გულახდილი საუბრები

რა ავალდებულებს ქალს გათხოვების შემდეგ, ოჯახის ყველა წევრის ხასიათზე „გადაეწყოს“

№48

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.12, 2022 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც დარწმუნებულია, რომ ქალი რომ თხოვდება, აუცილებლად უნდა მოერგოს დედამთილს, მამამთილს… ყველას ხასიათს უნდა აუწყოს ფეხი. რომ არა ქმრის ნათესავების, საზოგადოების ფაქტორი და „რას იტყვის ხალხი“, შესაძლოა, ბევრ წყვილის ისევ ერთად გაეგრძელებინა ცხოვრება. ჩვენს რეალობაში ხალხის აზრი ხშირად ცვლის ადამიანების პირად ცხოვრებას, ხან – კარგად, ხან – ცუდად, თუმცა, რას იფიქრებს სხვა – ეს საკითხი მუდამ აქტუალური და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. ცალკე საკითხია ხოლმე დედამთილის მტკიცე უარი წყვილის შერიგებაზე.

დიანა (29 წლის): ქართველი დედები ხშირად ცდილობენ, შვილს მათი მოსაწონი რძალი აურჩიონ. ჩემს მეგობრებსაც კი უთქვამთ, ასეთი და ასეთი რძალი მინდაო. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეებად მოაქვთ თავი და ჯერ არც დასაოჯახებელი შვილები ჰყავთ. ასე ხდება – თუ შვილს დედის გემოვნებისგან განსხვავებული გოგო მოეწონა და ცოლად მოიყვანა, მერე კონფლიქტი იჩენს თავს. ქართველი ქალების ხასიათში ზის, რომ თავადაც ჩაერიონ არჩევანში. მერე კი გამოდის, ქალი რომ თხოვდება, უნდა მოერგოს დედამთილს, მამამთილს, ქმრის ოჯახს და ყველას ხასიათს უნდა აუწყოს ფეხი, ყველას უნდა მოეწონოს.

– ზოგადად, რაზე ან ვისზეა დამოკიდებული რძალ-დედამთილის ურთიერთობა?

– შენ როგორც დაიწყებ ურთიერთობას, შემდგომაც ისე გაგრძელდება. მაგალითად, მე ვიცნობ გოგონებს დედამთილთან კარგი, ნორმალური ურთიერთობა რომ აქვთ. ჩემს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვცხოვრობთ, დედამთილი სულ ცდილობს, გვაკონტროლოს. ჩვენი წვრილმანი ამბებიც კი იცის. ვითომ, ძალიან ვუყვარვარ, არ მჯერა მისი და მაინც დისტანციას ვინარჩუნებ. არ იფიქროთ, ზედმეტად ვუბედავდე რამეს. მაგრამ არც ის მინდა, ამ დოზით ერეოდეს ჩვენს ურთიერთობაში. ამას ხომ უნდა მიხვდეს, როგორმე?

– ზოგადად, უშეცდომო და იდეალური ადამიანები არ არსებობენ.

– გეთანხმებით. შეიძლება, მე ჩემი ნაკლი მქონდეს, მას – თავისი, მაგრამ უნდა შეგვეძლოს დათმობა, „გატარება“ - არაყოლა, რასაც დედას არ აკადრებ, ის არ უნდა აკადრო დედამთილს, მაგრამ მანაც ხომ უნდა იფიქროს და გული არ გატკინოს. ადამიანს თუ ცუდად მოექცევი, მერე შენ მიმართაც ცუდად განეწყობა. როგორ უნდა ვცე პატივი, როცა ვხედავ, როგორ ცდილობს, „მიწა გამომითხაროს“.

– ძირითადად, რძალი ასაკით პატარაა დედამთილთან შედარებით. ამის გამო ხშირადაა მოსწავლის როლში, თითქოს დედამთილები ცდილობენ ხოლმე, ასწავლონ რაღაცები. ეს მიდგომა ხომ არ გაღიზიანებთ?

– მაინც რა უნდა მასწავლოს, მჭადის გამოცხობა? საჭმლის გაკეთებაში დიდი პროფესიონალი არ ვარ და მე ვიცი, რომ რაღაცები მასაც არ გამოსდის. როგორმე მივხედავთ მე და ჩემი ქმარი თავს, შიმშილით არ დავიხოცებით. ხშირად მითქვამს კერძებზე, ოღონდ ეს არ გამაკეთებინო და სხვა ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებ-მეთქი. ჭკუის დარიგება უფროსი ადამიანისგან საწყენი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, იმ საკითხში, რომელშიც მოიკოჭლებ. მაგრამ ჭკუის სწავლებას რომ სისტემატური სახე აქვს, თან მერე „წუხს“, როგორ არ გაუმართლა მის ნაფერებ შვილს, დედა მოუკვდეს მაგას... აი, ეს როგორ უნდა მოითმინო. დედამთილის მიმართ ნეგატიურად რომ განეწყობი, ეს უკვე ცუდი ურთიერთობის დასაწყისია. მაგრამ მე რა ვქნა? ჩასაფრებულის პოზიციიდან არ უნდა მიყუროს, ეს ჩემს ნერვებს შეიწირავს.

– აზრთა სხვადასხვაობა თავს განსაკუთრებულად იჩენს მაშინ, როცა ბავშვი იბადება. ჩვენი დედების პერიოდში პატარებთან მიდგომა სხვანაირი იყო, დღეს – სხვაა...

– სხვათა შორის, ჩემს შემთხვევაში, ამ მხრივ, საქმე მშვიდად იყო. დიდად აქტიური ბებია არ არის და ძირითადად, ჩემი „დაგესვლით“ არის დაკავებული. საერთოდ, მინდა გავაგებინო, რომ ჩემი ოჯახი ჩემი ოჯახია და ყველაფერს გავაკეთებ ისე, როგორც სწორად მივიჩნევ. ეს არ მოსწონს ჩემს დედამთილს და ვხვდები, რომ გიჟდება, მაგრამ მოუწევს შეეგუოს. კიდევ კარგი, რომ ქმარი მხარს მიჭერს. მგონი, მასაც ყელში ამოუვიდა დედამისის ყველაფრის გაკონტროლების სურვილი.

– ანუ, თქვენს მხარეს არის?

– სახლში ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. არც მე ვეუბნები, რა მორიგი „ნომერი“ ჩაატარა დედამისმა და არც ის ლაპარაკობს. თუმცა, ვხვდები, როცა დედამისისგან ძალიან არის „დაგრუზული“. გამიმართლა, რომ ძალიან ქართული ხასიათი არ აქვს. სტანდარტულად არ აზროვნებს და დედიკოს ჭკუაზე არ „დახტის“. მაგრამ დროა, შეიცვალოს დამოკიდებულება „ვინ რას იტყვის“. ადამიანებმა ამ მიზეზით არ უნდა თქვან უარი საკუთარ სურვილებზე, საყვარელ ადამიანებზე. როცა რაღაც გინდა და ეს პირად ცხოვრებას ეხება, არ შეიძლება, მეზობლის აზრი გაითვალისწინო და იმის ფიქრით, რას იტყვიან სხვები, არ გააკეთო, რაც გსურს. ქართველი მამაკაცების უმრავლესობა სწორედ ასეთი კომპლექსების მსხვერპლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი