გულახდილი საუბრები

რატომ არის დამოკიდებული ოჯახის ბედნიერება ცოლებზე და რას არ პატიობს ზოგიერთი ქალი ქმარს

№34

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 30.08

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

რა არის ბედნიერება, რომელი ოჯახია ბედნიერი და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალისა და მამაკაცის ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება შედგეს. ძირითადად, ვისზეა ეს დამოკიდებული. ამბობენ, რომ ამაში დიდ როლს სწორედ ქალები თამაშობენ. მათზეა დამოკიდებული, რამდენს მოითმენენ და რას აპატიებენ ქმარს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სულაც არ იმსახურებენ პატიებას.

ბელა (47 წლის): ბედნიერი ოჯახი მქონდა. ეს არ იყო მოჩვენებითი ბედნიერება. რეალურად კარგად ვიყავით, მაგრამ ბოლოს ერთმანეთს მაინც დავშორდით და ეს ვერაფრით მომინელებია. ისევ მიყვარს ჩემი ქმარი, თუმცა, ის ამას ვეღარ გაიგებს.

– დაშორდით იმიტომ, რომ...

– იმიტომ, რომ ვერ ვაპატიე ის, რასაც ძალიან ბევრი ქალი პატიობს ქმარს. მე შვილებიანად ცალკე გადავედი საცხოვრებლად. კიდევ კარგი, რომ ამის მატერიალური საშუალება მქონდა. მშობლებთან გადავედი. მერე კი ქმარს მოვთხოვე, ბინა დაგვიგირავე-მეთქი. სხვათა შორის, უსიტყვოდ შეასრულა პირობა. შვილებსაც კეთილსინდისიერად პატრონობს. ყოველდღე მიჰყავს გოგონა სკოლაში, ვაჟი – ბაღში, საღამოს ბავშვებთან ერთად ბრუნდება იქ, სადაც ახლა ვცხოვრობ და სამსახურიდან ჩემს დაბრუნებას ელოდება. შემდეგ კი თავის სახლში მიდის, სადაც ოდესღაც ყველანი ერთად ვცხოვრობდით.

– გული გწყდებათ?

– კი. ძალიან. როგორ მინდოდა, საქმე აქამდე არ მისულიყო, მაგრამ… მეგობრებმა რამდენჯერმე მომიტანეს ამბავი, შენი ქმარი ვიღაც გოგოსთან ვნახეთო. ჯერ ყურადღება არ მივაქციე, მერე გავცხარდი: მე რომ მეუბნებით, მას რატომ არ ჰკითხეთ, რას აკეთებდა უცხო ქალთან-მეთქი. არ მოეწონათ ჩემი ასეთი რეაქცია და ცოტა ხანს მიჩუმდნენ. მე ვაკვირდებოდი ქმარს, რომელიც ეჭვიანობის იოტისოდენა საბაბსაც არ მაძლევდა. ერთ დღესაც მეგობარმა დამირეკა: შენი ქმარი კვლავ იმ გოგოსთან ერთად არის კაფეში, თუ გინდა, მოდიო. იმ წუთში შემძულდა ის ჩემი მეგობარი, მაგრამ მაინც ჩავკიდე ხელი ბავშვებს და ქმარს კაფეში თავს დავადექი. კი გაუკვირდა ჩვენი დანახვა, მაგრამ ისეთი ბედნიერი წამოიჭრა ფეხზე, მომხვია ხელი და იმ გოგოს უთხრა, – ჩემი მშვენიერი ცოლი უნდა გაგაცნოო, რომ ხმა ვეღარ ამოვიღე. იმ გოგომაც უხერხული ღიმილით ჩამომართვა ხელი. მერე კი რაღაცნაირი რიხით მითხრა, – ჩემი ბავშვობის მეგობრის ცოლია, შენ არ იცნობ... დიდი ხანია, ციხეშია, რაღაც პრობლემა ჰქონდათ და მთხოვა, დავხმარებოდიო... მერე ის გოგო უცებ წამოდგა, ეტყობოდა, ორსულად იყო. სწრაფად დაგვემშვიდობა – მე დაგტოვებთო. ჩემმა ქმარმა – მანქანამდე მივაცილებო და გაჰყვა. როცა შემობრუნდა, მაშინ მკითხა, აქ როგორ მოხვდიო და სანამ ვუპასუხებდი, დააყოლა, – შენი მეგობრები დავინახე, მინდოდა მივსალმებოდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ თვალი ამარიდესო.

– ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა, ტყუილად იეჭვიანეთ?

– სამწუხაროდ, არა. თუმცა საქმე მარტო ამაში არ არის. ღალატიც კი შეიძლება, აპატიო ადამიანს, თუ აღიარებს, რომ დამნაშავეა. ჩემი მზრუნველი ქმარი კი ნამდვილი არარაობა გამოდგა. ის გოგო, ძმაკაცის ცოლი კი არა, მისი საყვარელი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, შვილი გაეჩინა ისეთი კაცისგან, მამობაზე უარს რომ არ იტყოდა და ბავშვსაც გააზრდევინებდა.

– თქვენი ყოფილი ქმარი ახლა იმ ქალთან და ბავშვთან ცხოვრობს?

– ერთად ცხოვრობენ. ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა და ბავშვი დაიღუპა. მე ის გოგო შემხვდა და ბოდიში მომიხადა, მითხრა, რომ მცოდნოდა, ცოლი ჰყავდა, მასთან საერთო არაფერი მექნებოდაო.

– დაუჯერეთ?

– როგორ გითხრათ. უკვე აღარ მაინტერესებს. შეიძლება, ასეცაა, იმ ქალთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ჩემი ქმარი ხომ ძალიან გაქნილი მატყუარა გამოდგა. მომატყუა და ამიტომაც არ ვაპატიებ, რაც ჩაიდინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა