გულახდილი საუბრები

რატომ არ იმსახურებს ზოგიერთი ქმარი ცოლის ერთგულებას და სად გადის ურთიერთობაში კრიტიკული ზღვარი

№36

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 13.09

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

არიან ჩვენ გვერდით ქალები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას მთლიანად ოჯახს უძღვნიან და პირადი ბედნიერება დავიწყებული აქვთ. თუმცა, ასეთი ქალების მიმართ მადლიერების გრძნობა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არა აქვთ და იმედგაცრუებულები ბოლოს თავს ძალიან უბედურად გრძნობენ. ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და ნებისმიერი საშუალება, რომელიც ამ ბედნიერებამდე მიგვიყვანს, გამართლებულია.

რუსუდანი (47 წლის): მეც იმათ შორის აღმოვჩნდი, ქვეყანა რომ აირია და ქალების უმრავლესობა ოჯახების სარჩენად უცხოეთში გადაიხვეწა. სხვა გზა მართლა არ მქონდა. ჩემი ქმარი არაფრის შეცვლას არ აპირებდა. რა ვქნა, ხომ არ ვიქურდებ, მეტი არ შემიძლია და რა გავაკეთო… ყველა მიდის და წადი შენცო. ფულს გამოგზავნი და მეც აქ რამე პატარა ბიზნესს ავაწყობო.

ნიუ-იორკში ბავშვობის მეგობარი დამხვდა, ერთი თვე თავისთან ვყავდი, სამსახურიც თვითონ მომიძებნა – მოხუც ქალს, რომელსაც შვილები სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავდა მიმოფანტული, მარტო ყოფნა უჭირდა და სურდა, ვინმე სანდომიანი ქალი ჰყოლოდა მომვლელად, კარგ გასამრჯელოსაც დამპირდა. ჩემი „ბებია“ სულაც არ გამოდგა ჭირვეული და აბეზარი. ტკბილი მოხუცი იყო. ხელოვნების სფეროში მუშაობდა და მსოფლიოს ბევრ ცნობილ ადამიანს იცნობდა. როცა გაიგო, რომ მისი მომვლელი საქართველოდან იყო, ძალიან გაუხარდა – თქვენ საოცარი კულტურა გაქვთ, ვოცნებობ, ერთ დღეს საკუთარი თვალით ვნახო ყველაფერი და ალბათ, შენს ქვეყანაში დამპატიჟებო. თანაც ნასიამოვნები დარჩა, რომ ახალგაზრდა ქალი ძალიან განათლებული, მეტიც, მისი კოლეგა, ხელოვნებათმცოდნე იყო. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი უმცროსი მეგობარი გავხდი. თუ მოხუცს მანამდე მუზეუმში, გამოფენაზე, თეატრსა და კინოში მარტო წასვლა ეზარებოდა, ახლა ყველა ღონისძიებაზე წინასწარ უკვეთდა ბილეთებს და დავყვებოდი მეც. ძალიან გამიმართლა, ეს ქალი ჩემი ცხოვრების საჩუქარი გახდა. დიდ თანხას მიხდიდა და განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი. ამ საოცარ ქალთან მეგობრობის მეტი საქმე არ მქონდა. დავდიოდით ერთად და უამრავ რამეს მასწავლიდა. ერთ დღეს გამომიცხადა, - დროა, ინგლისური ენა კარგად შეისწავლო და პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნო, მე სულ არ გეყოლები გვერდით, შენი მომავალი უნდა დავგეგმოთო. სიხარულისგან სიტყვებს ვერ ვპოულობდი. ის ქალი, ფაქტობრივად, ჩემი მეორე დედა გახდა. ამასობაში, თურმე, თბილისში ოჯახი მენგრეოდა და არაფერი ვიცოდი.

– თბილისში დატოვებულ ოჯახს უგზავნიდით თანხას?

– რა თქმა უნდა, ჩემი ბედოვლათი ქმარი კი, ნაცვლად იმისა, ჩემი გამოგზავნილი ფულით რაღაც საქმე წამოეწყო, არხეინად ცხოვრობდა. საყვარელი გაიჩინა და არანაირ სიამოვნებას არ იკლებდა. ჩემი მშობლების ბინაში ცხოვრობდა, მე ვარჩენდი და ბავშვებსაც კი არ უვლიდა. ერთ დღეს თავისი კახპა შინ მიუყვანია, ვითომ როგორც ბავშვების მომვლელი. თურმე, ყველას ეუბნებოდა, რა ვქნა, ცოლმა მთხოვა, მომვლელი ამეყვანაო. თან, თურმე, ბავშვებს აფრთხილებდა, დედა რომ დარეკავს, ამ ქალზე არაფერი უთხრათ, მარტო რომ ვერ გივლით და სხვა დავიხმარე, ეწყინებაო. ბავშვებმაც დაუჯერეს მამას, სანამ იმ ვითომ მომვლელთან ისეთ საქციელზე არ წაასწრეს, მომვლელის მოვალეობა რომ არ არის. როდესაც ბავშვებმა ეს ამბავი მითხრეს, კინაღამ გული გამისკდა. ჩემმა ბებომ ჩემი მღელვარების მიზეზი რომ გაიგო, დამამშვიდა. ასეთ კაცს უნდა გასცილდე და შენი ცხოვრების დანგრევის უფლება არ მისცეო. მოკლედ, მან დასახა გეგმა: რამდენიმე თვეში მისი მეგობარი და კოლეგა კიევში მიდიოდა. ამ კაცთან ვმეგობრობდი, ქვრივია, ორ შვილს თვითონ ზრდიდა და როდესაც მივლინებაში მიდიოდა, ბავშვებს მე და ბებოს გვიტოვებდა. ჩემი ბებოს გეგმით, მე ამ კაცს კიევში გავყვებოდი, როგორც თანაშემწე, მერე მასთან ერთად თბილისში ჩამოვიდოდი, სადაც ჩემს ქმარს გამოვუცხადებდი, რომ ეს კაცი ჩემი ახალი ქმარია და განქორწინებას მოვთხოვდი. თავიდან ცოტა კი ვიუარე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. გეგმა წარმატებით განხორციელდა. კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდით. არავინ იცოდა, რომ დავბრუნდი, შინ მხოლოდ ბავშვები დამხვდნენ. კინაღამ გაგიჟდნენ სიხარულისგან. მერე ის კახპა მოვიდა, გაოცებულმა მკითხა, – თქვენ ვინ ხართო. მე ამ სახლის პატრონი ვარ, მაგრამ თქვენ ვინ ხართ-მეთქი. ჩემმა გოგონამ დაასწრო პასუხი და იყვირა: დედიკო, ეგ მამიკოს ბოზია, მეზობლები ასე ჭორაობენო. გაგდებაც არ დამჭირვებია, ისე აკრიფა თავისი ნივთები და გაქრა. ამ დროს ჯოშუა სასტუმროში იყო... ჩემმა ქმარმა, როგორც იქნა, ინება მოსვლა. ყალბი ღიმილით მოიწევდა ჩემკენ. ხელით ვანიშნე, არ მომკარებოდა. ახლა აქ ჩემი ახალი ქმარი მოვა, შენ კი სახლი უნდა დატოვო და რაც შეიძლება, მალე უნდა განვქორწინდეთ-მეთქი. რქები დამადგი, გოგო? – სახე შეეცვალა და ისეთი ტონით მითხრა ეს სიტყვები, თითქოს ის უცოდველი კრავი იყო და მისი კახპა – მართლა ბავშვების ძიძა. მოკლედ, ჯოშუას მოსვლამდე კარგი კონცერტი ჩავუტარე და სახლიდან მივაბრძანე. ჯოშუა და ბებო დამეხმარნენ, ბავშვები ამერიკაში წამეყვანა. მერე კი ხელი მთხოვა და უარი არ მითქვამს. დიდი და ბედნიერი ოჯახი გვაქვს. მე ჩემი პატარა საქმე მაქვს, საიდანაც მუდმივ და კარგ შემოსავალს ვიღებ. ბებოც ჩვენთან გადმოვიყვანეთ, ჩვენს დიდ, აუზიან სახლში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა