გულახდილი საუბრები

რას სწავლობს ქალი მეორე ქორწინებაში

№45

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 21.11

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

საზოგადოებაში მეორე ქორწინება ხშირად აღიქმება, როგორც რაღაც „მეორე შანსი“ ან „მეორეხარისხოვანი“ ურთიერთობა. თითქოს, როცა პირველი სიყვარული მთავრდება, მეორე გრძნობა აღარ შეიძლება იყოს სრულფასოვანი და ასევე, მეორედ ემოციები უკვე ნაკლებად სუფთაა. სინამდვილეში კი მეორე ქორწინება ხშირად უფრო ძლიერია, უფრო სიღრმისეული და გაცნობიერებული. ადამიანები, რომლებმაც ერთხელ უკვე გადაიტანეს სიყვარულის სირთულეები, ურთიერთობაში მეტი სიფრთხილით იქცევიან, მეტი პატივისცემითა და პასუხისმგებლობით.

მეორე სიყვარული – ეს არ არის მხოლოდ შეყვარება, არამედ საკუთარი გამოცდილების გამოყენებაა, რომ პარტნიორს შენი გრძნობა უფრო გულწრფელად და ჰარმონიულად მიაწოდო. მაგრამ, როგორც ყველაფერი განსაკუთრებული, ეს გზაც სირთულეებით არის სავსე.

თინიკო (49 წლის): მე უკვე მეხუთე წელია, რაც მეორედ შევქმენი ოჯახი. ეს მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა რაღაც გამოცდილება მქონდა. საქმე ისაა, რომ მეორე ქორწინებაში ადამიანები საკუთარ თავს გაცილებით უკეთ იცნობენ. ამ დროს უკვე იცი, რომ სიყვარული სენსიტიური თამაშია. განსხვავებით ახალგაზრდული ენთუზიაზმისა, აქ მთავარია ნდობა, პატივისცემა და ემოციური ინტელექტი. მეორე სიყვარული ხშირად გაცილებით მიზანმიმართულია – ადამიანმა ზუსტად იცის, რა სჭირდება ურთიერთობას. როგორ შეინარჩუნოს ჰარმონია და როგორ დააკმაყოფილოს როგორც საკუთარი, ისე პარტნიორის ემოციური მოთხოვნები.

– მოდი, სირთულეებსა და საზოგადოებრივ სტერეოტიპებზე ვისაუბროთ.

– სიმართლე რომ ვთქვა, კითხვები გარშემო მყოფებისგან არ დამკლებია: „რატომ მეორე ქორწინება?“ ასეთი საზოგადოებრივი წნეხი ბევრ ქალს აწვება. თუმცა, თუ სხვა მხრიდან შევხედავთ, სწორედ ეს სტერეოტიპები ხდის უფრო ძლიერს ადამიანს. ქალი, რომელიც მეორედ გაბედავს სიყვარულს, ამას უკვე საკუთარი გადაწყვეტილებით აკეთებს და არა დამახინჯებული ტაბუს გავლენით.

– მეორე ქორწინებაში ხშირად ჩნდება კითხვა: როგორ შეეგუება ბავშვი დედის ახალ პარტნიორს?

– დიახ. ეს ყველაზე პრობლემური ემოციური სირთულეა. პირველი ოჯახი, წარსული ურთიერთობები და ახლანდელი სიყვარული ერთმანეთშია შერეული. გამოცდილი ადამიანისთვის ეს გამოწვევაა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ სიყვარული არცერთ შემთხვევაში კონკურენცია არ უნდა იყოს, არც ბავშვებს, არც მშობლებს, არც მეგობრებს შორის. მეორე სიყვარული განსაკუთრებით სრულყოფილია. ადამიანები მეტ დროს უთმობენ ერთმანეთის გაგებას, სიფრთხილით ირჩევენ სიტყვებს, სწავლობენ პატივისცემას. პირველ სიყვარულში შეიძლება, ყველაფერი სწრაფად და ენერგიულად მოხდეს, მეორე კი გაცილებით გრძელვადიანი, გაწონასწორებული და შეგნებული პროცესია. ერთი წუთით არ მინანია ჩემი ეს ნაბიჯი. მეტსაც გეტყვით, სირთულეებმა უფრო ძლიერი გამხადა და ბედნიერებაც მაპოვნინა. ქალებს ვურჩევ, ბოლომდე იბრძოლონ საკუთარი ბედნიერებისთვის. „ერთხელ არ გამიმართლა და ხელი უნდა ჩავიქნიო, ეტყობა, ჩემი ბედი ეს ყოფილა“ – ძალიან ცუდი აზრია. არასოდეს თქვათ ეს. პირიქით, უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებთ და აუცილებლად იქნებით ბედნიერი. სცადეთ და გამოგივათ. როცა თქვენ ამას გააცნობიერებთ და გააზრებულად გადადგამთ ნაბიჯს, შვილებიც მიიღებენ ამას, მშობლებიც და გარშემო მყოფებიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა