გულახდილი საუბრები

რატომ არ ნიშნავს დაშორება ყოველთვის გათავისუფლებას

№7

ავტორი: დალი მიქელაძე 23:01 27.02

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

რატომ რჩება გრძნობა მაშინაც კი, როცა ურთიერთობა უკვე წარსულია? ეს არ არის სისუსტე, ეს არის ტვინის რეაქცია ემოციურ დანაკარგზე. „რატომ მენატრება?“ – ეს შეკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ ქალმა არ იცის, რა ხდება ურთიერთობაში. რომ ის დასრულდა და განახლების პერსპექტივა აღარ აქვს. ეს კითხვა უფრო ღრმაა. უფრო სერიოზული. რადგან ჩვენი ტვინი მძაფრად რეაგირებს ემოციებზე. ის არ იღებს რეალობას და ეწინააღმდეგება ყველა საშუალებით.

ეს არის საუბარი იმ გრძნობაზე, რომელიც ბევრ ქალს აქვს, მაგრამ ცოტას ჰყოფნის გამბედაობა, აღიაროს.

მარიამი (44 წლის): მოდი, დავიწყებ პირდაპირ შეკითხვით – რატომ მენატრება? ეს კითხვა საკუთარ თავს პირველად მაშინ დავუსვი, როცა მივხვდი, სიცარიელეში აღმოვჩნდი. აღარ ვწერ. აღარ ვურეკავ. აღარ ველოდები... და მაინც მენატრება. თანაც ისე მენატრება, რომ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ჩემს თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს „ტკივილამდე მონატრება“. ეს არ არის ის მონატრება, როცა გინდა, ადამიანი უკან დაიბრუნო. ეს უფრო ისეთი მონატრებაა, რომელიც დაუპატიჟებლად; ჩუმად მოდის და მერე აღარსად მიდის.

მე ვიცი, რომ ერთად აღარ ვიქნებით. გონებით ყველაფერი გასაგებია.

მაგრამ გული... გული სხვანაირად მუშაობს. მენატრება არა ის, ვინც იყო სინამდვილეში. მენატრება ის, როგორიც მე ვიყავი მის გვერდით.

– რას ნიშნავს ეს?

– სიტყვებით რთული გადმოსაცემია. მოდი, ასე ვიტყვი – მის გვერდით უფრო მშვიდი ვიყავი... ან, იქნებ, უბრალოდ, მჯეროდა, რომ ვიღაც მედგა გვერდში და მე მასზე დაყრდნობა შემეძლო. შეიძლება, ეს ილუზია იყო, მაგრამ მაშინ მე რეალობად აღვიქვამდი. როცა ურთიერთობა მთავრდება, სრულდება ყოველდღიურობა. მაგრამ არ სრულდება სიყვარული. რჩება ჩვევები და რაც მთავარია, მომავალი, რომელიც ერთად წარმოიდგინეთ... და სწორედ ეს მენატრება ყველაზე მეტად, უზომოდ მენატრება.

– ხშირად ამბობენ: „თუ მენატრება, ისევ მიყვარს“ – მართალია ეს?

– არა. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც საკუთარ თავს ვუთხარი. და მერე მივხვდი, რომ ამით ჩიხში შევედი. მე შეიძლება, მენატრება, მაგრამ აღარ მიყვარს. შეიძლება, გრძნობა ცოტა დარჩა, მაგრამ აღარ მინდა. შეიძლება, არც მიყვარს და არც მინდა – უბრალოდ, მენატრება. ჩვენ ხომ არ გვასწავლეს გრძნობების გარჩევა.

ჩვენ გვასწავლეს ან სიყვარული, ან სიძულვილი. რეალობა კი ბევრად უფრო სხვანაირია.

– რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

– ის, რომ მარტო არ ვიყავი... ის, რომ ვიღაცას ჩემი ამბავი აინტერესებდა... ის, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი... თუნდაც, რეალობა სხვა იყო, მაგრამ მე ხომ ასე მეგონა. და ყველაზე მტკივნეული – მენატრება ის ქალი, რომელიც მაშინ ვიყავი.

თავდაჯერებული, ცოცხალი, მოლოდინებით სავსე.

– როგორ გგონიათ, რატომ არ მიდის ეს გრძნობა?

– იმიტომ, რომ მე არ დამიმთავრებია ეს ისტორია. არ იღებს ამ რეალობას ჩემი ტვინი. არ უნდა და მეც ჯერ ვერაფერს ვუხერხებ. თუმცა წინაც წავიწიე. დღეს მე აღარ ვეკითხები თავს: „რატომ მენატრება?“ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავთან იმის გასაგებად, რა მაკლია დღეს, რის გარეშე დავრჩი და როგორ შემიძლია ეს თავად შევივსო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი