გულახდილი საუბრები

რა დამღა აქვს სიცოცხლის ბოლომდე დედისგან მიტოვებულ შვილს

№17

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 03.05

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

როცა ოჯახი იშლება, უფრო ხშირად მამა მიდის და შვილები დედასთან რჩებიან. საზოგადოებისთვის ეს თითქოს ნორმაა და როცა წასული მამა შვილებს აღარც კი ნახულობს ამასაც მშვიდად ეგუება. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მშობელი დატოვებს ბავშვს და უარს იტყვის მასზე ზრუნვაზე. სტრესი და ტრავმა ასეთ შემთხვევაში ზუსტად ერთნაირია. მხოლოდ გამოხატვის ფორმაა განსხვავებული. ტრავმა კი ბავშვში მძიმე კვალს ტოვებს, საკმაოდ დიდხანს რჩება და ნეგატიურ გავლენას ახდენს მთელ მის ცხოვრებაზე.

ლალი (41 წლის): დედისგან მიტოვებულ შვილზე საბრალო, ალბათ, არავინ არის. თანაც, თუ შვილი წამოზრდილია და იცის სიყვარულის, ერთგულებისა და სიკეთის ფასი. მართალია, გარიგებით გავთხოვდი, მაგრამ ქმარზე სამდურავი არ მეთქმის – კარგი ადამიანია, ვუყვარვარ და ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. თბილი, ყურადღებიანი მეუღლე და მამაა. ოჯახზე ამოსდის მზე და მთვარე, ყველაფერი ცოლ-შვილისთვის უნდა. რამდენჯერ უთქვამს: თქვენ რომ რამე მოგაკლდეთ, მე რა კაცი ვიქნებიო. მართლაც, არაფერს გვაკლებს. ორი ქალიშვილი გვყავს. საკმარისია, რაიმე მოდური მოვინდომოთ ან მე, ან გოგოებმა, რომ აუცილებლად გვიყიდის. სულ რომ ტყავი გაიძროს მუშაობით. თუმცა, ხშირად მახსენდება და მაწვალებს ჩემი ბავშვობის ტრავმა:

დედაჩემი ინგლისური ენის სპეციალისტი იყო. სანამ მე და ჩემს ძმას წამოგვზრდიდა, შინ ყოფნა ერჩივნა, მერე ქმარს სთხოვა, სადმე სამსახური მიშოვეო. მამას უარი არ უთქვამს და ერთ-ერთ ტურისტულ ორგანიზაციაში უშოვა სამსახური. დედას უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში უნდა გაეწია მეგზურობა. რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე აღტაცებას ვერ მალავდა, მამასა და ჩვენ შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა. 13 წლის ვიყავი, როცა ერთ დღეს დედა მოულოდნელად ოჯახიდან წავიდა. შვილებს წერილი დაგვიტოვა, სადაც სინანულიც კი არ იგრძნობოდა... მამამ წაგვიკითხა, მაგრამ ეტყობა, ისეთი შოკის მომგვრელი იყო დედის წასვლა, რომ არ დამამახსოვრდა. ერთი ის მახსოვს, რომ გულწრფელად გამიკვირდა დედის მაშინდელი საქციელი, რადგან კარგი დედა იყო. 13 წლის განმავლობაში მისი სითბო და სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება არ მომკლებია.

– მაინც რა მოხდა ასეთი?

– მერე გავიგე, სიყვარული უნდოდა. ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერზე ღირს თვალის დახუჭვა. მამაჩემი კი იყო კარგი ქმარი, მაგრამ თურმე, იმდენად არ ჰყვარებია, რომ მისი ზრუნვაც და ყურადღებაც საშინლად აღიზიანებდა... მერე მის ცხოვრებაში გამოჩნდა კაცი, უცხოელი, შეუყვარდათ ერთმანეთი და გადაწყვიტა, დარჩენილი სიცოცხლე მასთან ერთად გაეტარებინა. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს ამქვეყნად და, რა გასაკვირია, საკუთარი ბედნიერებისთვის იზრუნოსო. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ კაცის გამო დაგვტოვა.

– დღემდე ვერ გაუგეთ მას?

– ვერა. იმდენად მძიმე იყო მისი წასვლა, მისი ეს საქციელი, რომ დიდი ხანი საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. მოგვიანებით მოვეგე გონს, მართლა მინდოდა, დედისთვის როგორმე გამეგო, მაგრამ, ვერ შევძელი.

– იცით, ვინ არის მისი ქმარი?

– ჰოლანდიელია. დღემდე იქ ცხოვრობენ. ჩვენი ფოლკლორი აინტერესებდა და სხვადასხვა კუთხეში ეცნობოდა ქართულ საგანძურს. დედაჩემიც, როგორც ჩანს, განძი ეგონა. აღფრთოვანებული იყო, თურმე და მზად იყო, ჩვენც წავეყვანეთ, მაგრამ დედამ შეიკავა თავი. რომც მოენდომებინა, არაფრით დავთანხმდებოდი, რადგან მამა მებრალებოდა. არავინ იცის, რამდენჯერ გამითენებია ღამე ტირილში. დედა მენატრებოდა, მისი ჩახუტება, მისი სხეულის სითბოს შეგრძნება მინდოდა, მერე ეს გრძნობა ნელ-ნელა გაქრა, რადგან სულ მამა მედგა თვალწინ. გული ტკივილით მეკუმშებოდა, როცა სამსახურიდან შინ დატვირთული ბრუნდებოდა, მეგობრებს კი მათთან ერთად სადმე წასვლაზე უარს ეუბნებოდა. ისე მიყვარდა მამა, რომ საკუთარ თავს დედაზე ფიქრიც კი ავუკრძალე. ამან კი ისეთი დამღა დამიტოვა, დღესაც სულ თან მდევს. ჩემი ძმა უფრო ხშირად ახსენებდა დედას, მაგრამ მერე, როცა მიხვდა, მე არ მსიამოვნებდა, გაჩუმდა.

– კონტაქტი არ გაქვთ?

– კარგა ხანს არ გვქონდა. მერე გვეხმიანებოდა, გვთხოვდა, მოწვევას გამოგიგზავნით და მთელი ზაფხული ჩვენთან გაატარეთო, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. როცა გათხოვება გადავწყვიტე, გავაგებინე. მან ისევ მთხოვა ამსტერდამში ჩავსულიყავი. კვლავ უარი ვუთხარი. თვითონ ჩამოვიდა. ქორწილამდე ათი დღით ადრე. უსირცხვილოდ გვესტუმრა თავის ქმართან ერთად.

– როგორ შეხვდით?

– არ მინდოდა, ბედნიერების დღეები ჩამშხამებოდა, ამიტომ ვცადე ყურადღება არ მიმექცია. ბოლოს მიხვდა, რომ ვერასოდეს ვაპატიებდი და მითხრა: ყოველთვის მოხარული ვიქნები თქვენი სტუმრობითო და წავიდა.

დღეს ჩემი შვილები 6 და 4 წლისანი არიან. ვერ წარმომიდგენია მათი ღალატი. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, ბედნიერები ვართ. მაგრამ თუ ჩვენ შორის ურთიერთობა გაცივდა და ცალკე ცხოვრება გადავწყვიტე, შვილებს როგორ შევაქცევ ზურგს? დედაჩემივით არ დავყრი და მით უმეტეს, სხვა კაცს არ გავეკიდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი