გულახდილი საუბრები

რასთანაა დაკავშირებული მამაკაცის ერთგულება

№26

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 11.07

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ერთგულება, როგორც ღირებულება, ადამიანს ასაკთან ერთად ხშირად უყალიბდება. საინტერესოა, რომ კვლევებით დადასტურებულია: ქალები ხშირად ერთგულებას აიგივებენ ემოციურ მთლიანობასთან, მამაკაცები კი – ქცევით ლოიალურობასთან. ეს სხვადასხვაობა უამრავ გაუგებრობას აჩენს წყვილს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ერთგულება აღვიქვათ არა მხოლოდ როგორც სექსუალური ლოიალობა, არამედ როგორც ემოციური არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ.

მამაკაცების შემთხვევაში, ერთგულება ხშირად დაკავშირებულია ფასეულობათა სისტემასთან და არა მხოლოდ ემოციურ კავშირთან. სოციალური ნორმები კი ზოგჯერ ერთგულების წახალისებას არ ემსახურება, რაც მათ შინაგან ბრძოლაში აყენებს. თუმცა დღეს, როცა კაცები აქტიურად საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე, ერთგულება სულ უფრო ხშირად ხდება მათი ღირსების ნაწილი.

ამ ინტერვიუში ვესაუბრებით ქალს, რომელმაც ერთგულება ცხოვრების სტილად აქცია, თუმცა ამ გზაზე ეჭვისა და ცდუნების ფარული ბრძოლებიც გამოიარა.

თინიკო (47 წლის): 12 წელია, დაქორწინებული ვარ. ერთგულება ჩემთვის პირველ რიგში სიჩუმეა. არა იმიტომ, რომ არავინ გვიზიდავს, არამედ იმიტომ, რომ არჩევანი უკვე გაკეთებული გვაქვს. ეს პატივისცემაა, რაც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთგულება ვალდებულების გამო.

– თქვენთვის რას ნიშნავს ერთგულება? გქონიათ მომენტი, როცა იგრძენით, რომ ეს ერთგულება შეირყა?

– კი, ერთხელ მოხდა ასეთი რაღაც. სრულიად მოულოდნელად, სრულიად „არასწორი“ ადამიანით და მე მაშინ გავიგე – ერთგულება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს შეგიტოკდება გული, არამედ ნიშნავს, რომ იცი, სად გაჩერდე და რატომ.

– რას ამბობს ამაზე თქვენი მეუღლე?

– ის ნაკლებად ლაპარაკობს ამ თემებზე. მაგრამ მოქმედებით მამტკიცებს, რომ ერთგულია. რაც მაფიქრებინებს, რომ ზოგჯერ უფრო ძლიერია კაცი, რომელიც არ ილაპარაკებს სიყვარულზე, მაგრამ საქციელით ყოველდღე გამოხატავს მას.

– რას ფიქრობთ, ყველა ურთიერთობა ერთგულებაზე უნდა აიგოს?

– არა, ყველა ურთიერთობა არაა ისეთი სიღრმის, რომ ერთგულება მუდმივად გაგრძელდეს. ზოგჯერ ურთიერთობა, უბრალოდ, არსებობს – სიტუაციისთვის, მარტოობის შიშის გამო. მაგრამ როცა უკვე ოჯახი, შვილები, წლები და ძილის წინ თვალებში ჩახედვაა – იქ ერთგულებაც თუ არ არის, წყალი ყველაფერს ქვიშასავით წაიღებს.

– არ შეგშინებიათ შეცდომის დაშვების, რომ ერთ დღეს მაინც შეიძლებოდა წასულიყავით სხვასთან?

– იმ მომენტში უფრო მეშინოდა, როცა მეგონა, რომ ეს „წასვლა“ რაღაც გრანდიოზული ბედნიერებისკენ მიმაქანებდა. მაგრამ საბოლოოდ მივხვდი – სიმშვიდე და ერთგულება უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე წამიერი ვნება. ერთგულება ჩემი ძალაცაა და არჩევანიც.

ერთგულება ჩემთვის ცოტა იმაზე მეტია, ვიდრე პარტნიორისთვის „არ მიღალატია“. ეს ნიშნავს, რომ იცი – როცა უსიამოვნო დღე გაქვს, როცა ვიღაც გიცინის, გიზიდავს, ინტერესს გიღვივებს — შენ მაინც შინ ბრუნდები. იქ, სადაც სიყვარული ყოველდღიური რუტინის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ მაინც ცოცხალია.

– გქონიათ განცდა, რომ ეს არჩევანი რთული გახდა?

– დიახ. ერთხელ და სრულიად მოულოდნელად. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც იმ მომენტში ძალიან სწორად მეჩვენა. თითქოს ჩემში რაღაცამ გაიღვიძა, ეს იყო თინეიჯერული აღტაცებების ნარევი. მაგრამ როცა რამდენიმე დღე გავიდა, მივხვდი, რომ ერთგულება ზუსტად იმ მომენტში განისაზღვრება, როდესაც თავისუფალი ხარ, მაგრამ არ მიდიხარ.

– ფიქრობთ, რომ ყველა უნდა იყოს ერთგული?

– არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ერთგულება მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ეს ურთიერთობა შენთვის ფასეულია. ერთგულება თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობის მიღებაა, და როცა ეს თვისება შენშია, არაა მძიმე.

– ერთი სიტყვით, რატომ რჩებით ერთგული?

– იმიტომ, რომ მაშინ უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ, როცა ჩემს რჩეულთან ერთად ცხოვრება ნელა, მშვიდად მიედინება, ვიდრე იმ წუთიერი ვნების დროს, რომელიც შეიძლება, გულშიც კი დარჩეს, მაგრამ ბოლოს სინდისზე დაილექოს. ერთგულება სიმშვიდეა. არ გიწევს ტყუილების დამახსოვრება. არ გიწევს პარალელური ცხოვრების გამართლება. როცა ერთგული ხარ, სინდისი არ გქენჯნის, თითქოს იცი — შენს ადგილზე ხარ და ეს ეგოისტურადაც კი ჟღერს. ერთგულება გაძლევს შინაგან თავისუფლებას.

გქონიათ მომენტი, როცა ეს ერთგულება გაქრა?

– როცა ურთიერთობაში რაღაც ქრება და გარეთ ყველაფერი უფრო ბრწყინვალედ გეჩვენება. მაგრამ ეგ დამაბნეველი პერიოდი ხანმოკლეა. საბოლოოდ, მაინც უკან რომ ბრუნდები, ხვდები: ერთგულება შენს წესებთან დარჩენაა, პირველ რიგში — საკუთარ თავთან.

– ფიქრობთ, რომ კაცები უფრო ადვილად ღალატობენ?

– არ ვიცი, რამდენად ადვილად, მაგრამ უფრო ხშირად, ალბათ, კი. ჩვენთან თითქოს ეს უფრო მიღებულია: „კაცია და ცოდვას სჩადის”. მაგრამ ბოლო წლებია, ვხედავ, რომ კაცებსაც უნდათ სიმშვიდე. ვაღიაროთ, რომ ერთგულება არც სქესზეა დამოკიდებული და არც საზოგადოებრივ მორალზე. მაგალითად, ჩემთვის მთავარი არა მხოლოდ ისაა, ვისთან ერთად ვწვები, არამედ, ვისთან ერთად ვიღვიძებ. და ყველაზე მთავარი – ვის გვერდით შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც ვარ – ყოველგვარი თამაშის გარეშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა