გულახდილი საუბრები

რატომ არ აძლევენ დედამთილები მომავალ რძლებს ბედნიერების უფლებას

№32

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 18.08

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ჯერ კიდევ არსებობენ მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი შვილების ცხოვრებაში უხეშად ჩარევის უფლება აქვთ. უწუნებენ არჩევანს, აკრიტიკებენ მომავალ რძალს თუ სიძეს. ცდილობენ თავად გადაწყვიტონ, ვინ ვისთან იქნება ბედნიერი. ბუნებრივია, ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას ვისთან ერთად იცხოვროს. ნებისმიერი მცდელობა, თავს მოახვიო შენი აზრი, თუნდაც, საკუთარ შვილს, ასეთ დროს გაუმართლებელია. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ შვილი მისი საკუთრება არ არის. ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს.

თინათინი (41 წლის): ყველას უკვირდა ჩვენი სიყვარული – რაღაცნაირად გამორჩეული და განსხვავებული იყო და იმიტომ. მერე ის უფრო გაუკვირდათ, ერთმანეთს რომ დავშორდით.. ჩვენი დაშორების შემდეგ მეგონა, მოვკვდებოდი, მაგრამ ისევ ამ სიყვარულმა წამომაყენა ფეხზე, გამაძლიერა და 22 წლის გოგოს მიბიძგა, რაღაც მნიშვნელოვანი გამეკეთებინა. მე გადავრჩი და სიცოცხლე განვაგრძე. ვეთანხმები აზრს, რომ ადამიანი მანამდე ცოცხლობს, ვიდრე სიყვარული შეუძლია.

ორივე სამედიცინოზე ვსწავლობდით. ინსტიტუტში ყველა ჩვენი სიყვარულის შესახებ ლაპარაკობდა. დედაჩემი ებრაელია. მისი ნათესაობა კარგა ხანია ისრაელშია წასული. დედაჩემსაც უნდოდა, ოჯახთან ერთად წასულიყო, მაგრამ მამაჩემი უარობდა: მეც და ჩემი შვილებიც ქართველები ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთო. დედაჩემი მაინც სულ უჩიჩინებდა. ისრაელში წავიდეთ და შვილებს ნორმალური ცხოვრება შევუქმნათო. მამაჩემს კი არაფრის გაგონება არ უნდოდა. ეს დაძაბული გარემო ჩემზეც ცუდად მოქმედებდა და ჩემს დაზეც. ჩემი შეყვარებულის ოჯახშიც უსიამოვნება იყო – მის მშობლებს რძლად არ ვუნდოდი. გვარიშვილობას მიწუნებდნენ. როცა რამდენჯერმე სტუმრად მიმიყვანა, დედამისი ისე მიბღვერდა, თავი ამტკივდა. მაგრამ პატარა ვიყავი და სადედამთილოს ცივად დახვედრას ყურადღებას არ ვაქცევდი. მეგონა, არ ეცალა და ამიტომაც არ ჩერდებოდა ჩემთან სალაპარაკოდ.

– ანუ, ურთიერთობაში არ შემოდიოდა?

– საერთოდ არაფრად მაგდებდა. მერე ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ჩემთვის სიმართლე ეთქვათ – რატომ არ უნდა იცოდე, რაც თქვენს თავს ხდება?! მშობლები შენ გამო საწყალ ბიჭს საშინელ დღეში აგდებენო. ამის მერე გამახსენდა დედამისის ნათქვამი: ჩემს შვილს სკოლაში ერთი გოგონა უყვარდა, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი, თანაც თავადური ჩამომავლობის, ეჰ, ჩემი შვილი ადრე უფრო ჭკვიანი იყოო. მივხვდი, დედამისი ბედნიერების უფლებას არ მოგვცემდა და ჩვენი დაშორებაც გარდაუვალი გახდა. ძალიან განვიცდიდი. დედაჩემმა ისარგებლა ამ შემთხვევით და მე და ჩემი და დაგვიყოლია, ისრაელში წავსულიყავით. მამაჩემმა კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: მე აქ დავიბადე და გავიზარდე, სისხლითა და ხორცით ქართველი ვარ და თქვენი ხათრითაც კი, აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარო. დიდი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, დაგვყაბულდა ისრაელში გადასვლაზე.

– ყოფილ შეყვარებულთან კონტაქტი სულ გაწყვიტეთ?

– რომ წავედით, ერთხანს წერილებით ვეხმიანებოდით ერთმანეთს, მაგრამ რომ გავიგე, დაოჯახებას აპირებდა, ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე. ვიგებდი, რომ ცოლიც მოიყვანა და ორი შვილიც ეყოლა. მე არ გავთხოვილვარ. ბევრი ვისწავლე და საკმაოდ კვალიფიციური ექიმიც გავხდი. საქართველოდან გამოგზავნილ პაციენტებს განსაკუთრებული მზრუნველობით ვეპყრობოდი. როცა რამე მიჭირდა, ჩემს დაკარგულ სიყვარულზე ვფიქრობდი. ყოფილი შეყვარებულის მიმართ არც აგრესია მქონდა, არც წყენა. ერთხელ სამკურნალოდ ისრაელში მისი მეზობელი ჩამოვიდა. ის ქალი მაშინვე ვიცანი. ვერ მოვითმინე და გამოველაპარაკე. მომიყვა მთელი ოჯახის ამბები. საზიზღარი ქალი, როგორ დაგაშორათ და გააუბედურა თავისი შვილი. ოჯახი კი აქვს, მაგრამ ცოლი რომ არ უყვარს, ყველაფერზე ეტყობა. მგონი, ისევ შენ უყვარხარო. გადავყევი იმ ქალს. საკუთარი დედასავით ვუვლიდი. რას წარმოვიდგენდი, ბედი რას მიმზადებდა. ბედის ირონია იყო, რომ ჩემ ყოფილ შეყვარებულს შვილი გაუხდა ავად. მეზობელმა კი ჩემზე მოუყვა. ურჩია, წაიყვანე, ის უშველისო. მას კი, თურმე, ეშინოდა, ვაითუ, საერთოდ არ მიპასუხოსო. მაგრამ ნაცნობი და მონატრებული ხმა რომ მომესმა, მე მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. მან მოკლედ მითხრა: მე ვარ, უნდა მიშველო!

– რა საოცარი ისტორიაა!

– კი. კინოს ჰგავს ჩვენი ამბავი. იმ ფულს, რაც ჰქონდა ნაშოვნი, ერთი იმდენი მე დავუმატე. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და რეაბილიტაციის კურსმაც აჩვენა, რომ საშიშროება უკან დარჩა. გოგონა გადარჩა, მისი სიცოცხლე მე ვიხსენი. უფრო სწორად, იმ სიყვარულმა, რომელიც ვერც დრომ, ვერც სიშორემ და ვერც დაბრკოლებებმა ვერ გააქრო.

– ეს ამბავი როგორ დასრულდა.

– როგორ და, ცოლს გაშორდა. დღეს ერთად ვცხოვრობთ. ის ჩემთვის ყველაფერია. დედამისს საერთოდ არ ვეკონტაქტები. მაშინაც კი, როცა საქართველოში ჩამოვდივართ. მისმა შვილებმა გაგვიგეს და მიმიღეს. არასდროს არავის ოჯახის დანგრევა არ მნდომებია და ამიტომ, თავსაც არ ვიდანაშაულებ. ბედისწერას ვერ შეცვლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი