რა აზარალებს ქალის ფსიქიკას ღალატის დროს ყველაზე მეტად და როგორ გამოდის ის კრიზისული მდგომარეობიდან
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 24.11, 2023 წელი

მიტოვებული ადამიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან მძიმე სტრესის ქვეშ. მათი თვითშეფასება ქვეითდება. არიან დეპრესიულები. ღალატის მიზეზს საკუთარ თავში ეძებენ და ძალიან განიცდიან. თუ დამოუკიდებლად მოახერხეს, ასეთი სერიოზული სიმძიმის წნეხის დაძლევა, კვალი მაინც დიდხანს რჩება. ღალატის შემდგომი რეაბილიტაცია რთულია და ხანგრძლივი.
სოფო (37 წლის): როცა ქმარმა მიმატოვა და სხვა ქალს გაჰყვა, ყველა მეუბნებოდა, შენს ადგილზე მოვკლავდიო. რატომ მომეკლა, იმიტომ რომ მთელი სიცოცხლე ციხეში გამეტარებინა და შვილები უპატრონოდ მიმეყარა? ბავშვებმა თავიდან საერთოდ ვერ გაიგეს, რატომ არ მოდიოდა მამა შინ. კინაღამ გაგიჟდნენ, როდესაც შვილებს უთხრა: თქვენთვის არ მცალია, დედა მოგხედავთო და ტელეფონი გაუთიშა. ბავშვებს ერთხანს სკოლაში წასვლა არ უნდოდათ. მერე გამოაცხადეს, მამა გარდაიცვალა და სოფელში დავკრძალეთო.
– რატომ მოგექცათ ასე. როცა ოჯახი შექმენით, ალბათ, ერთმანეთი გიყვარდათ.
– პატარები არ დავქორწინებულვართ, არც უცბად – სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. კარგად გვქონდა გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელსაც ოჯახი და შვილები მოითხოვენ. თავიდან ვცხოვრობდით, როგორც მეგობარი ქალი და კაცი, რომელთაც ერთმანეთთან დამალული არაფერი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და გვიყვარდა, ყოველთვის ვფიქრობდი, ძნელია, ქალმა და კაცმა მთელი სიცოცხლე დაუკავშირონ ერთმანეთს-მეთქი. ხომ შეიძლებოდა, გახუნებულიყო გრძნობები, ერთმანეთზე გული გაგვცივებოდა... რატომღაც ყოველთვის მქონდა ავი წინათგრძნობა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ქმარი რქებს დამადგამდა და მიმატოვებდა. 12 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი.
– ბავშვებს, ალბათ, ძალიან გაუჭირდათ.
– ძალიან. რცხვენოდათ და სკოლაში წასვლა არ უნდოდათ. უფროსი გოგონას კლასის ხელმძღვანელმა მითხრა, არ ვიცოდი, თუ დაქვრივდით, გვიან გავიგე ბავშვების დაობლების ამბავიო. სახტად დავრჩი...
– დღესაც არ აქვს ბავშვებთან ურთიერთობა?
– არა. მისი ასავალ-დასავალი არ ვიცით. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ უცხოეთში გადასახლდა იმ ქალთან ერთად. გადაწყვიტა, რომ მისთვის არ ვარსებობთ და ეს არის ჩვენთვის მტკივნეული. ოჯახები ინგრევა, მაგრამ ეს მხოლოდ ცოლ-ქმრის ურთიერთობას ეხება. არც ერთი ნორმალური ადამიანი არ გაწირავს შვილებს საყვარლის გამო.
– თქვენი ყოფილი ქმრის ოჯახის წევრები რას ამბობენ?
– მათ რას ვერჩი? შესანიშნავი ხალხია. ჩემი მული კინაღამ გაგიჟდა. ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ არ ღირდა დავიდარაბის ატეხა. დღესაც მეუბნება, შენ რა ნერვები გქონიაო. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი – როგორია, რომ გაიგებ, საყვარელი ადამიანი გატყუებს. აღარ გინდივარ? თქვი და წადი. კაცი, რომელსაც წასვლა უნდა, ძალით უნდა დაიჭირო? რომ დაგვტოვა, დავუკავშირდი, ვუთხარი, ბავშვებზე მოვილაპარაკოთ, ცოდოები არიან, მათ შენც სჭირდები-მეთქი და მიპასუხა: შენ გიტოვებო. იმწამსვე ბავშვების მდგომარეობა წარმოვიდგინე და გავშრი, მაგრამ, საბედნიეროდ, დალაგდა ყველაფერი და აღარავის მივცემ უფლებას, მით უფრო იმას, რომ ჩემს შვილებს ცხოვრება აურიოს.
– გათხოვებაზე ხომ არ ფიქრობთ?
– არასოდეს. საშინელი გაკვეთილი მივიღე, მამაკაცებს აღარ ვენდობი. როგორი მიამიტი ვიყავი. ყველაფერს იოლად ვიჯერებდი. ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შეიძლებოდა, ჩემს მეუღლეს ჩემგან რამე დაემალა. წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობდა და ვიცოდი, რომ დასვენების დღე მხოლოდ კვირას ჰქონდა. დანარჩენ დღეებში შინ 9-10 საათზე ბრუნდებოდა. ყოველ მე-4 დღეს კი მორიგეობდა და მთელი დღე-ღამე იქ რჩებოდა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მის სამსახურში შაბათი დასვენების დღე იყო, ხოლო მორიგეობა საერთოდ არ არსებობდა. ამის გაგებამ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, მაგრამ... ამ ამბავმა დამანგრია. ვერც ვტიროდი, ვერც ვიცინოდი. რაღაცნაირად, გაქვავებული ვიყავი. არ ვიცი, თავი რომ დამემცირებინა და მისთვის ხვეწნა დამეწყო, ოჯახს ნუ დაანგრევ-მეთქი, მაინც წავიდოდა თუ ჩემთან და ჩვენს ორ შვილთან დარჩებოდა, რომლებმაც დღესაც არ იციან, რომ უმცროსი და ჰყავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან