გულახდილი საუბრები

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა საკუთარ შვილებზე, როცა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა იძაბება და ფუჭდება

№10

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 17.03, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

როცა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა იძაბება, ეს ყველაზე უარყოფითად მათ შვილებზე აისახება. შესაძლოა, ეს აშკარად გამოხატული არ იყოს, მაგრამ მათი ფსიქიკა სერიოზულად ზიანდება. ბავშვები ყველაფერს ამჩნევენ, ყველაფერს ხედავენ და სიტუაციას იმაზე ობიექტურად აფასებენ, ვიდრე ეს მოზრდილებს წარმოუდგენიათ. ვიფიქროთ შვილებზე და ვიცხოვროთ ადამიანთან, რომლის მიმართ გრძნობა აღარ გვაქვს და აგრესიაც კი გაგვიჩნდა? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება ნაკლებად დამაზიანებელი იყოს ბავშვისთვის.

გოჩა (43 წლის): ცოტა ხნის წინ ჩემმა უფროსმა ქალიშვილიმა მითხრა: როცა პატარა ვიყავი, ყველაზე მეტად მეშინოდა შენ და დედა არ განქორწინებულიყავით. 12 წლის ასაკში კი ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, იმდენად ხშირად ჩხუბობდითო. შემდეგ გაიღიმა, ჩამეხუტა და დაამატა: ჩემო ძვირფასებო, მე ძალიან მიხარია, რომ პრობლემების მოგვარება შეძელითო. მე არც ვიცოდი, თუ ის ასე მგრძნობიარედ აღიქვამდა ამ ყველაფერს.

დიდი ხნის განმავლობაში მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობაში სირთულეები გვქონდა. ახლა უკვე დეტალურად აღარც მახსოვს როგორ მოვახერხეთ თავდაპირველი სიახლოვის აღდგენა. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, ეს არ იყო ჩვენი ხასიათების დამსახურება, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ ვერ ეწყობოდა ერთმანეთს. რაც მეტად გრძელდებოდა ქორწინება, ჩვენი პიროვნული განსხვავებები უფრო შესამჩნევი ხდებოდა.

– ანუ, ხასიათში თანხვედრა არ გქონდათ?

– როგორც აღმოჩნდა, არა. სანამ სიყვარულის ეიფორიაში ვიყავით, ეს ყველაფერი, მეტ-ნაკლებად, შენიღბული იყო. როდესაც ცოლ-ქმარი გავხდით და ცოტა დრო გავიდა, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიბზარა, პრობლემები გაძლიერდა. ჩვენი ერთად ცხოვრება იმდენად აუტანელი გახდა, რომ ყოველი ცალ-ცალკე გატარებული ერთი საათიც კი ჩემთვის ერთგვარი ამოსუნთქვა და დასვენება იყო.

გამუდმებით ვჩხუბობდით და მშვიდი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელ ფუფუნებად მეჩვენებოდა. ჩვენ ირგვლივ ყრუ კედლები ავაგეთ, რომ საკუთარი თავი ნეგატივისაგან დაგვეცვა. განქორწინება უკვე ახლოს იყო და ეს თემა რამდენჯერმე განვიხილეთ კიდეც.

– თქვენი შვილი ამ განხილვებს ესწრებოდა?

– ზოგჯერ – კი. როცა ვჩხუბობდით, მას საერთოდ ვერ ვამჩნევდით. ვგრძნობდი, ჩვენი ქორწინება აუტანელი გახდა და ასე ცხოვრება უკვე აღარ შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის გაყრა ყოველთვის მიუღებელი იყო, უკვე ჩვენი ურთიერთობა იქამდე მივიდა, რომ ამ ტკივილის ატანა ჩემს ძალებს აღემატებოდა. ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი: რატომ იყო ყველაფერი ასე რთულად? გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ჩემი ცოლი კარგი ადამიანია, არც მე ვიყავი ცუდი, მაგრამ რატომღაც, ერთად ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. საერთოდ რატომ დავქორწინდი ადამიანზე, რომელიც ამდენად განსხვავდებოდა ჩემგან? ნუთუ მისთვის ასე რთულია შეიცვალოს?

– დიახ, მაგრამ ადამიანები ხომ არ იცვლებიან. თქვენ შეცვლილიყავით.

– როდესაც საწოლში გვერდიგვერდ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ვიწექით, ვგრძნობდი, რომ რეალურად ეს დაშორება რამდენიმე ასეული სინათლის წელი იყო. მხოლოდ მაშინ მოხდა გარდატეხა, როცა საკუთარ თავს ვკითხე: თავად თუ შეგიძლია, შეიცვლო? სწორედ ამ დროს მომივიდა კიდევ ერთი აზრი და უკვე ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.

დილით ცოლს ვკითხე: რა გავაკეთო იმისთვის, რომ შენი დღე უკეთესი გახდეს-მეთქი. ძალიან გაუკვირდა. – რა გავაკეთო, რომ შენი დღე გახდეს უკეთესი-მეთქი, – გავუმეორე. – რატომ მეკითხებიო, მითხრა, მერე გაიცინა, – მიდი, სამზარეულო დაალაგეო. ვიგრძენი, როგორ ელოდა ჩემს მორიგ აფეთქებას, მე კი თავი დავუქნიე და საქმეს შევუდექი...

– ასე მარტივად იჭრება ოჯახში პრობლემები?

– მარტივად იჭრება და ახალი ცხოვრებაც მარტივად იწყება. მეორე დღეს კიდევ დავუსვი ეს შეკითხვა, მომდევნო დღესაც და ასე განვაგრძე. მეორე კვირაში მოხდა სასწაული – როდესაც ჩემს ცოლს, ჩვეულებრივ, დავუსვი უკვე ნაცნობი კითხვა, მითხრა – პრობლემა შენში არაა, ჩემშია, ჩემთან ცხოვრება ძალიან რთულია, საერთოდ არ მესმის, რატომ არ მიდიხარ ჩემგანო. აი, მაშინ დავინახე ჩემი შვილის თვალები, რომელიც ისე გვიყურებდა ორივეს, რომ მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ჩვენ უკვე აღარ ვჩხუბობდით... დავიწყეთ გულწრფელი მსჯელობა იმაზე, თუ რა გვინდოდა ცხოვრებისაგან, როგორ გაგვემარტივებინა და გაგველამაზებინა ცხოვრება ერთმანეთისა და საკუთარი თავისთვის. ბუნებრივია, ყველა პრობლემა არ მოგვარებულა და არც იმის თქმა შემიძლია, რომ ამის შემდეგ ერთხელაც არ გვიკამათია, მაგრამ საგრძნობლად შეიცვალა არა მხოლოდ მისი სიხშირე, არამედ ტონიც, ხმის სიმაღლეც. ჩხუბის დროს აღარ ვცდილობთ, ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი ტკივილი მივაყენოთ. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ მიყვარს, არამედ ძალიან მომწონს ჩემი ცოლი. მომწონს მასთან დროის გატარება და როდესაც ჩემ გვერდით არ არის, ყოველთვის მენატრება. მე ის მჭირდება. ხასიათებს შორის განსხვავება მოგვიანებით ძლიერ მხარედ იქცა, ნაწილი უთანხოებებისა კი საერთოდ გაქრა. ვისწავლეთ ერთმანეთზე ზრუნვა და რაც მთავარია, ჩვენ გვქონდა ამის სურვილი.

ქორწინება მარტივი რამე არ არის, როდესაც მშობელი ხარ, ეს ცალკე პასუხისმგებლობაა. კიდევ ერთ რამეს მივხვდი: სწორედ ქორწინებაში ხდება ჩვენი ხასიათის ყველაზე არამიმზიდველი თვისებების განკურნება. ასეთი თვისებები კი ყველა ჩვენგანს აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი