გულახდილი საუბრები

რა არის მიზეზი იმისა, რომ ქალები ცუდ ქმრებს იშვიათად შორდებიან

№47

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 02.12, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად მაშინ გვჭირდება, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გვაქვს. მაგრამ ისეც ხდება, რომ სწორედ ასეთ მომენტებში ვრჩებით მარტონი და პირიქით, სწორედ მათი თავდასხმების მოგერიება გვიწევს. დღესაც კი საკმაოდ მრავლად არიან ქალბატონები, რომლებსაც სირცხვილი კლავთ, თუ მათი შვილი ქმარს გაშორდება, თუნდაც, ეს ქმარი დესპოტი და მოძალადე იყოს. თაობა, რომელიც იმ პრინციპით გაზარდეს, რომ ყველაფერი ოჯახის საკეთილდღეოდ უნდა მოეთმინათ, ვერ ხვდება, რომ ქალსაც აქვს უფლება, ბედნიერი იყოს. სტერეოტიპებისგან და საზოგადოებრივი წნეხისგან თავისუფალი.

ნანუკა (26 წლის): რაც მე უნდა მოვყვე, ბევრს, ალბათ, არც გააკვირვებს. ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დედებს საზოგადოების აზრი უფრო აინტერესებთ, ვიდრე საკუთარი ქალიშვილების ბედნიერება. მე ამის ნათელი მაგალითი ვარ. საკუთარ დედას ჩემი რცხვენია, რადგან ქმარს გავშორდი. მეუბნება, ყველაფერი მოითმინე და აცადე შენს ქმარს „დაღვინებაო“. ნეტავ, ეს „დაღვინება“ როგორ წარმოუდგენია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქში გადავედი სასწავლებლად. პირველ კურსზე გავიცანი ბიჭი, რომელიც სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა, სადაც უნდა წავსულიყავი, „შემთხვევით“ ისიც იქ გაჩნდებოდა ხოლმე, დროთა განმავლობაში მეც გრძნობა გამიჩნდა და ოჯახიც მალე შევქმენით.

– მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

– ნორმალურად. არც შეიცხადეს, არც სიხარული გამოუხატავთ. თუმცა, დედაჩემს შევატყვე, აშკარად მოეწონა, რომ „პატრონს ჩავბარდი“ და ქალაქში მარტო აღარ „ვიწანწალებდი“. ჩემი მეუღლეც რაიონიდან იყო. ქალაქში სასწავლებლად ვიყავით ჩასული და ორივე ქირით ვცხოვრობდით, ამიტომ ცოტა ხნით ბინა მისმა ნათესავმა დაგვითმო. თანაცხოვრების დაწყებიდან ჩვენ შორის მალევე შეიცვალა ყველაფერი და ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დაიწყო. გასაგებია, რომ შეცდომა დავუშვით. ალბათ, ორივემ ძალიან ვიჩქარეთ. მე ფინანსური დამოუკიდებლობა ვარჩიე და უბნის მარკეტში დავიწყე მუშაობა. უნივერსიტეტის გადასახადსაც ვფარავდი და ჩემი სამყოფიც მქონდა, თუმცა ძალიან გამიჭირდა – სწავლა, მუშაობა, დატვირთული გრაფიკი, თავს ხშირად შეუძლოდ ვგრძნობდი, ამას ისიც დაემატა, რომ დავორსულდი.

– მეუღლე მუშაობას გიშლიდათ?

– ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ ბედნიერიც არ იყო. ბუზღუნებდა და მსაყვედურობდა, რომ ნაკლებ დროს ვუთმობდი, მაგრამ არ იმუშავოო, არ უთქვამს. დედაჩემს, როგორც შეეძლო, მეხმარებოდა, მაგრამ მე უკვე ფიზიკურად ვეღარ ვუძლებდი დატვირთვას.

სამსახურიდან წასვლა ჩემით გადავწყვიტე. აი, სწორედ ამ დროს გამომიცხადა ჩემმა ქმარმა: რადგან დიპლომი არ მაქვს, ნორმალურ სამსახურს ვერ ვიშოვი, შენსავით კონსულტანტად ვერ დავდგები მაღაზიაში. ორივეს სწავლის საფასურს კი ჩემები ვერ დაფარავენ. ამიტომ, მუშაობას თუ აღარ აპირებ, სტუდენტის სტატუსი შეიჩერე და ბავშვი რომ დაიბადება, სწავლა მერე გააგრძელეო.

ხშირად ვჩხუბობდით ამ თემაზე, ბოლოს იძულებული გავხდი, სტატუსი შემეჩერებინა. დედაჩემსაც არ შეეძლო ფინანსურად დამხმარებოდა და ვერც ვერავის დავავალდებულებდი. ამ ყველაფერმა ძალიან ცუდად გამხადა. სოფელში დაბრუნება გადავწყვიტე, არც ჩემი ქმრის დანახვა მინდოდა და აღარც მისი ოჯახის წევრების, რომელთაც რაც გაიგეს, რომ ორსულად ვიყავი, ერთხელაც არ მოვუკითხივარ. ჩემი დედამთილი მხოლოდ მაშინ რეკავდა ჩემთან, როცა ჩემს ქმარს ვერ დაუკავშირდებოდა, და ისე, სხვათა შორის, ზრდილობის გულისთვის, გამომკითხავდა ხოლმე, როგორ ვიყავი. მოკლედ, ჩავალაგე ბარგი და დედაჩემთან წავედი.

– მეუღლეს უთხარით თუ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება.

– ვუთხარი. მშვიდად მიიღო. მძაფრი რეაქცია არ ჰქონია. მოკლედ, წავედი. ჰოდა, მოგეხსენებათ, რა საზოგადობაშიც ვცხოვრობთ, ახალგაზრდა გოგო, ორსული, ქმრის გარეშე დაბრუნდა მშობლების სახლში... „გულშემატკივარ“ მეზობლებთან დედაჩემი მუდმივად თავის მართლებას ცდილობს. ვგრძნობ, რომ ჩემ გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია.

– არც ერთ დედას არ უხარია, როდესაც შვილს ოჯახი ენგრევა.

– გასაგებია, მაგრამ ყველას ხომ არ უმართლებს? არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც უსიტყვოდ სჭირდება ადამიანს თანადგომა, მით უმეტეს, როდესაც დედა ხარ და საქმე შვილს ეხება, მე ასე მესმის. დედა ხშირად ცდილობს ჩემი ქმრის გამართლებას, რომ თურმე, „ახალგაზრდაა, შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების და უნდა ვაცადო, რომ „დაღვინდეს“. რომ სწავლა არსად გამექცევა და ახლა ქმარსა და შვილს უნდა მივხედო. თურმე, ბავშვის გაზრდა მარტოს გამიჭირდება და მამის გარეშე ბავშვი დაიჩაგრება“. თითქოს რცხვენია ჩემი. ყური მოვკარი, როგორ უქარწყლებდა ჭორებს მეზობელს, რომ ქმარს კი არ გავშორდი, დედასთან ვარ დროებით. ხანდახან ჩემი თავის მიკვირს, როგორ ვუძლებ ამ წნეხს, იმაზე ძლიერი გამოვდექი, ვიდრე მეგონა. საკუთარ დედას ჩემი არსებობა ეთაკილება, ქმარმა კი, ჩემი სახით, ტვირთი მოიხსნა მხრებიდან. მაგრამ არ ვაპირებ დაცემას, იმ პატარა ნათელი წერტილისთვის, რომელიც განგებამ მაჩუქა, ყველაფრის და ყველას წინააღმდეგ ღირს ბრძოლა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი