გულახდილი საუბრები

რა აკლიათ ქალებს ქორწინებაში და რატომ ვერ ხვდებიან ამას ქმრები

№1

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.01

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ოჯახურ ურთიერთობაში ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც შეყვარებულობის პერიოდში ან ქორწინების პირველ დღეებში. უამრავი საზრუნავი და პასუხისმგებლობა იჩენს თავს, რაც ცოლსაც და ქმარსაც თანაბარ ტვირთად აწვება. როგორ უნდა მოიქცეს წყვილი, რომ მათი ურთიერთობა მოსაწყენი და ერთფეროვანი არ გახდეს? მთავარი დეფიციტი, რასაც ქალები უჩივიან, ყურადღების ნაკლებობაა. მათ ქმრებისგან ელემენტარული სითბოც კი აკლიათ, რაც დროთა განმავლობაში სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

თაკო (37 წლის): მინდა, ჩემი დარდი გაგიზიაროთ. გული მტკივა და ვერავის ვეუბნები. რვა წელია, გათხოვილი ვარ. ჩემს ქმარს უგონოდ ვუყვარდი და ამით უბედნიერესი ვიყავი. მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან არ გამიმართლა ცხოვრებაში.

– აღარ უყვარხართ?

– რომ ვკითხო, მეტყვის, მიყვარხარო, მაგრამ მე ამას ვეღარ ვგრძნობ. თქვენ ხომ არ ფიქრობთ, სიყვარულის დასამტკიცებლად რამე განსაკუთრებულს ვითხოვდი. ელემენტარული მინდოდა მისგან. დღე ხომ ტელევიზორს იყო მიჯაჭვული, ღამით ტელევიზორთან, ტახტზე ჩაეძინებოდა ხოლმე, მაგრამ დასაწოლად მაინც არ დგებოდა.

– იქნებ სამსახურში იღლებოდა.

– მოგიყვებით ყველაფერს. რა ღლიდა, მერე თქვენ მითხარით. რომ გავთხოვდი, ორივე ვმუშაობდით. გაიარა ორმა ბედნიერმა წელმა, მერე ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და სამსახურიდან გაგვათავისუფლეს. დანაზოგით ვახერხებდით თავის გატანას. იმის იმედიც რომ დავკარგეთ, ფულს ვინმე გვასესხებდა, პროფესიის მიხედვით აღარ ვეძებდით სამსახურს. მე მაღაზიაში ვიშოვე კონსულტანტ-გამყიდველის ადგილი, ჩემი ქმარი მშენებლობაზე მოეწყო, მაგრამ ერთ თვეში აღმოაჩინა, რომ ფიზიკური შრომა არ შეეძლო. საღამოს სამსახურიდან შინ წამოსვლის წინ დამირეკავდა – სიგარეტი და ლუდი წამომიღეო. გული მიგრძნობდა, ჩვენს ქორწინებას დიდი დღე არ ეწერა. ყოველ საღამოს ამბობდა: ამ ერთ თვეში თუ არაფერი გამოჩნდა, სადმე წავალ ევროპაში და იქ ვიმუშავებო. გადიოდა დრო. ის კი სახლში იჯდა და ელოდა... ადრე შინ დაბრუნებულს ჩაის მაინც მიდუღებდა, მერე ესეც დაივიწყა, ბაღიდან ბავშვის მოყვანაზეც აღარ იწუხებდა თავს – რად გვინდა ბაღი. დედაჩემი მარტოა და ბავშვი მასთან დარჩეს. ის მოგეხმარებაო. მხარზე მივეყრდნობოდი ხოლმე, რომ მომფერებოდა მაინც, მაგრამ ის ტელევიზორს ვერ სწყდებოდა.

– ამიტომ ჩაიქნიეთ ხელი და მისი მხრიდან დეფიციტის შევსება სხვისგან სცადეთ?

– ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ერთ დღეს მაღაზიაში ახალგაზრდა, სანდომიანი კაცი შემოვიდა, ტანსაცმელი შემარჩევინეთო. მივეხმარე. თქვენ, ალბათ, ძალიან მზრუნველი ცოლი იქნებითო და მარჯვენა ხელზე ბეჭედს შეხედა. გამეღიმა. ფული გადაიხადა და წავიდა. მეორე საღამოსაც მოვიდა. ერთი კვირა დადიოდა... ფაქტობრივად, გაზიდა ყველაფერი. ერთხელ მაღაზიის დაკეტვისას მოვიდა. ბოდიში მოვუხადე, იქნებ ხვალ გამოიაროთ-მეთქი. პირიქით, ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, სად მიდიხართ, წაგიყვანთო. ყოველ საღამოს შეხვედრებმა, სითბომ, ქათინაურებმა ისეთი განცდა შემიქმნა, თითქოს იმ კაცს დაბადებიდან ვიცნობდი. ჩავჯექი მანქანაში. მასთან ყოფნა მსიამოვნებდა, მისი ყურადღება მაცოცხლებდა. ერთ დღესაც შინ გვიან მივედი. ჩემს ქმარს ეს არც შეუნიშნავს, ფეხბურთს უყურებდა. რომ დაწვა, მივეხუტე. ხელით გამწია, გადაბრუნდა და დაიძინა. ავტირდი. ეს ბოლო წვეთი იყო... ის კაცი მეორე საღამოსაც მოვიდა მაღაზიაში, დამელოდა, ერთად წამოვედით, კაფეში დამპატიჟა. შრომითა და უსიყვარულობით დაქანცულს ძალიან მინდოდა სითბო, რომელსაც ჩემი ქმრისგან ვერ ვიღებდი და საყვარლები გავხდით. ერთ დღეს კი ქმარს გამოვუცხადე, აღარ მინდა შენთან ცხოვრება, მომბეზრდა შენი რჩენა-მეთქი. შენ მე მარჩენო? – ცინიკურად მკითხა. ვუთხარი: დედაშენთან დაბრუნდი. შეგახსენებ, რომ ეს ჩემი მშობლების ნაჩუქარი ბინაა-მეთქი. სულ გაგიჟდა, ჩაიცვა და გაიქცა... იმ საღამოსვე ჩემი ფულით შეძენილი ტანსაცმელი და სხვა ნივთები ჩავულაგე ჩანთაში, ზედ წერილი დავაკარი: შინ აღარ დამხვდე-მეთქი. საღამოს სამსახურში მომაკითხა და მითხრა: შენი წერილი და ჩანთა ვნახე, არსად მივდივარ, უნდა გავარკვიოთ, რა ხდებაო. ყელში ამომასხა ყველაფერმა, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა და ვთხოვე, შინ წადი, მოვალ და ვილაპარაკოთ-მეთქი. მართლაც, ვუთხარი, როგორი არარაობაც იყო, ჩემი შრომით მშვენივრად რომ ცხოვრობდა და მოახლესავით მექცეოდა. დიახ, სხვა მყავს, რადგან შენ ჩემთვის არ გეცალა, შენთვის მხოლოდ ფული ვიყავი-მეთქი. უგულო მეძახა, მაგინა, მლანძღა, ჩანთა აიღო და წავიდა. გავცილდით... ორ თვეში მუშაობა დაიწყო. გამიხარდა, რომ მათხოვარი არ იქნებოდა, მაგრამ თან, მეწყინა, რადგან თურმე, მე ვეკიდე ფეხებზე, ჩემს ზურგზე მოკალათებული მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა. როგორც კი გავაგდე, გონს მოეგო.

– ახალი ურთიერთობის კმაყოფილი ხართ?

– ერთად ძალიან კარგად ვართ. ცოლს გაცილებულია, ერთი შვილი ჰყავს. მთხოვა, დავქორწინდეთო. უარი ვუთხარი – მივეჩვიე მარტო ყოფნას, მარტო შრომას. გული იმაზე მტკივა, რომ ჩემი დედამთილი ყველას უყვება: ჩემს შვილს კარგა ხანს აჯდა თავზე, ამანაც ვეღარ აიტანა და მიატოვაო. რას მერჩის? როგორ შეიძლება, ასეთი დაუნახავი იყო ადამიანი?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული