გულახდილი საუბრები

რას იღებს სანაცვლოდ ქალი, რომელიც არჩევანს სიყვარულსა და მდიდრულ ცხოვრებას შორის აკეთებს

№51

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 02.01

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ქალებისთვის, რომლებიც სიყვარულის ნაცვლად ფინანსურ კომფორტს ირჩევენ, საზოგადოებას სწრაფად და დაუფიქრებლად გამოაქვს განაჩენი. ზოგს ის „ოქროს მაძიებელი“ ჰგონია, ზოგს – ცივი, ანგარიშიანი, უგრძნობი. თითქოს მათ გადაწყვეტილებაში პირადი ისტორია, შიში, წარსულში გადატანილი ტკივილი ან პასუხისმგებლობა საერთოდ არ ერევა. რეალობა ხომ ხშირად უფრო რთულია.

არიან ქალები, რომლებმაც იცხოვრეს სიღარიბეში, მძიმე და უსიხარულო ბავშვობა გამოიარეს და აღარ უნდათ იქ დაბრუნება. არიან ქალები, რომლებმაც გათხოვებით მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანეს ოჯახი. არიან ისეთებიც, რომლებმაც ცხოვრებამ იმდენად ატკინა გული, რომ „ფული“ მათთვის უკვე „სტაბილურობას“ ნიშნავს.

ჩვენი რესპონდენტი თანამედროვე, მდიდრულ პენტჰაუსში ცხოვრობს, წარმატებული მამაკაცის გვერდით, მუდმივად მოგზაურობს, ისვენებს ძვირად ღირებულ სასტუმროებში და ზუსტად ისეთ რეალობაშია, რომელსაც წლების წინ ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა. როდესაც მას ეკითხები – „ღირდა ეს ყველაფერი სიყვარულის დათმობის ფასად?“ – პასუხი ასე ჟღერს: „ჩვენ, ყველანი, რაღაცისთვის ვიხდით ფასს“.

ნია (37 წლის): დავიწყებ იმით, რომ ყველა ადამიანის ცხოვრება გამოწვევებით არის სავსე. ჩემი ცხოვრება „გატენილია“ წესებით, ჩუმი შეთანხმებებით, გაფრთხილებებით: „ნუ ბრაზდები“ და „მეტად უნდა დამაფასო“, „მე გადავწყვეტ“... და მაინც, მე არჩევანი გავაკეთე სტაბილურობაზე და ზუსტად ვიცოდი, რას მოითხოვდა ეს არჩევანი ჩემგან.

– გამოდის, ამ ურთიერთობას მუდმივი კონტროლი ახლავს?

– რა თქმა უნდა. ფუფუნებას თავისი პირობები აქვს. მაგრამ არ ვწუწუნებ. შესანიშნავად ვაცნობიერებ, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი არა სიყვარული, არამედ კონტროლია – სად მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაქვეყნებ ჩემს „ინსტაგრამგვერდზე“, რა მაცვია...

ეს ყველაფერი იქცევა უხილავ კედლად, რომელიც თითქოს არ არსებობს, მაგრამ ყოველდღიურად „გაწვება“. როგორ აგიხსნათ, თუ ამ ყველაფრისთვის მზად არ ხარ, გაცნობიერებული არ გაქვს რასა და რას შორის აკეთებ არჩევანს, ძალიან გაგიჭირდება. ფულს სტაბილურობა მოაქვს, მაგრამ სტაბილურობას – მკაცრი ჩარჩოები. მე ამ ჩარჩოებში ვცხოვრობ. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ჩემი ცხოვრებიდან გაქრა, გულწრფელი საუბარია.

არ გეგონოთ უმადური ვარ. პირიქით. ბევრი რამით ძალიან კმაყოფილიც ვარ: უსაფრთხოებით, ფინანსური სიმშვიდით, ცხოვრების ხარისხით. მაგრამ, როცა რაღაც მაწუხებს, როცა მწყინს, სიჩუმეს ვირჩევ. ისეთ კაცთან ვცხოვრობ, რომელსაც ჩემი სისუსტეები არ მოსწონს. ამიტომ მე ამ სისუსტეებს აღარ ვაჩენ.

– ეჭვი შეგაქვთ საკუთარ თავში ან საკუთარ არჩევანში?

– ვაღიარებ, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან მაქვს. ოღონდ ხშირად არა. ყველა ქალი, ვინც მატერიალურ უზრუნველყოფას ირჩევს, დგება იმ გამოწვევების წინაშე, რომლის წინაშეც მე აღმოვჩნდი. ამიტომ საკუთარ თავს ვუმეორებ, ხოლმე: თუ მას ფული არ ექნებოდა. არც ეს კომფორტი მექნებოდა. არც ასობით ქალის შურიანი თვალი შემომხედავდა. აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს, რაც კი შეიძლებოდა მენატრა... ამ სიტყვებს ხშირად ვეუბნები საკუთარ თავს. ჩემს ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია: გეგმები, დრო, ხარჯები, მეგობრები, ვიზუალიც კი. იმის თქმა მინდა, რომ როცა ქალი არჩევანს აკეთებს ფინანსურ კომფორტსა და სტაბილურობაზე, ეს არჩევანი სულაც არ არის არასწორი. პრობლემა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ეს არჩევანი არა თავისუფალი ნება, არამედ შიშია – საკუთარი თავის დაკარგვის შიში. ამიტომ, მე სულ ვმუშაობ საკუთარ თავთან. დიახ, მე ავირჩიე სტაბილურობა, მაგრამ სადღაც სიღრმეში ვნებასაც ვნატრობ. ეს ჩემი უფლებაა, რომელსაც ვერავინ წამართმევს. უბრალოდ, ამ ორ ძალას შორის ცხოვრება ძალიან რთულია.

– ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ ასეთი არჩევანი მარტივია — „აირჩიე მდიდარი კაცი და ცხოვრებაც დალაგდება“. როგორია სინამდვილე?

– მარტივად ამ ცხოვრებაში არაფერი მოდის. მე სიღარიბეში გავიზარდე. მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ თუ ელემენტარული პირობები არ გაქვს მხოლოდ სიყვარულით ფონს ვერ გახვალ. უკვე 10 წლიდან ვიცოდი, რომ სიყვარული ვერ გადამარჩენდა. მთელი ცხოვრება მაფრთხობდა ერთი აზრი: „არ დაბრუნდე იქ, სადაც აღარაფერი გაქვს.“ სიყვარულში დაუცველობა მაშინებდა. ვინმეზე ემოციურად დაყრდნობა ჩემთვის კედლის გარეშე დარჩენას ნიშნავდა. მე ვნახე, როგორ გაუცამტვერდა დედაჩემს ცხოვრება, როცა მამაჩემი გარდაიცვალა. ჩემში ყოველთვის იყო ხმა, რომელიც მიმეორებდა: თუ სიყვარული წავა, შენ ხელში არაფერი დაგრჩება.

ახლა შეიძლება, სიყვარული არ მაქვს, ბედნიერიც არ ვარ, მაგრამ მე მშვიდად ვარ. მაქვს სახლი, უზრუნველყოფილი ოჯახი, არ ვშიშობ ხვალინდელზე. თუმცა, თავს მარტო ვგრძნობ მაშინაც, როცა ქმარი გვერდით მიზის. თუმცა, მე არ მშურს იმ ქალების, ვინც სიყვარულით გათხოვდა – იმათ სხვა რისკები და სხვა გამოწვევები აქვთ.

ერთ დროს მეც მიყვარდა ერთი კაცი. ძალიან მიყვარდა, მაგრამ სიყვარულმა ვერ დამიცვა. ის ვერ დამიცავდა სიღარიბისგან, ვერ შემიცვლიდა ცხოვრებას უკეთესობისკენ, ვერ მომცემდა იმ სიმშვიდეს, რომელიც ახლა მაქვს, ასე რომ, ვერც გამაბედნიერებდა. იმანაც იცოდა ეს. იმიტომაც წავიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი