გულახდილი საუბრები

რატომ არის ლოდინი ქალების შეცდომა და როდის უნდა „გაუშვა“ სიყვარული

№24

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 27.06

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ხანგრძლივი ლოდინი ხშირად აქცევს რეალობას იდეალიზებულ სურათად. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქცევით გამოხატავენ. მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ ლოდინი გასულდგმულებთ და არასდროს გადაწყვეტილება, ეს შეიძლება, იყოს არათანაბარი, დამღუპველი ბალანსი ურთიერთობაში. ასეთ შემთხვევებში ტრავმა ის არაა, რომ ვიღაც წავიდა – ტრავმაა ის, რომ წლები გეგონა, დარჩებოდა. ასეთი ტოქსიკური ურთიერთობა გვაკარგვინებს ყველაზე ღირებულს ცხოვრების ხალისს და შეიძლება, სიცოცხლესაც.

მაკა (43 წლის): ვფიქრობ, სხვებსაც გადაუტანიათ მსგავსი რამ... იქნებ მათ მაინც მოახერხონ რეალობის შეცვლა და ბედნიერება. ყოველთვის მჯეროდა, სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის. ჩემიც მოვიდა – მეგობრობით დაიწყო და დიდი გრძნობით გაგრძელდა. 15 წელზე მეტი ველოდი, როდის გადმოდგამდა ჩემსკენ ნაბიჯს. არასდროს უთქვამს არაფერი, არც დაპირება ყოფილა, მაგრამ საუბრის დროს თვალებში, სიტყვებს შორის მე ყოველთვის ვკითხულობდი „ჩვენს მომავალს“.

– რას ნიშნავს, „კითხულობდით მომავალს “, რას გულისხმობთ ამაში?

– თავის მოტყუებას. რამაც ბოლოს იმ დღემდე მიმიყვანა, რომ ბოლოს მკაფიოდ თქვა: ქორწინება არ შემიძლია, ეს ჩემი არ არის. ვერ შევძლებ. უნდა გამიგოო... და რამდენიმე თვეში სხვაზე დაქორწინდა.

– რატომ გჯეროდათ, რომ ის თქვენი იყო?

– სიმართლე გითხრათ, მაგაზე ახლაღა დავფიქრდი. იმიტომ, რომ რეალობის დანახვა არ მინდოდა. წლები გადიოდა. მე კი მისი უმოქმედობა არ მაწუხებდა. მეგობრულად კარგად ვეწყობოდით. ბევრ თემაზე ვსაუბრობდით, ჩემი ოჯახიც იცნობდა, მისიც მიცნობდა მე. თითქოს მხოლოდ დრო იყო საჭირო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო...

– და თქვენთვის ეს ნიშნავდა სიყვარულს?

– ალბათ. ეს კი შეცდომა იყო. ყველაზე მძიმე კი იმის გააზრება აღმოჩნდა, რომ უკვე გვიან იყო. მივხვდი, რომ შეიძლება, ადამიანი გიყვარდეს მხოლოდ შენ და იმან ვერაფერი გაიგოს. თურმე, მისთვის საერთოდ არაფერს წარმოვადგენდი. სიცარიელეს ვუვსებდი, რაღაც მომენტამდე. მერე კი, უბრალოდ, დამივიწყა..

– თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს ისეთი სიყვარული, რომლის ლოდინიც წლების განმავლობაში ღირს?

– არ ვიცი, ალბათ, არა. ეს იყო ურთიერთობა, რომელსაც არც სახელი ჰქონდა და არც სტატუსი, მაგრამ მაინც სულ არსებობდა და არსებობს ჩემთვის. ნელ-ნელა იმ ძაფად გადაიქცა, რომელიც ჩემში ყველაფერს აერთებდა. ველოდი, რომ ერთ დღეს მიხვდებოდა და მეტყოდა, წავიდეთ. ერთად დავიწყოთ ბედნიერი ცხოვერებაო... მან კი, უბრალოდ, სხვა აირჩია. მე კი ჯერ კიდევ აქ ვარ – უპასუხო კითხვებით, ნდობადაკარგული და ემოციებისგან დაცლილი…

– ალბათ, ძალიან გიყვარდათ.

– ძალიან. ირონია იცით რაშია? არასდროს უთქვამს – „მომწონხარ“, ან „მიყვარხარ“ , მაგრამ მაინც არასოდეს დამავიწყდება.

– დღეს რომ შეგხვდეთ?

– არაფერი შეიცვლება. უკვე დავინახე რეალობა და აღარ მოვიტყუებ თავს. თუმცა, ამას დიდად აღარც აქვს მნიშვნელობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა