რაში უშლის ხელს თანამედროვე ქალს მოძველებული სტერეოტიპები
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.12
დღეს, როცა საზოგადოება ჯერ კიდევ ცდილობს ძველი სტერეოტიპების გადარჩენას და „ნორმალურობის“ ჩარჩოებს თავს ვერ აღწევს, ჩნდება ქალების ახალი თაობა – დამოუკიდებელთა, თავისუფალთა, პასუხისმგებელთა, სულიერად ძლიერთა თაობა.
ეს ქალები ცხოვრობენ საკუთარი ძალისხმევით, ისე, თითქოს სამყაროსგან არაფერს ელიან, არც სთხოვენ. ისინი ცხოვრობენ მშვიდად – თავიანთი წესებით, თავიანთი რიტმით, თავიანთი ფერებით. არიან შინაგანად თავისუფლები და ბედნიერები.
ჩვენს გარშემო უამრავი ქალია, რომლებიც აღარ ეძებენ სიყვარულს როგორც „სავალდებულო ინსტიტუტს“, აღარ ებღაუჭებიან ქმარს, როგორც სტატუსს და აღარ ელიან ბედნიერებას გარედან.
ისინი ქმნიან ოჯახს ისე, როგორც თავად მიაჩნიათ მართებულად; ისინი ზრდიან შვილებს ისე, როგორც იციან – სიყვარულით, სიმშვიდითა და თავისუფლებით.
ეს ქალები ხშირად ხდებიან სოციალური კრიტიკის ობიექტი:
„რა იქნებოდა, ქმარი რომ ჰყოლოდა?“, „შვილი მამის გარეშე გაიზრდება?“, „მოწყენილი არ არის?“
„არ ნანობს?“... მაგრამ რეალობა სრულიად სხვა რამეა, ისინი არ ნანობენ. თანამედროვე ქალი ძალიან მშვიდი, ძალიან გონივრული და ძალიან ძლიერიც კია. ამ ქალებს არ სჭირდებათ მტკიცება, რომ შემდგარი და წარმატებულები არიან. ეს ისედაც უკვე იციან. ჰყავთ შვილი ან შვილები; აქვთ საყვარელი საქმე, საკუთარი მშვიდი ცხოვრება, საკუთარი წესრიგი... შეიძლება, არ ჰყავდეს ქმარი — და არც სჭირდებოდეს. მათი მხრიდან ეს არ არის ბრძოლა ვინმეს წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა ქალის შინაგანი თავისუფლებისთვის.
ლიზა (47 წლის): მე უკვე მყავს ჩემი სიყვარული – ჩემი შვილი. დანარჩენი სურვილის მიხედვით მოვა და არა – საჭიროების. ქმარი ახლა ნამდვილად არ მჭირდება. ისედაც ყველაფერი მაქვს.
– რას იტყვით იმ ადამიანებზე, ვინც თქვენს ამ არჩევანს რაღაც „დანაკლისად“ აღიქვამს? ხშირად ამბობენ, რომ ქალი თითქოს „გატეხილია“, თუ მის გვერდით მამაკაცი არ დგას.
– (იცინის) იცით, ყველაზე საინტერესო რა არის? ქალი, რომელსაც საკუთარი თავი ჰყოფნის, კაცის გარეშე არასდროს არის „მარტო“. აი, ეს არ ესმით. ბევრად მარტო შეიძლება იყოს ქალი, რომელსაც გვერდით ჰყავს მამაკაცი, მაგრამ არა აქვს არც სიყვარული და ურთიერთობაში არ არის ურთიერთპატივისცემა. მე ის ვარ, ვინც გადაწყვეტილებას თავად იღებს. ამ საქციელზე, პასუხსაც თავად აგებს. ეს არის ჩემი ძალა, რომლითაც ვამაყობ. ვინც ჩემს არჩევანს აკრიტიკებს, მათთვის ვიტყვი: მე თავისთვის არაფერი დამიკლია – უბრალოდ, ეს ავირჩიე. ეს ჩემი ქაოსია, ჩემი წესრიგი, ჩემი თავისუფლება.
და რაც მთავარია, ჩემი შვილი ყოველდღე ხედავს ძლიერ და მშვიდ დედას. ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება, იყოს?
– გიყვარდათ? გიყვართ? არსებობს ახლა ვინმე თქვენს ცხოვრებაში?
– რა თქმა უნდა. ქალს, უბრალოდ, იმიტომ რომ ქმარი არ ჰყავს, სიყვარული არ ეკარგება. მე მიყვარდა ერთხელ, ძლიერად. ახლა კი მიყვარს – ცხოვრება, შვილი, საკუთარი თავი. სულაც არ არის საჭირო, რომ ჩემ გვერდით ოფიციალური ქმარი იდგეს იმისთვის, რომ ვიგრძნო სრულფასოვნება. როცა ქალს საკუთარი ადგილი აქვს ამ სამყაროში, მისთვის მამაკაცი „სტატუსი“ აღარ არის – ის ხდება არჩევანი. ხოლო როცა მამაკაცი არჩევანია, და არა აუცილებლობა, დამიჯერეთ, ურთიერთობა ბევრად ჯანსაღია.
– ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი სრულფასოვან ოჯახში უნდა იზრდებოდეს. თქვენ რას ფიქრობთ?
– ბავშვები სითბოსა და სტაბილურობას ეძებენ, არა ფორმალობებს. თუ ბავშვი ხედავს მშვიდ დედას, რომელიც არ იტანჯება, არ იმალება, ცხოვრობს ლაღად – ეს ბავშვი უკვე მოგებულია. ჩემს შვილს არასდროს დაჰკლებია სიყვარული. მე ვასწავლე, რომ სხვა ადამიანთან თანაცხოვრება არჩევანია, რომ ოჯახის ფორმები სხვადასხვაა.
ხანდახან, „სრული ოჯახი“ შეიძლება, ყველაზე დაუცველი გარემო იყოს და ხანდახან ერთი ძლიერი დედა – ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ორი მშობელი, რომლებიც ერთმანეთს ჭამენ.
– როგორ რეაგირებს საზოგადოება თქვენს არჩევანზე?
– საზოგადოება ყოველთვის ცდილობს, მიუთითოს, როგორი უნდა იყო. მაგრამ როცა ხედავენ, რომ ხარ ბედნიერი, მშვიდი, ძლიერი – ყველა კრიტიკა წყდება.
თუმცა უჩნდებათ კითხვა: „იქნებ, ის ბედნიერება, რასაც თავიდან აკრიტიკებდნენ, რეალურად მისაღები ყოფილა?“ ბევრ ქალს მიეცა ჩემგან მაგალითი – რომ „ქმრის გარეშე ქალი“ არ ნიშნავს „მარტო ქალს“, არამედ ნიშნავს ქალს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება თავად აირჩია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




