გულახდილი საუბრები

რატომ აცნობიერებს ზოგიერთი ქალი საკუთარ შეცდომას დაგვიანებით და რას ვეღარ ეგუება ის

№21

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 31.05

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ადამიანი მეტ-ნაკლებად ყველაფერს ეჩვევა და ეგუება, გარდა ერთისა – ძალიან უჭირს მარტო ყოფნა და უსიყვარულოდ ცხოვრება. ზოგი პარტნიორს აქტიურად ეძებს და პოულობს კიდეც. ზოგი შეიძლება, აქტიურად არ ეძებს და არ აღიარებს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ელოდება. თუმცა, ამით ყველაფერი არ მთავრდება. რეალობა რთულია და ერთ დროს საყვარელი ადამიანი, შესაძლოა, მტრად გექცეს. ცრემლები შენი თანამგზავრი გახდეს და ცხოვრება ერთბაშად ჩამოგენგრეს.

დადუნა (51 წლის): ჩემს წარსულს რომ ვიხსენებ, ბევრ შეცდომას ახლაღა ვაცნობიერებ. ყოველთვის ვფიქრობდი, იმაზე მწარე არაფერია, როცა საყვარელი ადამიანი მიგატოვებს-მეთქი. თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს მე დამემართებოდა. მესამე კურსზე გადავდიოდი, როცა ერთმა ჭიათურელმა ბიჭმა თვალი დამადგა. ერთი თვე ჩუმად მდია, მერე დამტაცა ხელი და ისე წამიყვანა, სიყვარულიც არ აუხსნია.

– რატომ დარჩით მასთან?

– ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც საკმაოდ გვიან გავაცნობიერე. ძალიან მალე დავინახე მისი რეალური სახე. ძალიან უხეში იყო. ვერ ვუგებდი. ბოლოს მატყობდა, რომ ვერიდებოდი და გავურბოდი, მაგრამ ეს დიდად არ აწუხებდა. ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით იმიტომ გავაჩინე, რომ მათზე ზრუნვით ვყოფილიყავი დაკავებული. ახლა უკვე დიდები არიან – 17-ისა და 15 წლის. დაღი მაგათაც დავასვი და ძალიან ვნანობ. ძალიან გულჩათხრობილები არიან. ამას წინათ უმცროსს წამოსცდა: დედა, ჩვენ რომ ასეთები ვართ, შენი ბრალია, როცა მიხვდი, რომ ვერ ეგუებოდით ერთმანეთს, უნდა გაშორებოდი ქმარსო.

– ანუ, ზოგჯერ გაშორება საუკეთესო გამოსავალია?

– ნამდვილად ასეა. რა მოვიგე, რომ არ გავშორდი. წლები შემომადნა. ორმოცს რომ გადავაბიჯე, საოცარი გულისწყვეტა ვიგრძენი. გავაცნობიერე, რომ ისე გავიდა დრო, რეალურად არ მიცხოვრია. სიყვარული რა არის, არ ვიცი. არადა, იმდენ ღირსეულ ბიჭს მოვწონდი... ჩემს შეცდომას ახლაღა ვაცნობიერებ. თავი ჩავღუნე და შევეგუე ჩემს მდგომარეობას. იმასაც მივხვდი, რომ არსებობს ქალების ორი კატეგორია. ერთია, როცა უყვართ და პატივს სცემენ, მეორეა – როცა არ უყვართ და არაფრად აგდებენ. სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში მოვხვდი. ამ კაცის გვერდით ღირსება დავკარგე, უღირსებო ადამიანი კი რა შესაყვარებელია? შთავაგონე ჩემს თავს, რომ სწორედ ამას ვიმსახურებდი და მეტის ღირსი არ ვიყავი... რატომ ვრჩებოდი იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ვერ მიტანდა. თვალს მომკრავდა თუ არა, აპილპილდებოდა, ჩხუბს იწყებდა.

– ესე იგი, შეეჩვიეთ თქვენს მდგომარეობას?

– საკუთარ თავს ვეუბნებოდი, სხვა რა გზა მაქვს-მეთქი. ან სად წავსულიყავი? მარტო შევძლებდი შვილების შენახვას? თავზე საყრელად არასოდეს გვქონია რამე, მაგრამ პროდუქტი მაინც მოჰქონდა ხოლმე. მე ამდენს ვერ შევძლებდი. შვილებიც დავთრგუნე, აღარაფერი ახალისებთ. ეს რანაირად დამემართა? კვირაში ერთხელ მოტანილ სურსათ-სანოვაგეს როგორ ვანაცვალე ღირსება, ჩემი და შვილების ბედნიერება? მე უღირსებო ქალი ვარ და ამისთვის სასჯელი ჩემი ქმარია. თუმცა ახლა გამოჩნდა შანსი, ეს ყველაფერი შევცვალო. შემთხვევით შევხვდი კაცს, რომელსაც დიდი ხნის წინ ვუყვარდი. თავისი ამბავი მიამბო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთხანს სოფლის სკოლაში ასწავლიდა. მერე, ცხოვრება რომ გაჭირდა, თბილისს მოაშურა. ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა, სამშენებლო-სარემონტო საქმე კარგად იცოდა. იმდენს ვშოულობ, ოჯახსაც ვუგზავნი სოფელში და მეც მყოფნის აქო. იმასაც ორი შვილი ჰყავს, სკოლის მოსწავლეები... უცებ გავშინაურდით. რამდენჯერმე შევხვდით და მგონი, ორივეს „სიბერის სიყვარულმა“ მოგვიკაკუნა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სითბო არასოდეს მიგრძნია და არც ასეთი ბედნიერების განცდა.

– ფიქრობთ, რომ ერთად უნდა იყოთ? აპირებს ოჯახიდან წამოსვლას?

– ძნელია მოპარული სიყვარული, მით უფრო მაშინ, როცა იცი, რომ „ის“ სხვას ეკუთვნის, შენ კი სხვისას, თუნდაც, დროებით ეპატრონები, მაგრამ არასოდეს თავს იმის უფლებას არ მივცემ, რაიმე პრეტენზია გამოვხატო. ერთადერთი, რისი სურვილიც მაქვს, მისი ნახვაა, თუნდაც თვეში ერთხელ. მე მისგან სხვას არაფერს ვითხოვ. ერთხელ ჩემმა ქმარმა მითხრა. ოღონდ შენი სახე არ დამანახო და სადაც გინდა, ვისთანაც გინდა, წადი. კისერიც მოგიტეხია და კინჩხიც მიგიყოლებიაო. აბა, ასეთი კაცის მიმართ სინდისმა როგორ უნდა შეგაწუხოს? მით უფრო, რომ თავად კარგა ხანია, საყვარელი ჰყავს. ძირითადად, იმასთან აგდია.

– ალბათ, იმაზე მწარე არაფერია, როცა საყვარელი ადამიანი მიგატოვებს.

– ჩემს ქმარს თუ გულისხმობთ, ის ჩემთვის ძვირფასი და ღირებული არასოდეს ყოფილა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, მაგრამ გონს რაღა მაინცდამაინც მაშინ მოვედი, როცა ბევრი რამე დაგვიანებულია. სხვა რა გზა მაქვს, ტკივილიც უნდა დავძლიო და გულში უნდა ჩავიკლა ის სიყვარული, რამაც მცირე ხნით ჩემი რუხი ცხოვრება გააფერადა და გაალამაზა. ალბათ, ბევრის თვალში უწესო ქალი გამოვდივარ, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებს. ახლა ჩემი ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდება და მას ვეღარაფრით შევცვლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული