რა ცდუნების წინაშე აღმოჩნდება გათხოვილი ქალი, თუკი ის მეგობრის მამაკაცის ერთგულებას გამოცდის
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 20.12
ყველაზე ხშირად ის ადამიანები უშვებენ საბედისწერო და ძნელად გამოსასწორებელ შეცდომებს, რომლებიც დარწმუნებული არიან თავიანთ შეუმცდარობაში. „მე ეს არ დამემართება“ – ძალიან საშიში ფრაზაა და, აჯობებს, თავი შეიკავოთ მისი წარმოთქმისგან, მით უფრო, არ უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი ამაში, რადგან პრობლემებიც სწორედ იმ მომენტიდან დაიწყება.
მაკა (31 წლის): უამრავი პრობლემა მაქვს და დამნაშავე მხოლოდ მე ვარ ამ ყველაფერში. მეგონა, არ მიყვარდა ჩემი ქმარი... უფრო სწორად, მეგონა, ისე ძლიერ აღარ მიყვარდა, დღეს კი უკვე საპირისპიროში ვარ დარწმუნებული. ჩემი სისულელით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი. ვერც კი ვიეჭვებდი, გულში სხვა კაცისთვისაც თუ მომეძებნებოდა ადგილი. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. უკვე ხუთი წელია, გათხოვილი ვარ და, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს სულ თავდაყირა დადგებოდა ჩემი დაწყობილი ცხოვრება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თავიდან საკმაოდ კეთილშობილური ზრახვები მქონდა. დავიწყებ ჩემი ურთიერთობით ქმართან...
ბუნებრივია, ზღაპრული სიამტკბილობით არ გვიცხოვრია. ვკამათობდით, ვკინკლაობდით, ზოგჯერ ვჩხუბობდით კიდეც, მაგრამ მისგან წასვლა ან ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცის შემოშვება მართლა არ მიფიქრია. იდეალური არაფერია ქვეყანაზე – ეს ყოველთვის ვიცოდი და ჩემი ურთიერთობა ქმართან მაკმაყოფილებდა.
– იყო მომენტები, როცა ქმარზე ეჭვიანობდით?
– დიახ და არც ამაშია რამე განსაკუთრებული. ხომ გითხარით, ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად გვქონდა. ბუნებით ეჭვიანი არ ვარ. ჩასაფრებული რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, ღალატის „სიმპტომები“ აღმომეჩინა ჩემი ქმრის უცნაურ ზარებში მობილურზე ან უმიზეზო დაგვიანებებში – ზოგჯერ მთელი დღით იკარგებოდა ხოლმე. ალბათ, მაშინ უნდა გამომეჩინა მეტი ყურადღება და აქამდე აღარ მივიდოდი – დრო აღარ დამრჩებოდა და ის იქნებოდა დამნაშავე ჩემ წინაშე და არა პირიქით. სიტყვები – „მიყვარს და ვენდობი” – სისულელეა. ნორმალური, ჭკვიანი ადამიანი საკუთარ თავს აღარ ენდობა, არათუ სხვას, თუნდაც საყვარელ ადამიანს. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი, სწორედ ის, ვის გამოც ამ შარში გავები, სულ მეუბნებოდა, მე ჩემს ქმარს, როცა ის მეყოლება, ყოველთვის შევამოწმებ, შენსავით ბრმად არ დავუჯერებ ყველაფერსო. ჰოდა, ეს „ბრმად დაჯერება“ რომ არ უნდოდა, თავისი შეყვარებული მე „მომაბარა“.
– „შეყვარებულის მობარება“ რას ნიშნავს?
– შეყვარებული კი არა, უფრო სწორად რომ ვთქვა, პარტნიორი მამაკაცი, რომელიც მოსწონდა. ის კაცი მე არ მიცნობდა და ჩემმა დაქალმა გადაწყვიტა, მისი ერთგულება ჩემი დახმარებით შეემოწმებინა.
– უცნაური ამბავია...
– დიახ, არც ისე ჩვეულებრივი. მთხოვა, ეს კაცი ძალიან მომწონს და იქნებ დამეხმაროო. მეუბნება, რომ ჩემზე სერიოზულად ფიქრობს. რა შევატყო, ერთგულია თუ არა? შენ დაეჩალიჩე და, თუ ანკესზე წამოეგება, ესე იგი, მასზე გათხოვება არ ღირსო. ანუ, მე უნდა „გამეტესტა“ ერთგულებაზე. თქვენ გეღიმებათ, მაგრამ მე საკმაოდ სერიოზულად აღვიქვი ეს ყველაფერი. გულით მოვინდომე, დავხმარებოდი. საგანგებოდ გავიცანი ის კაცი, მაგრამ, სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა. მრცხვენია, ეს რომ უნდა მოვყვე, მაგრამ, რადგან საუბარი დავიწყე, ბოლომდე უნდა მივიყვანო: ცოტა ჩალიჩი დამჭირდა, ბევრი არა, საკმაოდ ადვილად „შეება“. მაშინვე ვუთხარი ჩემს დაქალს – მოდი, შევწყვიტოთ ეს ექსპერიმენტი-მეთქი. ვირტუალურ კონტაქტზე გადავწყვიტე შეჩერება, შეხვედრა მართლა აღარ მინდოდა, გულწრფელად გეუბნებით. თითქოს გული მიგრძნობდა, რომ სასიკეთო არაფერი მოხდებოდა... ვიცი, რომ ჩემს ნათქვამს ისე ვერ გაიგებთ, როგორც საჭიროა. ვიცი, რომ მე გამართლება არ მაქვს და, რამდენიც არ უნდა ვიძახო, გრძნობას ვეწინააღმდეგებოდი-მეთქი, მაინც არაფერი მიშველის, მაგრამ, ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა.
– როგორც მივხვდი, თქვენ გაგიჩნდათ გრძნობა იმ კაცის მიმართ, რომელიც თქვენი მეგობრის პოტენციური საქმრო იყო?
– ასე გამოვიდა. დიდი საშიშროების წინაშე დავდექი, როცა ამ ავანტიურაში გავყავი თავი. უნდა მცოდნოდა, რომ რისკი იყო, თანაც, სერიოზული რისკი. ბევრი რაღაც ვერ გავითვალისწინე.
– ცდუნებას აჰყევით?
– არ ვიცი, შეიძლება თუ არა, ამას ასე ვუწოდო, მაგრამ, ჩანს, მაინც იყო რაღაც ცდუნება. ყოველდღიურმა რუტინამ გაახუნა ჩემი და ჩემი ქმრის სიყვარული. თავგადასავლების, ჭარბი ადრენალინის სურვილი იყო ჩემში და ამან იქონია გავლენა. ამიტომ ვერავინ იტყვის წინასწარ, რას მოიმოქმედებს ხვალ... მე ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, მტერს არ ვუსურვებ. საშინელებაა, როცა სინდისის ქენჯნას ვერსად ემალები და საყვარელ ადამიანს თვალს ვერ უსწორებ – ქმარს ვგულისხმობ. მე ძალიან დავაშავე მის წინაშე, ძალიან...
– ასე შორს შეტოპეთ?
– სამწუხაროდ. გააჩნია, ვის რა ჰყოფნის იმისთვის, რომ სინდისმა შეაწუხოს. ჩემი სამთვიანი ფლირტი და მოურიდებელი შეხვედრები უცხო მამაკაცთან – უკვე ძალიან ცუდი საქციელია. ჩემი დაქალის წინაშეც დამნაშავე ვარ და ვერც ვერაფერს ვეუბნები. ის კი ნერვიულობს და მე მეკითხება – რა უნდა მომხდარიყო, რომ გადაიკარგაო; ისე გაქრა, არაფერი აუხსნიაო. როცა ამ ყველაფერს მეუბნება, ვკვდები და ხმას ვერ ვიღებ. რა ვუთხრა, მე ვხვდები და ამის გამო მიგატოვა-მეთქი?
– იმ კაცმა იცის, მეგობრები რომ ხართ?
– არა, რა თქმა უნდა, თავს ხომ არ გავყიდი. არადა, ასე გაგრძელებაც რომ აღარ შეიძლება, ამასაც კარგად ვხვდები. მოკლედ, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.
– შეგიყვარდათ ის კაცი?
– არა, თუმცა, რაღაც გრძნობა გამიჩნდა. ვერთობოდი მასთან, დროს ძალიან კარგად ვატარებდი და ამ ურთიერთობამ ის მომცა, რაც მაკლდა, მაგრამ, მინდა, რომ ყველაფერი დამთავრდეს.
– დამთავრდეს ვისთან?
– იმ კაცთან, რა თქმა უნდა. ქმარი მიყვარს და, მინდა, დარჩენილი ცხოვრება მასთან გავატარო, მაგრამ, მომხდარს რა ვუყო? ასე ადვილად მეხსიერებიდან ვერ წავშლი. თან, ის კაციც ხომ უნდა მოვიშორო თავიდან – ამაზეც მომიწევს წვალება. ძალიან ვნერვიულობ. მაწუხებს ის, რაც იყო. შევტოპე და ამ წყლიდან მშრალი უკვე ვეღარ ამოვალ. რა გავაკეთო, მართლა არ ვიცი. ოჯახის დანგრევის საშიშროების წინაშე ვდგავარ – ამას ვაცნობიერებ და კიდევ უფრო მეშინია ხვალინდელი დღის. ნეტავი შემეძლოს, ყველაფერი ისევ საწყის მდგომარეობაში დავაბრუნო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან