პირველმა ქმარმა სიყვარულით შექმნილი მეორე ოჯახი დამინგრია
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.09
ფაქტია, სიყვარულში ბედი არ მწყალობს. ორჯერ ვიყავი გათხოვილი და დღეს, ისევ მარტო ვარ. პირველად რომ შემიყვარდა, დაქალები დამცინოდნენ:
დონე გოგო ხარ და ამ ბიჭში რა იპოვე, რით მოგაწონა თავი, თვალები სად გქონდაო. არავის დავუჯერე და გაცნობიდან მალევე გავყევი ცოლად. სიგიჟემდე მიყვარდა, ასე მეგონა, ის თუ ჩემ გვერდით არ იყო, ვერ ვსუნთქავდი. მასაც ვუყვარდი, თუმცა ავადმყოფურად ეჭვიანი იყო. არსად მიშვებდა მარტოს და სულ ეჩვენებოდა, თითქოს ბიჭები დაჟინებით მიყურებდნენ და ჩემთან სიახლოვეს ცდილობდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსწონდა, როცა კარგად გამოვიყურებოდი და თავად ყიდულობდა ჩემთვის საკმაოდ თამამ ტანსაცმელს. გათხოვებიდან ექვსი თვის მერე, ატყდა, გინდა თუ არა უცხოეთში უნდა წავიდე, ფულს დავაგროვებ, შენც წაგიყვან და იქ ავიწყოთ ცხოვრებაო. მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ არ დაუჯერა და არალეგალურად წავიდა. კარგა ხანს სამსახური ვერ იშოვა, დეპრესიაში ჩავარდა, გვირეკავდა, ფულის გაგზავნას ითხოვდა. ჩემი მამამთილი ჯერ უგზავნიდა, მერე კი ცოლთან კამათი მოუვიდა: როდემდე ვუგზავნო, ჩამობრძანდეს და აქ ვარჩენ, ისედაც არაფერს ვაკლებდი, ცოლიც დატოვა, გაიხურა კარი და ვის იმედად ზის იქო. რამდენიმეჯერ, დედამთილმა გააგზავნა ფული, მაგრამ მერე, მანაც შეუწყვიტა. იფიქრა: იქნებ, რომ აღარ გავუგზავნოთ, ჩამოვიდესო. მე კი, ველოდებოდი და როგორც ვხვდებოდი, არც ჩამოდიოდა და ვერც ჩემს წაყვანას ახერხებდა. მთელი წელიწად-ნახევარი ისე გავიდა, კაპიკი არ გამოუგზავნია, თვითონაც სხვის კისერზე ცხოვრობდა, ვერც მუდმივი სამსახური იშოვა და დღიურად სადმე თუ გამოჩნდებოდა და წაიმუშავებდა, საჭმელში ხარჯავდა. ერთი სიტყვით, ბოლოს რომ დამირეკა და მკაცრად ვესაუბრე, იქით მიყვირა, თითქოს ჩემთვის იყო წასული, ჩემი უკეთესი მომავლისთვის და მე ვერ ვაფასებდი. თან, იქიდან მაკონტროლებდა, ეჭვიანობდა, სიცოცხლეს მიმწარებდა. მივხვდი, ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა. დედამთილ-მამამთილს დაველაპარაკე და ჩემებთან წავედი. არასოდეს დამავიწყდება დედამთილის სიტყვები: შვილო, კარგი გოგო ხარ, მიჭირს შენი ამ სახლიდან წასვლა, მაგრამ მეც ვხვდები, რომ ჩემი შვილი არასწორად გექცევა და როგორ გითხრა, არ წახვიდეო. მამამთილს კი ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე. სხვათა შორის, ქმართან გაშორებიდან, დიდხანს მქონდა მათთან კონტაქტი და დღემდე მიმაჩნია, რომ საუკეთესო ადამიანები არიან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ყოფილი ქმარი, უცხოეთში ციხეში მოხვდა. როგორც მითხრეს, მაღაზიიდან ტანსაცმელი მოიპარა და დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლიდან წამოსული ვიყავი და აღარც ქმრად ვთვლიდი, მაინც განვიცადე. გავიდა წლები და შევხვდი ძალიან კარგ ბიჭს. ჩემზე ორი წლით უმცროსი იყო და ამის გამო, დიდხანს ვიკავებდი თავს, მასთან სასიყვარულო რომანი გამება, თუმცა, სიყვარულმა თავისი გაიტანა. ვხვდებოდით ერთმანეთს, ინტიმური ურთიერთობაც გვქონდა და ბოლოს, ცოლობა მთხოვა. ბევრი არ მიფიქრია, რადგან კარგად ვიცნობდი, ზუსტად ვიცოდი, მაფასებდა, ვუყვარდი და ის ადამიანი იყო, ვინც გამაბედნიერებდა. როცა დავმშვიდდი და მეგონა, ცხოვრებამ უკარგესი მეორე ნახევრით დამაჯილდოვა, გათხოვებიდან ოთხ თვეში ჩემი ყოფილი ქმარი გამოჩნდა. მომძებნა, დაიწყო თვალთვალი, ყველგან მხვდებოდა, მაიძულებდა მიმეტოვებინა ქმარი და მას გავყოლოდი. მავიწროებდა და ბოლოს, იძულებული გამხადა პოლიციაში დამეწერა განცხადება. მეორე ქმარი, ამის გამო ნერვიულობდა, ეშინოდა, რაიმე არ დაეშავებინა ჩემთვის, ცდილობდა, როგორმე აეხსნა მისთვის, რომ მე ის ავირჩიე და მასთან არ დავბრუნდებოდი, მაგრამ ამაოდ. მოკვლით ემუქრებოდა. ურეკავდა, დედას აგინებდა, ვიღაც ბიჭებს სადარბაზოსთან ახვედრებდა და აშინებდა. ერთი სიტყვით, თანდათან ქმართან სიტუაცია დამეძაბა, იმატა კამათმა და ჩხუბმა და საბოლოო ჯამში, დავშორდით. პირველ ქმარს რომ აღარ დავუბრუნდებოდი, ცხადი იყო, მაგრამ მეორემაც საკმაოდ მატკინა გული. დღეს კიდევ უფრო მჯერა, რომ დაბადების მომენტში ბედი არ დამყვა და სიყვარულში არასოდეს გამიმართლებს. ისე გამამწარა ორივე ქმარმა, კაცისკენ გახედვაც არ მინდა, გათხოვებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
რუსკა, 37 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან