გულახდილი საუბრები

რა აკომპლექსებთ ქართველ კაცებს და რატომ ვერ ირთავენ ცოლად სასურველ ქალს

№33

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 25.08

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გავლენა პირად ურთიერთობებზე ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ბევრი ადამიანი ისევ მიიჩნევს, რომ უფლება აქვს, სხვის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს. ზოგი კი მათ ამის უფლებას აძლევს. რეალურად ჩვენი პირადი მხოლოდ ჩვენია და თავად უნდა გადავწყვიტოთ, ვისთან ვიპოვით ბედნიერებას. „ხალხი რას იტყვის“ ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს, რადგან სწორედ ეს „ხალხი“ ხშირად მხოლოდ სეირის მაყურებლის როლში გამოდის. ისინი ვერასდროს იქნებიან თქვენი გულწრფელი გულშემატკივრები. ამიტომ უნდა გვახსოვდეს: ჩვენ ვქმნით ჩვენს ბედნიერებას, ნებისმიერი სხვა ადამიანის ჩარევის გარეშე.

ზურა: უკვე 39 წლის ვარ და დღემდე ვერ ვაპატიე თავს, რომ საყვარელი ქალი ცოლად არ მოვიყვანე. რვა წლის წინ გავიცანი და მთელი ხუთი წელი ერთად ბედნიერები ვიყავით.

– ერთად ცხოვრობდით?

– ფაქტობრივად, კი. ის ქმარს გაცილებული იყო და შვილიც ჰყავდა. მშვენივრად ავაწყვეთ ურთიერთობა. მიყვარდა, მაგრამ მამაკაცის ბუნება ხომ იცით. სულ იმას ვფიქრობდი – ამან რომ გაიგოს, როგორ მიყვარს, მერე პრეტენზიები გაუჩნდება, მოსვენებას დავკარგავ, ტვინს შემიჭამს, ამიტომ ჯობია, არ გავართულო საქმე-მეთქი. არც სიყვარული ამიხსნია და არც არაფერს დავპირებივარ. სიმართლე გითხრათ, მოთხოვნები არც მას ჰქონია. ერთად ვიყავით და ეს ორივეს მოგვწონდა. თავს მშვენივრად ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ მას ძალიან ვუყვარდი და ჩემი ერთგულიც იყო. მარტო ვცხოვრობ და თუ საშუალება ჰქონდა, 2-3 დღეც კი რჩებოდა ჩემთან და როცა მიდიოდა, გული მწყდებოდა, მაგრამ არც ამას ვეუბნებოდი ხმამაღლა. თავი ისე მეჭირა, თითქოს ჩემთვის სულერთი იყო.

– როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი მხრიდან კარგი საქციელი იყო?

– არა და ახლა ვაღიარებ ამას. იმასაც ვგრძნოდი, რომ ამის გამო გული სწყდებოდა. ხშირად წამოიწყებდა ლაპარაკს ისეთ თემაზე, რაც მიმანიშნებდა, რომ სწორად არ ვიქცეოდი. ანუ მეკითხებოდა – მიყვარდა თუ არა, მენატრებოდა თუ არა, მის გარეშე გაძლება მიჭირდა თუ არა? მე „სასხვათაშორისო“ პასუხებს ვცემდი და საუბარი სხვა თემაზე გადამქონდა. მე ცოლი არასოდეს მყოლია, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი ოჯახის შექმნაზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი მიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი, კარგ ცოლობასაც გამიწევდა, მის ცოლად მოყვანას მაინც არ ვაპირებდი.

– რატომ, მიზეზი რა იყო? სიყვარული ხომ მთავარია ურთიერთობაში?

– ახლა უკვე ვიცი ეს, მაგრამ... ჯერ ერთი, შვილიან ქალზე დაქორწინება არ მინდოდა, ჩემი მშობლები სამუდამოდ მომიძულებდნენ ამის გამო. ახლა კი ძალიან ვნანობ, რომ საყვარელ ქალზე მხოლოდ იმიტომ არ ვიქორწინე, მეშინოდა, ხალხი რას იტყოდა. სიმართლეს გეტყვით – იმ პერიოდში, სანამ ერთად ვიყავით, რამდენიმე გოგოზე ვთქვი უარი. მერჩივნა, მთლად უცოლოდ დავრჩენილიყავი, ვიდრე ამ ქალს შევლეოდი. მასთან განშორება მიმძიმდა. ვიცი, ამას რომ წაიკითხავენ, უამრავი ქალი გამკიცხავს, უგუნურს, შტერსა და უნამუსოს მიწოდებს, მაგრამ აღიარება ხომ ამსუბუქებს დანაშაულს და ყველას ვთხოვ, მომიტევოს. მერე ერთი გოგო გავიცანი, რომელიც ძალიან მომეწონა. ავწონ-დავწონე და მომეჩვენა, რომ სავსებით შესაფერისი კანდიდატურა იყო. აქეთ მშობლები მიწყალებდნენ გულს, ცოლი მოიყვანეო და იქით – მეგობრები. სურვილი მეც მქონდა. შეხვედრები დავიწყეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი შეყვარებული რაღაცას მიხვდა (ქალები ხომ ინტუიციით ხვდებიან მამაკაცის ჩანაფიქრს) და ცოტა ხანში არასასიამოვნო სიურპრიზიც მომიწყო. ერთ საღამოს ჩვეულებრივად დავურეკე, უნდა მეთქვა, ჩემთან მოდი-მეთქი, მაგრამ არ დამაცადა, თვითონ დამასწრო, – აღარ დამირეკო, შენს ზარს ველოდი, რომ ეს მეთქვა: ახლა გავთიშავ ტელეფონს თუ არა, სხვა ნომერს ჩავრთავ და არასოდეს მომძებნოო. ჩემი პასუხისთვის აღარ დაუცდია, ტელეფონი გამორთო. რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მაგრამ ის ნომერი აღარ ჩაურთავს. მერე ამბის გასაგებად მის დაქალს დავურეკე და შოკში ჩავვარდი, როცა მითხრა, თხოვდებაო. საშინლად გავბრაზდი, ჯერ დავაპირე, სასწრაფოდ მომეძებნა და მეთქვა, როგორ მიყვარდა, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ სხვა მამაკაცს არ გაჰყოლოდა, თუმცა ჩემმა ავადმყოფურმა თავმოყვარეობამ მძლია, ისევ მშობლებსა და ახლობლებზე დავიწყე ფიქრი და... არაფერი მოვიმოქმედე. ჰოდა, გათხოვდა. სამ თვეში მეც დავქორწინდი და ზუსტად 1 წლის თავზე გავცილდით. მადლობა ღმერთს, შვილი არ გვყავს და ჩემი სისულელით არავინ იტანჯება. ამ ამბიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა. გული მტკივა, ერთხელ მაინც რატომ არ ვუთხარი, როგორ მიყვარდა. იქნებ დღეს ბედნიერები ვყოფილიყავით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...