რამ შეიძლება აგვარიდოს ღალატს და როდის ემუქრება ოჯახს დანგრევის საფრთხე
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.06, 2023 წელი

მეუღლეებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებისთვის მხოლოდ ერთგულება და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა არ არის საკმარისი. როცა მათ შორის სიყვარულის დამაკავშირებელი ძაფები წყდება, უამრავი პრობლემა იჩენს თავს და ცოლ-ქმარს შორის ნაპრალი ყოველდღიურად ფართოვდება. ქალბატონების უმრავლესობა ცდება, როცა ფიქრობს, რომ მეუღლის მიმართ უპირობო ერთგულება, მის ქორწინებას კრახისგან იხსნის.
თიკა (31 წლის): ყოველთვის მჯეროდა, რომ მხოლოდ ერთგულებამ და მეუღლის წინაშე პასუხისმგებლობამ შეიძლება, აგვარიდოს ღალატს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს ან დანგრევის საფრთხე დაემუქრება, ან მთელი ცხოვრება სიცრუესა და სიყალბეში მოგვიწევს ყოფნა.
– სიყვარულს მნიშვნელობა არ აქვს?
– როგორ არა აქვს, მაგრამ საკმარისი არ არის. განსაკუთრებით, როცა საქმე მამაკაცს ეხება. მათი სიყვარული ხომ მყიფეა და დროებითი. თავადაც ვერ აცნობიერებენ, ისე „უყვარდებათ“ და „გადაუყვარდებათ“. ჩემი ქმარი ამის ნათელი მაგალითია. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს მეუღლეს ღალატს ვერანაირად ვერ ვაპატიებდი. დასანანი და გულსატკენი ისაა, რომ მოვტყუვდი. მისი სიყვარული, თურმე, მირაჟი ყოფილა. ფაქტია, არ ვყვარებივარ, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დიდი და გულწრფელი სიყვარული დროსა და სივრცეში არ ხუნდება.
– ხომ გჯეროდათ მისი სიყვარულის, სწორედ ამიტომ არ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება?
– მე ყოველთვის მოვწონდი მამაკაცებს. ბევრი „ჩალიჩობდა“, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მიყვარდა და მის გარდა, ვერავის ვამჩნევდი. ჩემს ქმარზე არ ვლაპარაკობ. იყო ჩემს ცხოვრებაში, სხვა დიდი სიყვარული. ერთ დღეს შეყვარებული ღალატზე გამოვიჭირე – ჩემს ახლობელ გოგოს ეალერსებოდა. გაბრაზებულმა, მის ჯიბრზე გათხოვება გადავწყვიტე და ისეთ კაცს გავყევი ცოლად, რომელიც ჩემ გამო „ვენებს იჭრიდა“. გულახდილად ვიტყვი, მე არ მყვარებია, მაგრამ გადავწყვიტე, მისი დიდი გრძნობა დამეფასებინა. თან, შეძლებული ოჯახის შვილი იყო და ვიფიქრე, მაინც უსიყვარულოდ ვთხოვდები და ცოლად ფულიანს მაინც გავყვები, იქნებ ფუფუნებამ გამაბედნიეროს. თან ასე გიჟდება და ირევა ჩემზე, სხვისკენ აღარ გაიხედავს და მშვიდი ცხოვრება მექნება-მეთქი. სულ რაღაც 2 წელიწადში მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. თავიდან მეგონა, როგორმე შევძლებდი მეუღლის შეყვარებას. ვცდილობდი, გამებედნიერებინა ადამიანი, რომელიც დიდ პატივს მცემდა, მაგრამ არც მისი სიყვარული აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მეგონა. ქმარმა მიღალატა და მერე ბოდიში მომიხადა იმ ღალატის გამო, რომელიც მისთვის, თურმე, წამიერი სიამოვნება იყო. მითხრა, რომ ისევ ვუყვარდი და ძლიერად ჩამიხუტა. ახლა უკვე არც მიყვარს და აღარც ვენდობი, მაგრამ ამის მიუხედავად, მეუღლესთან განშორება მაინც არ მინდა. ორი შვილი მყავს. სად წავიდე, ვის ვჭირდები და როგორ უნდა ვიცხოვრო?
– ანუ, დამოუკიდებელი ცხოვრება გაშინებთ?
– დიახ. არ ვარ ასეთი ძლიერი. ზოგიერთი ქალი ფეხზე მყარად დგას და მამაკაცის მხარდაჭერის გარეშეც ახერხებს, ღირსეულად იცხოვროს. მე არ მივეკუთვნები მაგ კატეგორიას. მაშინებს მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
– მეუღლემ ისევ რომ გიღალატოთ? როგორ მოიქცევით, კიდევ აპატიებთ?
– მაგაზე ფიქრიც კი მაშინებს. მართლა არ ვიცი, რას გავაკეთებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან