რა მოლოდინი უცრუვდება ქალს წლების შემდეგ, რომელიც ასაკით უფროს მამაკაცზე თხოვდება
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 04.07

რას განიცდის ქალი, რომელმაც გადაწყვიტა საზოგადოებრივ სტერეოტიპებთან დაპირისპირება და ასაკით ბევრად უფროს მამაკაცზე გათხოვდა. იყო ეს სიყვარული და ცხოვრების იმედიანი დასაწყისი? თითქოს ყველაფერი სწორად მიდიოდა, მაგრამ წლების შემდეგ მაინც გაჩნდა სინანული.
ეს არის რეალური ისტორია ქალისა, რომელმაც ოჯახი ასაკით უფროს მამაკაცთან შექმნა და წლების შემდეგ საკუთარ თავს შეეკითხა: „კი მაგრამ, ბედნიერი ვარ?”
ასაკობრივად განსხვავებული ქორწინებები ხშირად საწყის ეტაპზე ლამაზად და სტაბილურობის მოლოდინით იწყება. თუმცა, თუ განვითარება თანაბრად არ ვითარდება, იწყება ჩამორჩენა ემოციურ და სოციალურ ურთიერთობაში. ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი ზრდისა და თვითგამოხატვის სივრცე. როცა მას ეს აკლდება, დიდი ალბათობით, წლების შემდეგ თავს დაკარგულად იგრძნობს.
წლების შემდეგ სინანული იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ ყოფილა. ნიშნავს იმას, რომ სიყვარული საკმარისი არ აღმოჩნდა და როცა პიროვნული თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ის სიყვარული, უბრალოდ, სრულდება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეწყვიტოს მხოლოდ ასაკის მიხედვით სიყვარულის განსჯა. შეხედოს ურთიერთობის შინაარსს და არა ფორმას.
მარიამი (38 წლის): მეგონა, სტაბილურობა ბედნიერების სინონიმი იყო. 24 წლის ვიყავი, როცა ჩემი მომვალი მეუღლე გავიცანი. ის სერიოზული, ფეხზე მყარად დამდგარი ადამიანი იყო. ერთი სიტყვით, შემდგარი 49 წლის მამაკაცი. მე ცხოვრება ახალი დაწყებული მქონდა, უნივერსიტეტი, თავისუფლება, ექსპერიმენტები...
ჩემი თანატოლი თაყვანისმცემლებიც მყავდნენ, მაგრამ მასთან სიმშვიდე ვიგრძენი. თითქოს რაღაცას აღარ ვეძებდი. ჩემმა გარემოცვამ სკეპტიკურად მიიღო: დედამ მითხრა, მოვა დრო და ასაკი ყველაფერს გადაწყვეტსო. მეგობრებმა – მალე მოიწყენო. მე არავის მოვუსმინე. მეგონა, სტაბილურობა ბედნიერების სინონიმი იყო. მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ მე გავიზარდე, ის ყოველთვის ჩემზე უფროსი დარჩა, მაგრამ ისეთივე, როგორიც იყო.
– მალე აღმოაჩინეთ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ?
– პირველი წლები მშვიდი, შეიძლება ითქვას, ბედნიერიც იყო. ზედმეტადაც კი... ქმარი მართლა ზედ მყვებოდა. მანებივრებდა. გარდერობი ძვირფასი ტანსაცმლით გამომივსო. არ ჩხუბობდა, არც მაკონტროლებდა. მაგრამ არც ჩემს ცნობისმოყვარეობას, ინტერესებს, მისწრაფებებს, ახალ პროექტებსა და ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს იზიარებდა. მისთვის საკმარისი იყო, მე ვყოფილიყავი სახლში, ლამაზად ჩაცმული, მშვიდი და მადლიერი. მითხრა: ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაქვს, ეს ურთიერთობაა – მეტი ნუ გინდაო. მაშინ მივხვდი, რომ გვაკლდა საერთო რიტმი, საერთო ინტერესები, რაც ასეთი მნიშვნელოვანია.
– მარიამ, ერთმანეთს როცა შეხვდით, მისი ასაკი თქვენთვის ბარიერი არ იყო?
– თავდაპირველად მისი ასაკი არ მაფრთხობდა. პირიქით, სიმწიფე, თავდაჯერება, სტაბილურობა მომხიბვლელად მეჩვენა. იმ დროს მშვიდი ნავსაყუდელი მჭირდებოდა და მეგონა, სწორედ მასში ვიპოვე.
– ოჯახისგან წინააღმდეგობას ხომ არ შეხვედრიხარ?
– თავიდან ყველა დამემდურა. დედაჩემმა მითხრა – „სიყვარული სხვაც იქნება, დრო კი – არა.“ მეგობრებიც მეუბნებოდნენ, რომ წლების სხვაობა მოკლავდა ჩვენ სიყვარულს. არ ვუსმინე. მეგონა, ჩემი გრძნობა ისეთი ძლიერი იყო, ყველაფერს მოერეოდა. შემდეგ ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ საერთო თითქმის არაფერი გვქონდა. მისი ინტერესები ჩემთვის უცხო იყო. მე კიდევ მინდოდა განვვითარებულიყავი, ის კი მირჩევდა, სახლში ვყოფილიყავი და ოჯახის სიმყუდროვით „დავმტკბარიყავი“.
– დღეს რას გრძნობ?
– ვალდებულების სიმძიმეს. რაც, ალბათ, არასწორია, ძალიან უპასუხისმგებლო გამოვდივარ. მაგრამ ვნანობ. 14 წელი ერთად გავატარეთ და მგონია, რომ ახალგაზრდობის ნაწილიც დავკარგე. მისთვის მე ყოველთვის პატარა გოგო დავრჩი, მაგრამ მე აღარ ვარ ისეთი, როგორიც ჩვენი ქორწინების პირველ წლებში ვიყავი. შევიცვალე. ვხედავ, რომ მასთან ერთად არ ვვითარდები. მამუხრუჭებს და მბლოკავს. პიროვნულად ეს ძალიან დამთრგუნველია.
– კიდევ გიყვარს?
– რაღაცნაირად – კი. მაგრამ ეს სიყვარული აღარ მაბედნიერებს. და მგონია, არც მას. როცა წლები გემატება, ხვდები, რომ მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა ბევრს არაფერს ნიშნავს. არ მოაქვს ბედნიერება „ფაიფურის თოჯინის“ როლში ყოფნას. თან, რომ არ მოგწონს ეს როლი და ისე მოგარგებენ, არც გეკითხებიან. ქმარი დღემდე ჩემზე მზრუნველი რჩება. მაგრამ ეს აღარ მახარებს, როცა არჩევანს ვაკეთებდი, ძალიან მინდოდა მყარად დგომა – იმდენად, რომ სხვა რამეზე არც დავფიქრებულვარ, არ გამითვალისწინებია. ახლა კი არ ვიცი, ჩემს შინაგან სამყაროს გავექცე თუ ამდენი ხნის ოჯახი დავანგრიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან