გულახდილი საუბრები

რატომ არ ესმის ბევრ ქალს, რომ ყველაფრის ერთად მიღება მამაკაცისგან შეუძლებელია

№52

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 07.01, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

რატომ არ ესმის ბევრ ქალს, რომელია უკეთესი – შენ იყო შეყვარებული და გიყვარდეს თუ იმას უყვარდე. ან რატომ უნდა აირჩიო ერთი რამ, როცა ორივეს მიღება შეგიძლია. მართალია, ჩვენი ცხოვრება მუდმივი არჩევანია, მაგრამ სიყვარულის შემთხვევაში ორივე უნდა აირჩიოთ. ცალმხრივი სიყვარული, როგორიც არ უნდა იყოს ის, ბედნიერების მომტანი ვერ იქნება.

იმისათვის, რომ შეაჩერო უსარგებლო შედარება და გადაწყვეტილების მიღებაც მძიმე ვალდებულებად არ გადაიქცეს, უბრალოდ, უნდა გააცნობიერო ერთი მარტივი რამ – ისწავლო, გიყვარდეს ადამიანი ისეთი, როგორიც არის ის რეალურად და არა ეგოისტური აზრებით. საკუთარ წარმოსახვაზე „ჩაციკვლა“ და „ამოჩემება“ სასიკეთოს არაფერს დაგმართებთ. გათავისუფლდით არარეალური სურვილებისგან. მიეცით თქვენს თავს უფლება აირჩიოთ, ვინ გჭირდებათ სინამდვილეში და მიეცით ის, რაც თავად გსურთ, მიიღოთ.

თაკო (31 წლის): ვერ გაიგებ, საერთოდ რას უწოდებენ სიყვარულს, მაგრამ როცა ჩემ გარშემო ვხედავ ბევრ ქალს, რომელიც სევდიანია და ტირის, გული მეკუმშება. რა თქმა უნდა, მეცოდებიან, მინდა, რომ ყველა შეყვარებული ადამიანი იცინოდეს, ბედნიერი იყოს და თვალებში მუდამ სიხარულისა და სიცოცხლის სხივი ენთოს. თუმცა, ასე არ ხდება. მე რომ შემეძლოს, არავის მივცემდი უფლებას, მისთვის ზიანი მიეყენებინა.

– შეყვარებულები ხშირად საკუთარ თავსაც კი აყენებენ ზიანს.

– გეთანხმებით. თუ ტანჯვას სიყვარული ჰქვია, მე ასეთი სიყვარული არ მინდა და ვფიქრობ, არც არავის უნდა უნდოდეს. ადამიანები ტირიან და სიყვარულის გადარჩენას მსხვერპლად ეწირებიან. მაგრამ, მე თუ მკითხავთ სიყვარულის გადარჩენაზე კი არა, ჯერ საკუთარი თავის პოვნაზე უნდა ვისაუბროთ. თუ როგორ მივიღებთ სიყვარულს ჩვენ, ან საერთოდ მივიღებთ? ხშირად, როდესაც სიყვარულს ეხება საქმე, ყველა სხვანაირად ვიქცევით, თუმცა ამას თავად ვერ ვამჩნევთ. ყოველთვის, როდესაც სიყვარულს ვახსენებთ, უცაბედად თავს იჩენს ცუდი და კარგი მოგონებები. უიმედოდ შეყვარებული ადამიანი მოგონებებითღა სულდგმულობს. ხშირად არის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში მომენტები, როცა წარუშლელი მოგონებები რეალობას გვიცვლის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში მოგონებას დიდი ადგილი უკავია, ისევე როგორც სიყვარულს. როდესაც შეყვარებული ხარ, ზედმეტად მგრძნობიარე ხდები, წვრილმანმაც კი შეიძლება, გული გატკინოს. ემოციური ფონი ისეთი ძლიერია, რეალობიდან გვწყვეტს და ეს სიამოვნების მიღებაში გვიშლის ხელს. ამ ბოლო დროს ხშირად მაწუხებს ხოლმე კითხვა – როგორ ვეჩვევით ადამიანს და როგორ გვიყვარდება იგი ისე, რომ მზად ვართ, საკუთარი თავი ვაჩუქოთ.

– ეს უკვე არაჯანსაღი მდგომარეობაა, როცა მსხვერპლშეწირვისთვის ვართ მზად.

– დიახ. არადა, ყოველი დღე სასწაულია. არცერთის გამოტოვება არ შეიძლება, თორემ ცხოვრება გვერდით ჩაგვივლის. რა თქმა უნდა, სიყვარული ჯადოსნურია – დაუკითხავად მოვა და შემდგომ კი წასვლას არ ინებებს. მაგრამ დაფიქრდით – რატომ უნდა წავიდეს, თუკი ის ნამდვილია. თუმცა, როდესაც შენი ცხოვრების გზაზე აღმასვლასა და დაღმასვლას ნახავ, მაშინ მიხვდები, გააცნობიერებ, რომ შეიძლება, სიყვარულმა დაგამონოს.

– როგორ უნდა გადავარჩინოთ სიყვარული?

– მე სიყვარულის გადარჩენა არ ვიცი. მე ვიცი მისი ჩემამდე მოშვება და შემდგომ არ გაშვება. აი, რა ვიცი. როცა გიყვარს, არ კარგავ. როცა თვლი, რომ ვერ დათმობ, ისევე უფრთხილდები, როგორც საკუთარ თავს. სიყვარულს მოვლა სჭირდება. შესაძლოა, თქვენ ის თავდავიწყებით შეგიყვარდეთ, იქამდეც კი, რომ მთელი ღამე მის გამო ტიროდეთ. მე კი ვამბობ, არ უნდა ვიტიროთ!

– მაინც როგორი რთული ხასიათისაა ადამიანი? თავიდან შეყვარებას არ ლამობს, მერე კი თავდავიწყებით უყვარს.

– ასეა. ჩვენ, ადამიანები, რატომღაც ტანჯვას უფრო ვარჩევთ ხოლმე. სპონტანურად არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. რთულია, ცხოვრებას აეწყო, მით უფრო, როცა ყველაფრის გართულებას ცდილობ. ნუთუ სიყვარულს გადარჩენა უნდა, მაშინ, როდესაც თვით ადამიანია გადასარჩენი. შეყვარებული იყოს ადამიანი და გადარჩენა სჭირდებოდეს? არაფერში გვჭირდება ასეთი სიყვარული, გოგოებო!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი