გულახდილი საუბრები

რა არის ქმრის გარეშე შვილის გაჩენა - გამბედაობა თუ მარტოობის განაჩენი

№6

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 20.02

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

თანამედროვე ქალი სულ უფრო ხშირად დგას არჩევნის წინაშე, რომელიც წლების წინ ტაბუდადებულ თემად მიიჩნეოდა. ესაა არჩევანი, რომელიც ერთდროულად ეხება სხეულს, ემოციას, საზოგადოებასა და მომავალს.

ქალი, რომელიც კარიერაში წინ წავიდა, ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა, საკუთარი პიროვნება შექმნა, შინაგანად მომწიფდა, მაგრამ გვერდით არ ჰყავს პარტნიორი... დრო კი გადის. ბიოლოგიური საათი არ ჩერდება, არც დედობის სურვილი ქრება, პირიქით, ძლიერდება. საზოგადოება ჯერ კიდევ სვამს კითხვას: „რატომ დაელოდა? რატომ არ მოძებნა ქმარი? გააჩინოს ქმრის გარეშე? შვილი არ დაზარალდება?...“

მაგრამ თითქმის არავინ ეკითხება თავად ქალს:

რისთვის არის ის მზად და რას გრძნობს სინამდვილეში? ცოტას აქვს გამბედაობა, ხმამაღლა თქვას: დიახ, უნდა გააჩინოს ქალმა შვილი ქმრისა და პარტნიორის გარეშე, თუკი ეს მისი გააზრებული გადაწყვეტილებაა!

ლენუკა (47 წლის): დღეს სულ უფრო მეტი ქალი ფიქრობს დედობაზე ყოველგვარი პარტნიორის გარეშე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქალები აღარ ელოდებიან იდეალურ სცენარს. ისინი არჩევანს აკეთებენ რეალობაში, იქ, სადაც სურვილი დედობისკენ უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ პარტნიორობა – არა. ეს არ არის პროტესტი კაცის წინააღმდეგ, ეს უფრო საკუთარ სურვილზე პასუხისმგებლობის აღებაა.

– ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი სრულფასოვან ოჯახში უნდა გაიზარდოს. რამდენად მართებულია ეს არგუმენტი?

– სრულფასოვანი ოჯახი ყოველთვის ორი ადამიანის ერთად ყოფნას არ ნიშნავს. სრულფასოვან გარემოს ქმნის სტაბილურობა, სიყვარული, უსაფრთხოება და ემოციური ხელმისაწვდომობა. არსებობს ოჯახები ორივე მშობლით, სადაც ბავშვი ემოციურად მიტოვებულია და არსებობენ მარტოხელა დედები, რომლებიც ბავშვს უზარმაზარ სწორ, ემოციურ რესურსს აძლევენ.

– რა არის ყველაზე დიდი რისკი გადაწყვეტილებაში – უქმროდ გააჩინო შვილი?

– მთავარი რისკი არის ილუზია, რომ ქალი ყველაფერს მარტო გაუმკლავდება და არასდროს გადაიღლება. დედობა, პარტნიორის გარეშე, მოითხოვს ძლიერ მხარდამჭერ გარემოს – ოჯახს, მეგობრებს, ფსიქოლოგიურ მზადყოფნას. მარტო ყოფნა არ უნდა ნიშნავდეს იზოლაციას. ყველაზე დიდი ძალაა სწორად გააზრებული არჩევანი, როცა ქალი არ მოქმედებს შიშით, არამედ პასუხისმგებლობით. ასეთი დედობა ხშირად გაცილებით გააზრებულია, ჯანსაღი და პროდუქტიულია, ვიდრე შემთხვევითი ოჯახური მოდელი.

ბავშვის დაბადება პარტნიორის გარეშე არც ტრავმაა და არც გარანტირებული წარმატება. გადამწყვეტი ფაქტორი არის დედის ემოციური მდგომარეობა. ჩემთვის შვილი არ ყოფილა სიცარიელის შევსების საშუალება. მე მზად ვიყავი საკუთარ თავთან მუდმივი მუშაობისთვის. სწორედ ასეთ შემთხვევაში გაიზრდება ბავშვი ემოციურად უსაფრთხო გარემოში.

– მაგრამ თუ გადაწყვეტილება მიღებულია მარტოობის შიშით, შემდეგ კი მას სოციალური წნეხი ან სიძნელეები და პრობლემები მოჰყვება, ხომ შეიძლება, ფსიქოლოგიური სირთულეები გაჩნდეს როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის?

– საქმე ისაა, რომ ბავშვს არ სჭირდება იდეალური ოჯახი. ბავშვს სჭირდება რეალური, ემოციურად ხელმისაწვდომი მშობელი. ქმრის გარეშე შვილის გაჩენა არ არის არც გმირობა და არც დანაშაული. ეს არის არჩევანი. არჩევანი, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, პასუხისმგებლობას და საკუთარ თავთან გულწრფელობას. ქალმა უპირველესად საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, არის თუ არა მზად, დედობის ტვირთი მარტო ატაროს – არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც.

თანამედროვე ქალი სულ უფრო ხშირად იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც წლების წინ სკანდალად ჩაითვლებოდა – გააჩინოს შვილი ყოველგვარი პარტნიორის გარეშე. თუმცა, დიახ, საზოგადოება დღესაც ჩურჩულებს: „ბავშვს მამა არ სჭირდება?“ მაგრამ როცა ეს არის გააზრებული გადაწყვეტილება პრობლემა აღარ არსებობს.

– და მაინც, შეიძლება თუ არა მამაკაცის სრულად გამორიცხვა ბავშვის ცხოვრებიდან?

– არავინ ამბობს, რომ მამაკაცი არ არის მნიშვნელოვანი. კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ – სჯობს თუ არა ბავშვი გაიზარდოს ტოქსიკურ ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ, რომ „სრულფასოვანი ოჯახი“ იყოს? ბევრ ქალს ურჩევნია იყოს მშვიდი დედა, ვიდრე მუდმივ კონფლიქტში მყოფი მეუღლე. ასეთ დედობაში ტყუილი არ არის. არ არსებობს ილუზია „იდეალურ ოჯახზე“. არის მხოლოდ ქალი და მისი შვილი, რეალური, ცოცხალი კავშირით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი