გულახდილი საუბრები

რატომ არის აუცილებელი ვისაუბროთ თემაზე, რომელზეც ქალების უმრავლესობა დუმს

№20

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 30.05

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელზეც ბევრი ქალი დუმს. ეს არის ისტორია ქალისა, რომელიც იაზრებს მეუღლის ღალატს, მაგრამ არ გამოთქვამს პროტესტს. არჩევს სიჩუმეს, წაყრუებას, ისე ყოფნას, თითქოს არაფერი იცის. ჩვენს ინტერვიუერში ბევრი ქალი საკუთარ თავს ამოიცნობს.

რას გრძნობს ქალი, რომელიც სირაქლემას პოზაშია? რას განიცდის იმ დროს, როცა ღალატი ცნობილია, მაგრამ მაინც ჯიუტად არ ცნობს რეალობას, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ არაფერს ამბობს.

ჩვენს საზოგადოებაში ქალები ხშირად დგანან რთული ემოციური არჩევნის წინაშე. რა ხდება მაშინ, როცა სიმართლე ვიცით, მაგრამ დუმილს ვამჯობინებთ? როცა ღალატის არსებობა აშკარაა, მაგრამ არჩევანს ვაკეთებთ – ვითომ არაფერი ვიცით?

მაკა (45 წლის): მე დიდი ხანია, ყველაფერი ვიცი. უბრალოდ, დუმილს ვირჩევ. იმიტომ არა, რომ გული არ მტკივა, ან თავს შეურაცხყოფილად არ ვგრძნობ. უბრალოდ, დღეს სხვანაირად არ შემიძლია.

– როდის მიხვდით, რომ მეუღლე გღალატობდათ?

– პასუხი მარტივია – დიდი ხნის წინ. ალბათ, იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე, საამისოდ რეალური სამხილები მექნებოდა. ქალს არ სჭირდება ფაქტები, რომ სიმართლე იგრძნოს. პატარა ცვლილებები, ტელეფონის დამალვა, გაუცხოებული მზერა… ქალი გრძნობს, როცა აღარ უყურებენ ისე, როგორც ადრე. „მტკიცებულებები“ სულაც არ არის საჭირო. მე, უბრალოდ, ვიცოდი.

– რატომ არ თქვით არაფერი? რატომ არ მიატოვეთ?

– იმიტომ, რომ ოჯახის დანგრევა მარტივი სათქმელია, მაგრამ მძიმე შედეგი მოჰყვება. შვილი მყავს. მაქვს სახლი, რომელიც ჩემი დიდი ძალისხმევით აშენდა – არ მეთმობა. შეჩვევაცაა, პასუხისმგებლობაც... არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. არ ვამართლებ ჩემს საქციელს. რა თქმა უნდა, არც მას, მაგრამ ვერც ჩემს თავში ვგრძნობ ძალას, რომ წავიდე.

– გტკივათ?

– რა თქმა უნდა. თანაც, ეს ტკივილი ყოველდღიურია. მაგრამ თითქოს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას მივეჩვიე. ამ მომენტში ასე ვგრძნობ – თითქოს მე ვარ კედელი, რომელიც ყველაფერს უძლებს, რომ მთელი სახლი არ ჩამოინგრეს. თითქოს ეს ტკივილიც იმ „ჭურჭელში“ ზის, სადაც სხვა ყოველდღიური საკითხებია – მაღაზია, სამზარეულო, დალაგება, გაკვეთილები... ისიც უბრალოდ იქ არის.

– ფიქრობთ, რომ ეს გამოსავალია?

– არ ვიცი. ესაა ის, რისთვისაც ახლა ძალა მყოფნის. მირჩევნია, დავინახო, მაგრამ ხმამაღლა არ ვთქვა. ალბათ, ესეც ერთგვარი თავდაცვაა. ისე ვარ, როგორც სირაქლემა — თავი ქვიშაში მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა ხდება ზურგს უკან. არ არის მოთმენა სირცხვილი, თუ ჯერ არ ხარ მზად. მაგრამ, არც ის მავიწყდება, რომ თავს ქვიშაში დიდხანს ვერ გააჩერებ – სუნთქვა გაგიჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა