, თავისი ცხოვრების გზით უნდა გაუშვა და თუ რჩევას არ გთხოვს, არ უნდა ჩაერიო. მხოლოდ თავის გზაზე მდგომი კაცი იზრდება და ვითარდება. დედის კალთას გამოკერებული 50 წლის ბავშვები კი ისე მიდიან ამ ქვეყნიდან, რომ პასუხისმგებლობის, ქმრობის, მამობისა და გნებავთ, შვილობის არსიც კი არ ესმით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა