რამდენი გოგოც შევიყვარე, ყველამ მიმატოვა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.07

არ ვიცი რა ბედზე დავიბადე, 35 წლის ვარ და უკვე შიში დამჩემდა, რომ ვერასდროს მოვიყვან ცოლს, შევქმნი ოჯახს და ვიცხოვრებ საყვარელი ადამიანის გვერდით. ხუთი შეყვარებული მყავდა და ხუთივემ მიმატოვა. მიზეზად ყველამ მხოლოდ ის დაასახელეს, რომ ხასიათებით ვერ შემეწყვნენ. არადა, როგორც მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები მეუბნებიან, ნამდვილად არ მაქვს ცუდი ხასიათი. პირიქით, თბილი და მოსიყვარულე ვარ, რომანტიკული და ყურადღებიანი.
არ ვიცი, რას დავაბრალო, ბედს თუ არასწორ არჩევანს, მაგრამ ფაქტია, ვერცერთი სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა ბოლომდე ვერ მივიყვანე და ვერ დავქორწინდი, რომ დავაკვირდი, ყველა ჩემს შეყვარებულს მოსწონდა ჩემ გვერდით ყოფნა. სანამ შეყვარებულები ვიყავით და პაემნებზე დავდიოდით, ვერაფერს ვამჩნევდი. მეგონა, ვუყვარდი, მაგრამ როგორც კი ოჯახის შექმნისკენ წავიდოდა საქმე და დაქორწინებას შევთავაზებდი, ყველამ უკან დაიხია. მიზეზი, როგორც უკვე ვთქვი, ხასიათებით ვერ ვეწყობითო. ფაქტია, ხასიათი კი არა, ჩემი ფინანსური მდგომარეობაა პრობლემა. ნამდვილად არ მეზარება შრომა და დღე და ღამე იმის ფიქრში ვარ, საიდან ვიშოვო ფული, რომ ოჯახიც უზრუნველყოფილი მყავდეს და ჩემს პირად ურთიერთობებზეც მეყოს. იმდენი ნამდვილად არ მაქვს, რომ ცალკე ბინა შევიძინო და ძვირად ღირებული მანქანით ვიგრიალო. არ დამავიწყდება, ერთ-ერთი შეყვარებულის დაბადების დღე მოდიოდა. მეგობარს ვთხოვე, რამე დამატებითი სამსახური მიშოვე, ფული მჭირდება, ჩემს შეყვარებულს დაბადების დღე აქვს და მინდა, საჩუქარი ვუყიდო-მეთქი. ჩემი მეგობარი რემონტებზე მუშაობს და თავისთან წამიყვანა. დღე დისტრიბუციაში ვმუშაობდი, საღამოს, გვიან ღამემდე კი – სახლის გალესვაში ვეხმარებოდი. წელში გავწყდი, უძილობისგან თვალები ამომიღამდა. ავიღე ჩემი ოფლითა და წვალებით ნაშრომი ფული და ტელეფონი ვუყიდე. გახარებულმა მივართვი ლამაზად შეფუთული, ვარდების თაიგულთან ერთად და... დამიწუნა: მე ახალი „აიფონი“ მინდოდა, ეს მოდელი მოძველდაო. ისე ჩამწყდა გული, დღემდე არ ვიცი, როგორ მოვითმინე და არ ვუთხარი საკადრისი. ჩემთვის ვერ გავიმეტე, ეკრანგაბზარული ტელეფონით დავდიოდი და იმას ის ვუყიდე, რისი საშუალებაც მქონდა. ასეა, არასოდეს ფასდება პატიოსანი კაცის პატიოსნად ნაშოვნი ფულით ნაყიდი. გოგონებს ძვირად ღირებულიც უნდათ, უახლესი მოდელიც და თან, არ ფიქრობენ, ფული საიდან მოდის. კი ბატონი, ვალდებული ვარ, საყვარელი ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდითაა მაგარი ტელეფონითაც დადიოდეს, კარგად ჩაცმულიც, ყველაფრით უზრუნველყოფილი, მაგრამ ამდენი ფული საიდან მოვიტანო? ერთმა კი პირდაპირ მითხრა: მე დედაშენთან და მამაშენთან ვერ ვიცხოვრებ, თუ ჩემი ცოლობა გინდა, ცალკე იყიდე ბინა და იქ ვიცხოვროთო. ანუ რა გამოდის? მათ კი არ ვუყვარდი, უბრალოდ, მიყენებდნენ და ამაზე მეგლიჯება გული. ადამიანთან რომ სულითა და გულით ხარ, გულის კუნჭულებამდე გიყვარს და მზად ხარ, მისთვის არაფერზე დაიხიო უკან, ღამეები ათენო, ოფლი ღვარო და ისე იშოვო ფული, ის კი მაინც ზემოდან გიყურებს და გიწუნებს, ესაა გულდასაწყვეტი. იმედია, ოდესმე შევხვდები ადამიანს, ვისაც ჩემი შრომით გამომუშვებული ფულით ნაყიდი გაახარებს, დედაჩემისა და მამაჩემის გვრდით მშვიდად იცხოვრებს და რაც მთავარია, წრფელი გულით ვეყვარები. მე კი ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ, რომ ის ბედნიერი იყოს. ვიცი, ჩემი შრომით ბევრს მივაღწევ და ხვალ შეიძლება, ძვირად ღირებული მანქანაც მყავდეს, ცალკე საკუთარი ბინაც მქონდეს და აგარაკიც, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, რომ შეყვარებულმა გოგოებმა ჩემი კეთილი გული ვერ დაინახეს, პატიოსნება ვერ დააფასეს, იმის გამო დამიწუნეს, რომ მილიონერი არ ვიყავი და მიმატოვეს.
გიორგი, 35 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან