გულახდილი საუბრები

რატომ არ შეგვიძლია ურთიერთობიდან „წასვლა“, როცა ამის აუცილებლობაა და როგორ გვაკარგვინებს სიყვარული ღირებულებებს

№28

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 25.07

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

სიყვარული ყველაზე მძლავრი ემოციაა, მაგრამ როცა ის არ არის, ხშირად სწორედ თვითშეფასება და შიდა ღირებულებები ზიანდება. რატომ გვგონია, რომ თუ ვიღაც არ გვიყვარს, ეს ჩვენს „ნაკლოვანებებზე“ მიუთითებს? რატომ არ შეგვიძლია, დროულად წასვლა ტოქსიკური ურთიერთობიდან და როგორ დავბრუნდეთ საკუთარ ღირებულებასთან?!

თეა (37 წლის): რატომ გვეჩვენება ხოლმე, რომ თუ ვიღაც არ გვიყვარს, ეს ჩვენი ბრალია. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი – ეს შეგრძნება ხშირად ბავშვობიდან მოდის. როცა პატარა ასაკში ვერ ვიღებთ უპირობო სიყვარულს, ვამყარებთ კავშირს – „თუ არ მიკრძალავენ, ესე იგი, კარგი ვარ. თუ მიყვირიან — რაღაც არასწორად მოვიქეცი“. ეს შაბლონი მოგვყვება მოზრდილობაშიც: როცა ვიღაც არ გვიბრუნებს სიყვარულს, ეს განცდა დაუყოვნებლივ გადადის საკუთარ თავზე — თითქოს საკმარისად კარგი არ ვიყავით. ეს კი შეცდომაა.

– როგორ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ღირებულება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვის გრძნობებზე?

– ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი ამაზე. პირველ რიგში, უნდა დავშორდეთ ფრაზას: „თუ გიყვარვარ, დამიმტკიცე”. სიყვარული არ არის შეფასების ტესტი. ის ან არსებობს, ან – არა. ჩვენი ღირებულებაც და თვითშეფასებაც არ წყდება იმით, თუ ვინმემ ვერ დაგვაფასა.

ერთი კარგი სავარჯიშოა, დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები:

•ვინ ვარ მე, როცა არავის ყურადღებას არ ვეძებ?

•რა მაქვს ისეთი, რაც ჩემში თავად მიყვარს?

•რაში ვგრძნობ ძალას?

როდესაც ადამიანმა იცის საკუთარი თავის ფასი, ის ნაკლებად ექცევა ემოციური სიყვარულის მახეში. არ უნდა დარჩე უიმედო სიყვარულის მოლოდინში. აზრი არ აქვს, რწმენასა და საკუთარი თავის პატივისცემას გაკარგვინებს.

– წახვიდე მაშინ, როცა ამის დრო არის - ალბათ, რთულია. წასვლა გადაწყვეტილებას და სიმამაცეს მოითხოვს.

– დიახ, ნამდვილად ასეა. თუ ურთიერთობა არ არის მხოლოდ გრძნობებზე დაფუძნებული, არამედ ღირებულებაზეც დგას, მაშინ წასვლა საჭირო არ ხდება. შეიძლება, გიყვარდეს, მაგრამ მაინც წახვიდე. მე ასე ვუთხარი, სანამ ურთიერთობას წერტილს დავუსვამდი: „მიყვარხარ, მაგრამ ჩემი სიყვარული არ უნდა მანადგურებდეს“. როცა რჩები ურთიერთობაში, სადაც არ გაფასებენ, ღალატობ არა იმ ადამიანს, არამედ საკუთარ თავს.

– უნდა დავტოვოთ ყველა, ვინც არ გვიყვარს საკმარისად? იქნებ სიყვარული დროსთან ერთად მოდის?

– არ ვამბობ, რომ ურთიერთობა მხოლოდ ვნებიანი სიყვარულით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. მაგრამ მნიშვნელოვანია განსხვავება – ვნებას, მიმაგრებას, ჩვევასა და რეალურ ემოციურ კავშირს შორის. თუ პარტნიორი მუდმივად უგულვებელყოფს შენს ემოციებს, არ ცდილობს, გაგიგოს, არ იღებს შენს ღირებულებებს, მაშინ რატომ უნდა იყო მასთან. ყველაზე დიდი შეცდომაა ლოდინი, რომ ერთ დღეს შეგიყვარებენ. სიყვარული არ მოდის ლოდინში. ის მოდის იმ სივრცეში, სადაც შენც ხარ სიყვარულისთვის მზად.

– შეიძლება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შიში მარტო დარჩენის შიში იყოს ან შიში იმისა, რომ ვეღარავინ შეგიყვარებს?

– ზუსტად ასეა. ჩვენ არ გვიყვარს ცარიელი სივრცე. ურთიერთობის დასრულების შემდეგ, რაღაც დროით, იქ სიცარიელე ჩნდება და ეს დრო, ეს დუმილი ხშირად სჯობს იმ ხმაურს, რაც ფსიქიკას ანგრევს. მაგრამ რადგან ეს სიცარიელე შეგვაშინებს, ვრჩებით შეჩვეულ ტკივილში.

შიში, რომ „ამაზე უკეთესი ვერ მეყოლება“, ხშირად ტყუილია. არ არსებობს ერთი შესაძლებლობა სიყვარულში. არსებობს მხოლოდ ერთი პირობა – იდენტობა, რომ შენ არ უნდა დაკარგო შენი თავი, იმისთვის რომ შეინარჩუნო ვიღაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა