გულახდილი საუბრები

რატომ არ უნდა ზოგიერთ ქალს იყოს ცოლი

№32

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 20.08, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

არსებობენ ქალები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, რომ საკუთარი ცხოვრება მათსავე ხელშია. რატომღაც უფრო მოსახერხებლად მიაჩნიათ, ყველაფერი სხვებს გადააბრალონ. ასეთი ქალები მამაკაცების გაღიზიანებას იწვევენ.

როდესაც ქალი დახმარებას გთხოვს, ეს ნორმალურია. როდესაც მამაკაცი სწრაფად მირბის დასახმარებლად – ესეც ნორმალურია. როდესაც ქალი მინერალური წყლის ბოთლს გამოგიწვდის და გეტყვის, რომ ვერ ხსნის, ეს ნუ გაგაბრაზებთ. ქალებს ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ ამით მიგანიშნებენ, რომ სჭირდებით. არავინ იცის, საიდან აქვს ქალს რწმენა, რომ თუ მამაკაცი უყვარს, ის თვითონ მიხვდება ამას. გამოიცნობს, რა მოსწონს მას და რა – არა, რა არის მისთვის საინტერესო, რა სიამოვნებს. მამაკაცი ამას ვერ მიხვდება.

თეა (35 წლის): ცოლობა არ არის ის მდგომარეობა, რომელიც ბედნიერს გაგხდის. ოღონდ არ იფიქროთ, რომ თავგამოდებული შინაბერა გელაპარაკებით. ოჯახი მაქვს. მშვენივრად ვცხოვრობ, მაგრამ აი, ჩემი მეგობრები, რომელთა შორის ჩემი ყოფილი შეყვარებულებიც არიან, ხშირად ოხრავენ, რომ მათი ცოლები თავს ბედნიერ ქალად არ მიიჩნევენ. ზოგჯერ ერთმანეთს ყავაზე ვხვდებით, ახალ ჭორებს, ბავშვებს, სამსახურებს განვიხილავთ. რა პრობლემაა, ზოგიერთთან ნორმალურ, მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებ. გამიმხელენ ხოლმე, რომ მათი ცოლები მათთან ბედნიერები არ არიან. აზრზე არ ვარ, ამ დროს რა უნდა ვთქვა. ვიღიმი და ვფიქრობ, რა კარგი ვქენი, ამათი ცოლი რომ არ გავხდი-მეთქი.

– უცნაურად არ მიგაჩნიათ ასეთი ურთიერთობა..

– არანაირად. მე ამ ურთიერთობით საჭირო ინფორმაციას ვიღებ. ვეკითხები, როგორ არიან თქვენი მეუღლეები-მეთქი და მპასუხობენ, კარგადო. მე ჩემი მეგობრების მჯერა – რა თქმა უნდა, მათი ცოლები არაჩვეულებრივად იქნებიან, ბედნიერები თუ არა, კმაყოფილები მაინც. გულახდილად რომ განვიხილოთ, რა აქვთ დასამდური: მათი ქმრები მუშაობენ, უყვართ შვილები, ოჯახი, ასევე უყვართ შაბათ-კვირის სახლის სიმყუდროვეში გატარება. თუმცა, ცოლის ხსენებაზე ისე რაღაცნაირად იცრიცებიან, თითქოს ვერ იხსენებენ, ამ ქალს იმწუთას მათ ცხოვრებასთან რა ხელი აქვს. რატომ უნდა ხდებოდეს ასე. ხომ უყვარდათ და ცოლადაც ამიტომ შეირთეს. მოკლედ დიდი გაუგებრობაა ქორწინება.

– აღიარებთ, რომ გიხარიათ, მათი მარცხი პირად ცხოვრებაში. ანუ, თქვენ რომ მოეყვანეთ ცოლად შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.

– ასე არ არის. ჩემი მეგობრებისა და მათი ცოლების ვერშემდგარი ბედნიერება გულს მიმძიმებს, ოღონდ, სულ ცოტათი – ამას ვაღიარებ. ალბათ, ის გარემოება, რომ მე შვილები არ მყავს, ამ კაცებს რაღაცნაირად წარსულში აბრუნებთ, მე თითქოს ისევ ის ვარ, ქარაფშუტა მხიარული გოგო, ზუსტად ისეთი, როგორიც ადრე თავადაც იყვნენ. ჰო, ასეა. თუმცა, ზოგჯერ მეც მიპყრობს სევდა და მგონია, რომ მორჩა, ჩემი ცხოვრება დასრულდა. ჩემი ქმარი ჩემზე გაცილებით უფროსია და ამიტომ, მეც დროდადრო თავს მის თანატოლად ვგრძნობ. ჩემი ქმარი არც მდიდარია და ჩემ გამო არც ცოლი მიუტოვებია – მისი პირველი ცოლი გარდაიცვალა. ჩემმა ქმარმა წარმოუდგენელი ისტორიული ქარტეხილები გადაიტანა და მერე მიპოვა მე.

– ანუ, გათხოვილი ხართ და მაინც ფიქრობთ, რომ ცოლობა ბედნიერება არ არის?

– ვიღაცებისთვის არ არის და მე მესმის მათი. მე ვარ ბედნიერი, მაგრამ ამ ბედნიერებაში ცოლის სტატუსი პრიორიტეტი და გადამწყვეტი არ არის. გათხოვებას არ შევუცვლივარ, „სხვა“ არ გავუხდივარ – არ გავსუქებულვარ, არც შარმი დამიკარგავს და არც სიმშვიდე. ჩემი ქმრისთვის კი ადამიანის სოციალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მას სულ არ ანაღვლებს, რომ ზოგჯერ ყოფილ შეყვარებულებს ვხვდები. არ ეჭვიანობს. დარწმუნებულია ჩემშიც და საკუთარ თავშიც. ძირითადად, ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. წარმოდგენა არ მაქვს, ჩემმა ქმარმა სიყვარულის ობიექტად მე რატომ ამირჩია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ორივემ დიდ სიყვარულს მივაგენით. გარკვეული გრძნობების თუ კომპრომისის გამო ჩემმა ცხოვრებამ სულ სხვა გეზი სრულიად მოულოდნელად აიღო და ახლა მთელ რიგ საკითხებს რადიკალურად განსხვავებულად აღვიქვამ. აი, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ბევრი წყვილი ლოგინში თავს ბედნიერად გრძნობს, მხედველობაში მაქვს ერთი შეხედვით, შეუფერებელი წყვილები, მრავლად რომ გვხვდება ცხოვრებაში.

– თუ ბედნიერი ხართ ქმართან, ყოფილ შეყვარებულებს რატომ ხვდებით?

– მაინტერესებს მათი მოსმენა. დასკვნები გამომაქვს და ჩემს ქმართან ურთიერთობაში იგივე შეცდომებს არ ვუშვებ. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგი საქციელია. ვიღაცამ შესაძლოა, გამკიცხოს. ამისთვის მზად ვარ, თუმცა საუბრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ პრობლემას გამოვავლენ ხოლმე. რატომ არ ცდილობენ ადამიანები, შეინარჩუნონ გრძნობა. აი, ვუსმენ ხოლმე და გაოცებული ვრჩები. თითქოს განიცდიან საკუთარი ცოლების მდგომარეობას, მაგრამ არაფერს აკეთებენ, რომ რეალობა შეცვალონ.

– ურჩიეთ, როგორ მოიქცნენ..

– რომელ მამაკაცს უყვარს, ჭკუას რომ არიგებენ. პირად შეურაცხყოფად მიიღებენ. ეწყინებათ და აღარ შემხვდებიან. მე კი ძალიან მჭირდება ეს შეხვედრები, რაღაცნაირად მავსებს. თითქოს „გვერდიდან“ ვხედავ საკუთარ თავს. ვფიქრობ, ბევრ გათხოვილ ქალს წაადგებოდა ასეთი საუბრები.

– ბევრ გათხოვილ ქალს ჰყავს ეჭვიანი ქმარი, რომლებიც ასეთ შეხვედრებს მშვიდად არ შეხედავენ.

– აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ ისინი ძალიან ცდებიან. ეს არც ღალატია და არც გარყვნილება. პირიქით, ერთგვარი თერაპიაა, რომელიც მარტო ქალს კი არა ორივეს ეხმარება. თითქოს გულისტკივილით ჰყვებიან ხოლმე, როგორ იღლებიან ცოლები, რამდენი საქმე აქვთ, როგორ შეცვალა ცხოვრება ბავშვების დაბადებამ... მოკლედ, მზრუნველი ქმრების როლში თავს კომფორტულად გრძნობენ. მაგრამ გგონიათ, რომელიმე მათგანი ჭურჭელს მაინც დარეცხავს, რომ ცოლს ცოტათი მიეხმაროს? რა თქმა უნდა, არა.

– ანუ, თუ ქმარი ჭურჭელს რეცხავს, ბედნიერება ესაა?

– არა. ბედნიერება ისაა, როცა შენი ქმარი ხვდება, რა გინდა და როდის. ამას კი მეტი კონტაქტი სჭირდება, მეტი საუბარი და სხვანაირად დალაგებული ურთიერთობა. არ არის აუცილებელი ყოფილ შეყვარებულებთან ირბინო. სხვა მეთოდებიც არსებობს, რომ ბედნიერი გახდე. უნდა მოინდომო. თორემ უამრავ ქალს ვიცნობ, სანამ გათხოვდებოდნენ ბედნიერების არსი ქორწინება რომ ეგონათ, ახლა კი წუწუნებენ. ცოლობა მაშინ იქნება ბედნიერება, თუკი მას სტანდარტულად არ მიუდგები. იფიქრებ იმაზე, რომ შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ქმრებს კი ვურჩევდი, მეტად მოინდომონ საკუთარი ცოლების ბედნიერება, რადგან ეს მათაც გააბედნიერებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი