გულახდილი საუბრები

რატომ დაემსგავსნენ მამაკაცები სირაქლემებს და რატომ არის ეს მტკივნეული თემა

№7

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 16.02

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოებაში ინტერესს იწვევს. „კაცები სირაქლემას დაემსგავსნენ“, – ამბობს ზოგიერთი ქალბატონი და ამ სიტყვებში ნამდვილად დევს ერთგვარი ინტრიგა. და თუ ქალების დიდი რაოდენობა უკვე დარწმუნებულია, რომ ეს ასეა, საქმე იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე წარმოვიდგენდით.

თეა (43 წლის): სირაქლემის სინდრომით „დაავადებულ“ მამაკაცებზე ვისაუბროთ? ძალიან კარგი. ერთი თვით ვარ ჩამოსული საქართველოში, ძალიან მომენატრა შვილები და მშობლები... უკვე ხუთი წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ჩემთვის ეს რთული არჩევანი იყო, მაგრამ ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილების. ახლა უკვე მაქვს იმის საშუალება, რომ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდე და ჩემიანები მოვინახულო. გამიმართლა და გულისხმიერი ხალხი შემხვდა, ძალიან მაფასებენ. თავიდანვე მიწყობდნენ ხელს, კომპიუტერიც კი მიყიდეს, რომ შვილებს ინტერნეტით ყოველდღე შევხმიანებოდი.

– ალბათ, მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ გაიძულათ ევროპაში სამუშაოდ წასვლა.

– არა მხოლოდ. მამაკაცმაც, რომელიც გვერდით მყავდა, სწორედ სირაქლემას დამსგავსებულმა კაცმა. სიტყვა ჩამოვარდა და ეს თემა საპოლემიკოდაც იქცა, ჩემს ამბავს მოკლედ გიამბობთ და მიხვდებით, აქედან რას გავექეცი: ჩემი მომავალი ქმარი რომ გავიცანი, უმაღლესი სასწავლებელი უკვე დამთავრებული მქონდა და სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად ვმუშაობდი. ჩემს ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა. ვერ ვიტყვი, ჩემს ბინას და ქონებას დახარბდა-მეთქი, მაგრამ მერე, როცა ცხოვრება გაჭირდა, ისე დახუჭა ყველაფერზე თვალები, სად გავქცეულიყავი, აღარ ვიცოდი. უფროსი შვილი 8 წლის, უმცროსი კი 5 წლის იყო, როცა უსამსახუროდ დარჩა. უტიფრად მითხრა, – უნდა გამიგო და დამეხმარო, ცოტა ხანს შენ მოგიწევს ოჯახზე ზრუნვაო. მისი უმუშევრობა დიდხანს გაგრძელდა. მისი მშობლები მამშვიდებდნენ და თავისი ჭკუით, მაიმედებდნენ: რას იზამ, ცოლქმრობა ეგაა, როცა ერთს უჭირს, მეორე კლდესავით უნდა დაუდგესო. თითქოს ვალდებული ვიყავი, მერჩინა. სკოლაში ხომ ვმუშაობდი, კერძოდაც ვამზადებდი ბავშვებს, ზოგთან შინაც მივდიოდი, ზოგიც ჩემთან მოდიოდა. ამას დაუმატეთ სახლის საქმეები. არ გეგონოთ, ჩემი ქმარი სახლში მაინც აკეთებდა რამეს. ფეხი ფეხზე გადადებული, ტელევიზორის პულტით ხელში იჯდა და ჩემს მომზადებულ კერძებს უსინდისოდ მიირთმევდა. წარმოიდგინეთ, ისე ვიყავი გადაღლილი, ერთ დღეს ქუჩაში უგონოდ დავეცი. ამის მერე კატეგორიულად გამოვუცხადე: ან რამეს გააკეთებ, ან სახლიდან წახვალ-მეთქი. იფიქრა და მორიგი იდიოტობა მოიფიქრა. მითხრა: შენ 5 000 დოლარი მიშოვე, ნაწილს ჩემი მეგობარი შოულობს, ნაწილიც მე უნდა მივიტანო, მანქანას ვიყიდით და ვიტაქსავებთო. მხოლოდ 2 ათასს მოვუყარე თავი, დანარჩენი სამი – პროცენტით ისესხა. ერთ თვეში მიხვდნენ, რომ „ბიზნესი“ ჩაუვარდათ. ჯერ ორზე გაყოფილი შემოსავალი და პლუს პროცენტიანი ვალი, რას დატოვებდა საარსებოს. თანაც, ამ ორმა იდიოტმა მალევე დალეწა მანქანა. ჩვენს სახლში გახშირდა მევალეების მოვარდნა, თავად შინ არ ხვდებოდა, სამაგიეროდ მე ვიყავი შავ დღეში. ბოლოს, მოვკიდე ჩემს შვილებს ხელი და მშობლებთან გადავედი. ჩემი ქმრის მშობლებს მევალეები შვილის სიკვდილით დაემუქრნენ და იძულებულები გახდნენ, ბინა გაეყიდათ და საცხოვრებლად სოფელში საცხოვრებლად გადასულიყვნენ. ვალები კი გაისტუმრა, მაგრამ სხვა ბინა ვეღარ იყიდა და დატუქსული ბავშვივით ჩემს მშობლებთან მომადგა: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფული ვიშოვო და ცხოვრება თავიდან დავიწყოო. რა თქმა უნდა, ესეც მხოლოდ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. მერე მამაჩემს სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა. მამაჩემის სიკვდილის მერე ჩემმა ქმარმა მთლად დაიკრიფა გულზე ხელები – არ მუშაობდა, ხშირად სვამდა და ისეთი აგრესიული იყო, სად წავსულიყავით, არ ვიცოდით. ერთხელ ვუთხარი, გავშორდეთ, დამანებე თავი-მეთქი. გადაირია: რას ჰქვია, თავი დაგანებო, მე ჩემს ოჯახში უნდა ვიყო, თუ გინდა, შენ წადიო. კინაღამ გადავირიე – ჩემი მშობლების ბინიდან სად მიშვებ-მეთქი. ბინა ჩემიც არისო. ვუყურებდი ამ ნამუსდაკარგულ კაცს და მიკვირდა. გადავწყვიტე, განცხადება შემეტანა გაყრაზე. სასამართლომ პირობითი სამთვიანი ვადის გარეშე გაგვყარა. ის კი მაინც არ წყნარდებოდა და ჩვენს სახლთან მოსული დებოშს ტეხდა ხოლმე. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. დედასა და დას გავუმხილე, საზღვარგარეთ წასვლა მინდა-მეთქი. იმ წელს უფროსი ბიჭი სტუდენტი გახდა და მეც აღარ გავჩერდი თბილისში და იტალიაში წავედი. ჩემი ქმარი განქორწინების მერე ერთხანს ნაქირავებში ცხოვრობდა, ბავშვებს კი ნახულობდა, მაგრამ მაშინვე ჩემზე უწყებდა ლაპარაკს და შვილებმა აღარ ისურვეს მასთან შეხვედრა. ადგა და სოფელში წავიდა.

მე ცოტა ხანს კიდევ ვაპირებ იტალიაში დარჩენას, მერე ჩამოვალ და ჩემს შვილებს გვერდიდან არ მოვცილდები. კიდევ კარგი, დროზე გავეცალე, თორემ ეს კაცი საბედისწერო ნაბიჯს გადამადგმევინებდა, შვილებსაც დააობლებდა და მეც სამუდამო ცოდვას ამკიდებდა. ასე რომ, სირაქლემასთან შედარება არაფერია იმასთან, რაც ჩვენი კაცების უმეტესობას სჭირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული